ნეტარი ისიქიოს ქორებელი (IV) - 03 (16) ოქტომბერი
ნეტარი ისიქიოს ქორებელი (IV) - 03 (16) ოქტომბერი
ნეტარი ისიქიოსი სინაის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს მონასტრის სიახლოვეს, ქორების მთაზე განდეგილობდა და საკუთარ სულზე დიდად არ ზრუნავდა, მაგრამ ერთხელ ისე დასნეულდა, სიკვდილის პირას მივიდა (ძველი გადმოცემის მოწმობით, - მიიცვალა და, ღვთის საკვირველი განგებულებით, ერთ საათში, მკვდრეთით აღდგა), რის შემდეგაც სრულიად შეიცვალა, სენაკის შესასვლელი ქვებით ამოქოლა და თორმეტი წელი სრულ მარტოობაში, ლოცვასა და სინანულში განლია.

მისი საზრდელი ოდენ მცირედი პური და წყალი იყო, უძილო ლოცვას მიცემული განთიადიდან ვიდრე დაისამდე სინანულის ცრემლს ღვრიდა და ამგვარად გამოისყიდდა საკუთარ უდებებას.

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მამებმა მისი სენაკის ამოქოლილი კარი გახსნეს, შევიდნენ და ნეტარ მამას შეევედრნენ, გაემხილა, თუ რა იხილა მრავალი წლის წინ სიკვდილის პირას მყოფმა.

წმინდა მამამ კი მხოლოდ ეს აღმოთქვა:

- შემინდეთ, ვინაც სიკვდილის ხსოვნა მოიხვეჭა, აღარასოდეს შესცოდავს!

წმინდა ისიქიოსი დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის სავანის მახლობელ სასაფლაოზე დაკრძალეს. გარკვეული ხნის შემდგომ ძმებმა სამარე გათხარეს, თუმცა, ისიხის სხეული ვერ პოვეს.

წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა საკუთარი თვალით იხილა ყოველივე და აღწერა კიდეც თავის "კიბეში".

ბეჭდვა
1კ1