ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველმოქმედი (+1763) - 07 (20) ოქტომბერი
ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველმოქმედი (+1763) - 07 (20) ოქტომბერი
წმინდა იოსებ ხუცესის (+1763 წელი) შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად.

მოხევეები - "კაცნი მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი" - ყოველთვის გამოირჩეოდნენ სარწმუნოებრივი შემართებით, იქაური ეკლესია-მონასტრები გვაცვიფრებს თავიანთი სილამაზითა და მოუწვდომლობით. იქ თითქოს საგანგებოდ აშენებდნენ ეკლესიებს ისეთ ადგილებში, სადაც მისვლაც კი უკვე აღმსარებლობას უტოლდებოდა.

ხევის მშვენებასა და სიმბოლოს წარმოადგენს "მარადის ყინულით შევერცხლილი" მყინვარი, რომლის კალთებზე არის აშენებული სამების მონასტერი, "შუენიერ ნაშენი შუენიერს ადგილას", სადაც ერთ დროს წმინდა ნინოს ჯვარი ინახებოდა.

მყინვარზე, ყინულებში, კაცთაგან მიუვალ ადგილას, გამოკვეთილი ყოფილა გამოქვაბული, რომელსაც ბეთლემს უწოდებდნენ. გამოქვებულში შესვლა მხოლოდ იქიდან ჩამოშვებუ¬ლი ჯაჭვის საშუალებით შეიძლებოდა.

"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, იქ მრავალი საკვირველება ინახებოდა: "იტყუინ უფლისა აკვანსა მუნ და აბრაამის კარავსა მდგომსა უსუეტოდ, უსაბლოდ და სხვათა საკვირველთა".

იოანე ბატონიშვილი თავის ენციკლოპედიურ თხზულება "კალმასობაში" ("ხუმარსწავლა" 1813-1830 წლები) წერს:

"იოსებ მოხევე, მღვდელი, ესე იყო ფრიად სიწმინდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღვთისათა აღვიდა მყინვარის მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა, და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამისა მამამთავრისა, რომელ ჯერეთსცა არვინ აღსრულ არს მთასა მას, და მოართო მეფისა ირაკლის ნაჭერი კარავისა მის.

და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთმოქმედებისასა და ეს¬რეთ უფლისად დაიძინა".

ღირსი იოსებ ხუცესი აღესრულა 1763 წელს.

* * *
აქვე გვინდა ვახსენოთ სხვა მამა იოსებ მოხევე, რომლის შესახებაც მოგვითხრობს მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) თავის ფეისბუკის გვერდზე: "18 ოქტომბერს, მისი უწმინდესობის კურთხევით, თრუსოში (ყაზბეგის რაიონი) გაიხსნა მამა იოსებ მოხევის საფლავი, რომელიც XIX საუკუნეში აწამეს.

მისი სხეული და გული უხრწნელი აღმოჩნდა. მამა იოსების სხეული იქვე მშენებარე მონასტერში გადავასვენეთ.

სიშავე გოგირდის წყლებით არის გამოწვეული. მიტოვებულ სოფელს აბანო ჰქვია. სახეზე ორი ნაჭრილობევი აქვს: თვალზე - ხიშტით - და პირის არეში - ტყვიით. აწამეს წირვის დროს და ტაძარი ააფეთქეს.

დანამდვილებით არ ვიცით, ვინ აწამა, ახლა ვიკვლევთ. გადმოცემით, ოსებმა აწამეს (ჩრდილოკავკასიელი ოსების ნაწილი მუსლიმანები იყვნენ, ხოლო სამხრეთელი ოსები - ქრისტიანები), მამა იოსები თრუსოს ხეობის გაოსებას ეწინააღმდეგებოდა.

ტაძარი რუსებმა ააფეთქეს. დასაფლავებული იყო დანგრეული ტაძრის ზღურბლთან. შემოსილი იყო ბერის მანტიაში, ხელთ ეპყრა ტრაპეზის ჯვარი.

ტროპარი:

ვარსკულავად ბრწყინვალედ აღმოხედ თხემსა ზედა მთისასა და სოფელი განანათლე საკვირველებათა მიერ და უცხოთა მოქალაქობითა შენითა შეერთე ბანაკსა უხორცოთასა, მამაო წმიდაო იოსებ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:

ქუეყანაი ვნებათაი დაუტევე და შორის ქართა და ყინულთა ადიდებდ ბეთლემს შინა შობილსა უფალსა, რომელი იხილა ბაგასა სულისა შენისასა და ანგელოზთა თანა ღაღადებდ: დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა.

* * *
ხსენება ღირსისა სერგისა, მორჩილისა, პეჩორელისა, ახლო მღვიმელისა (დაახლ. XII)

* * *
ხსენება ღირსისა მამისა სერგისა, ნურომელისა (ვოლოგოდსკელისა, XIV)

* * *
ხსენება მარტინიანე ბელოზერელისა (იხსენიება 12 იანვარსაც)

* * *
ხსენება მღვდელმოწამისა ნიკოლოზისა, ყაზანელისა, პრესვიტერისა (+1942)

* * *
ხსენება წმინდისა მამისა იოანესი, მანჟურიის ეპისკოპოსისა (XIX)

ბეჭდვა
1კ1