წმინდა მოწამენი: დავაქტი (ადავაქტა) და ასული მისი კალისთენია (IV) -04 (17) ოქტომბერი
წმინდა მოწამენი: დავაქტი (ადავაქტა) და ასული მისი კალისთენია (IV) -04 (17) ოქტომბერი
წმინდა მამა დავიქტი (ავდაქტი) წარმოშობით ეფესოდან იყო და მაქსიმიანე დაიოსის (311-313 წლები) იმპერატორობისას ცხოვრობდა.

მაქსიმიანემ, რომელიც უდიდეს პატივს მიაგებდა დავიქტის სიბრძნეს, არ უწყოდა რა, რომ ქრისტიანი იყო, ქალაქის პრეფექტად დაადგინა.

მოგვიანებით მისი ასულის, კალისთენიას საკვირველი მშვენიერების ამბავიც მისწვდა და ბრძანა, ქალწული სასახლეში ხლებოდა.

დავიქტს კი ამას სიკვდილი ერჩია, ამიტომ ქალიშვილი აღმოსავლეთში გააპარა.

როგორც კი იმპერატორს ქალიშვილის გაქრობის და დავიქტის ქრისტიანობის ამბავი მოახსენეს, ნეტარს მაშინვე წაართვა, რაც ებადა და მელიტინს გადაასახლა.

მაქსიმიანემ იმ ქალაქის მმართველსაც უბრძანა, დავიქტისთვის "ჭკუა ესწავლებინა" და ნებისმიერ ფასად გაეწარმართებინა, თუმცა, რომ ვერას გახდა, თავი წარკვეთა.

კალისთენია კი, მტარვალ იმპერატორს რომ გაქცეოდა, მამაკაცურად შეიმოსა და თავი ნიკომიდიას შეაფარა, სადაც საექიმო საქმეს მიჰყო ხელი.

მამის გარდაცვალებიდან მერვე წელს ერთი თვალმტკივანი, მძიმედ სნეული გოგონა განკურნა, მისმა მშობლებმა კი, რომელთაც კალისთენია მამაკაცი ეგონათ, მადლობის ნიშნად ცოლად ქალიშვილი შესთავაზეს, რის შემდეგაც ნეტარი იძულებული შეიქნა, სიმართლე გაემხილა.

მაქსიმიანეს გარდაცვალების შემდგომ ლიცინიუსი გაიმპერატორდა, რომლის მეუღლე - კონსტანცია კონსტანტინე დიდის და გახლდათ და ქრისტეს ესავდა.

კალისთენია დედოფალს წარუდგა და თავისი ამბავი გაუმხილა. დედოფალმა ფრიად განიხარა, კალისთენია თავისი ძის აღმზრდელად დაადგინა, ქონება დაუბრუნა და ნება მისცა, მამის ნეშტი ეფესოში გადაესვენებინა.

ნეტარმა დედამ, მამის პატივად, იქ ტაძარი ააგო და დარჩენილი სიცოცხლე მოციქულებრივ ღვაწლში განლია.

ბეჭდვა
1კ1