ოპტელ მამათა კრება - 11 (24) ოქტომბერი
ოპტელ მამათა კრება - 11 (24) ოქტომბერი
11 (24) ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ოპტელ მამათა კრებულს: ღირს ლევს (1841 წ.), მაკარის (1860 წ.), მოსეს (1862 წ.), ანტონის (1865 წ.), ილარიონს (1873 წ.), ამბროსის (1891 წ.), ანატოლის (1894 წ.), ისააკს (1894 წ.), იოსებს (1911 წ.), ბარსანოფის (1913 წ.), ანატოლის (1922), ნექტარიოსს (1928 წ.), ნიკონ აღმსარებელს (1931 წ.), ისააკ მღვდელმოწამეს (1938 წ.).

ოპტის მონასტერი მდებარეობს რუსეთში, კალუგის გუბერნიაში, ქალაქ კოზელსკის სიახლოვეს, მდინარე ჟიზდრას მარჯვენა ნაპირზე.

იგი შუა საუკუნეებში დაარსდა. მისი აღორძინება 1795 წელს იწყება, როცა მიტროპოლიტმა ანტონმა იქ სამი მოხუცი მონაზონი ნახა და მონასტერზე ზრუნვა არქიმანდრიტ მაკარის დაავალა. მან ეს საქმე თავის მებაღეს, მამა აბრაამს და თავის თორმეტ მონაზონს მიანდო, რომლებიც პეშნოშის სავანიდან გამოგზავნა.

შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენა ოპტის მონასტერში გახლდათ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის სკიტის აგება. ეს საქმე კი კალუგის, შემდგომში კიევის მიტროპოლიტმა ფილარეტმა როსლავის ტყეებში მოღვაწე მამებს - ღირს მოსეს და ღირს ანტონს (პუტილოვები) დაავალა. ორივე მამა, ისევე როგორც მამა მაკარი, დიდი მამის, პაისი ველიჩკოვსკის მოწაფეები იყვნენ. ოპტის უდაბნოს სულიერი წარმატება არქიმანდრიტ მოსეს უკავშირდება, რომელიც 37 წელი მართავდა სავანეს.

სიკვდილის წინ წმინდა ამბროსი ოპტელს სულიერმა შვილებმა ჰკითხეს: უშენოდ რა ვქნათო. უპასუხა: "თქვენ ხედავდით, როგორ ვცხოვრობდი. თუ გინდათ ასეთ ცხოვრებას მიბაძოთ, დაიცავით ღვთის მცნებები და ღმერთი მადლს არ მოგაკლებთ. ჩვენც ასევე ვწუხდით, როცა უფალთან მიდიოდნენ ჩვენი მამები, მაგრამ ვიცავდით ღვთის მცნებებს და მამათა დარიგებებს და ისე ვცხოვრობდით, თითქოს ისინი ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ. თქვენც ასე იცხოვრეთ და გადარჩებით".

ერთხელ, ღირსმა ნექტარიოს ოპტელმა მწერალ სერგეი ნილუსს ჰკითხა:

- თუ ცნობილია თქვენთვის, ქვეყნის შესაქმიდან მოყოლებული, დღევანდლამდე რამდენი ჭეშმარიტი კინოვია (საერთო საცხოვრებელი) არსებობდა? ნუ იწვალებთ, გეტყვით: სამი.

- რომლები?

- პირველად სამოთხე, მეორედ - მოციქულთა დროის ქრისტიანული თემები... ხოლო მესამე - ჩვენი დიდი მამების დროინდელი ოპტა.

- ნოეს კიდობანი რაღა იყო? - შეეწინააღმდეგა ნილუსი.

- აბა, ეს რა კინოვია იყო? ასი წელი ეძახდა ნოე ხალხს და მარტო ცხოველები მივიდნენ.

ღირს მაკარი ოპტელს ძალზე უყვარდა ყვავილები და თავისი კელიის გარშემო რგავდა. მას მალე ბევრი მიმბაძველი გაუჩნდა. თვითონ მამებიც, ვითარცა სამოთხის ყვავილნი, კეთილსურნელებდნენ თავიანთი სიწმინდით.

ოპტელი ბერების ლოცვა

უფალო, მომეც მე ძალა, რაჲთა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღეჲ ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა. ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თვითოეულსა ჟამსა დღისასა. რაჲცა რა ამბავი მესმას დღესა ამას, მასწავე მიღებად მისსა სულითა სიმშვიდისათა, რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმიდითა ქმნილ არს. შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცებისა საქმის მოწევნისასა. ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრება ჩემდათანა ყოვლისა სახლობისაითა, არა წყინებად და არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისაი და ყოვლისა შემთხვევისაი განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაჲ, სასოებაჲ, რწმენაჲ, სიყვარული, მოთმინებაჲ და მიტევებაჲ, ამინ.
...............................
მღვდელმოწამენი: იუბენალი (მასლოვსკი +1937), რიაზანის და შაცკის მთავარეპისკოპოსი; ალექსანდრე გრივსკი (+1918), მღვდელი; ფილარეტ ველიკანოვი (+1918), მღვდელი
მათ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1