წმინდა სტეფანე ბრმა, სერბი მთავარი (ბრანკოვიჩი, +1417-1476) - 09 (22) ოქტომბერი
წმინდა სტეფანე ბრმა, სერბი მთავარი (ბრანკოვიჩი, +1417-1476) - 09 (22) ოქტომბერი
სერბთა უდიდესი წმინდანის, მეფე ლაზარეს (ხსენება 15 ივნისს) შთამომავალი, წმინდა სტეფანე ბრანკოვიჩი, დაახლოებით 1417 წელს დაიბადა.

ის და მისი ძმა, გრიგოლი, სულთანმა მურად მეორემ მძევლად აიყვანა და 1441 წლის ბრწყინვალე აღდგომას ჯერ თვალები დასთხარა, შემდეგ კი ანატოლიას გადაასახლა.

მამისა და ძმის, გრიგოლის გარდაცვალების შემდგომ, სტეფანე გარკვეული ხნის მანძილზე (1458-1459 წლები) მართავდა სერბეთს, თუმცა, შეთქმულთა ხელით ძალაუფლება დაკარგა.

ალბანეთში, გადასახლებისას, ელბასანის მმართველის ასულს, წმინდა ანგელინას შეხვდა და 1461 წელს ცოლად შეირთო.

ღმერთმა მათ სამი შვილი აჩუქა.

როდესაც თურქებმა ალბანეთის მთავრის, გიორგი სკანდერბეგის არმიას სძლიეს, სტეფანემ და მისმა ახლობლებმა თავი იტალიას, ტრიესტას მთის სიახლოვეს შეაფარეს.

კათოლიკეთა ზეწოლის მიუხედავად, წმინდა მთავარმა მართლმადიდებლობას არ უღალატა და დევნას და ყოველ დამცირებას იობის მოთმინება შეაგება, 9 ოქტომბერს კი - წუთისოფლიდან განვიდა.

გარკვეული ხნის შემდგომ მის სამარეს ზეციური ნათელი დაადგა და როდესაც გახსნეს, სტეფანეს წმინდა ნაწილნი უხრწნელად დახვდათ, ხოლო ვინც შეეხო, კურნება წარიღო.

მოგვიანებით ეს სიწმინდე მისი მეუღლის, წმინდა ანგელინას მიერ დაარსებულ კრუშედოლის მონასტერში გადააბრძანეს, 1716 წლის 13 აგვისტოს კი იქაურობა თურქებმა დაარბიეს, ტაძარი - ცეცხლს მისცეს, წმინდა სტეფანეს წმინდა ნაწილნი კი - ნაწილ-ნაწილ დაჩეხეს.

სამწუხაროდ, ამ სიწმინდიდან დღეს ოდენ მცირე ნაწილი შემოგვრჩა.

* * *
ხსენება მღვდელმოწამეთა: კონსტანტინე სუხოვისა და პეტრე ვიატკინისა, პრესვიტერთა (+1918) და კონსტანტინე აქსიონოვისა, პრესვიტერისა (+1937)

ბეჭდვა
1კ1