ღირსი მამა ბავონ გენტელი (VII) - 01 (14 ) ოქტომბერი
ღირსი მამა ბავონ გენტელი (VII) - 01 (14 ) ოქტომბერი
წმინდა ბავონი VII საუკუნეში იღვწოდა. ჩრდილო გალიის ბელგიკის პროვინციაში დაიბადა და წარჩინებულ მშობელთა შვილი იყო.

ახალგაზრდობაში განცხრომას და უწესო ცხოვრებას ეწია და ზნე არც კეთილშობილ და გრაფის ასულზე ქორწინების შემდგომ შეუცვლია.

თუმცა, მეუღლის უდროო გარდაცვალებამ ისე შეძრა ბავონი, ყოველი შეინანა და გენტს (ქალაქი ბელგიაში), წმინდა ამანდოსს (ხსენება 6 თებერვალს) მიაშურა, შემონაზვნდა და სულიერ მამას სამოციქულო მისიისას ფლანდრიაში გაჰყვა. იქ კი იმ სავანეთა სულიერ ცხოვრებას აკვირდებოდა, სადაც ჩერდებოდნენ, რამდენიმე წლის შემდგომ კი ბავონი გენტს დაუბრუნდა და განდეგილის ღვაწლი იტვირთა.

ერთხელ ღირსი მამა ყოფილ მსახურს გადააწყდა, რომელსაც უწინ უსამართლოდ მოექცა, მის წინაშე მუხლებზე დაემხო, შენდობა სთხოვა და უთხრა, - ჯერ კარგად გამწკეპლე, შემდეგ კი - საპყრობილეში წამიყვანეო!

მონასტერში მობრუნებულს თავს ბოროტის უამრავი საცთური დაატყდა, რის გამოც ხორცის დასათრგუნად ფეხებზე მძიმე ჯაჭვები აისხა, ტაძარში მიმავალი კი ზურგზე უმძიმეს ლოდს აიკიდებდა ხოლმე.

გარკვეული ხნის შემდგომ ბავონი გენტის ერთ მახლობელ ტყეს შეეხიზნა, უძილო ლოცვას მიეცა და ოდენ ნედლი მცენარეებით საზრდოობდა.

რომ იპოვეს, დიდებას რომ გაქცეოდა, სხვა ტყეს შეერთო და გაუვალ ადგილას ხის ტოტებითა და გამხმარი თიხით მცირე ქოხმახი აიშენა.

სული მისი ოდენ ზეცად იყო აღპყრობილი, თუმცა, მოკლე ხანში ღვთისმოყვარე ადამიანებმა აქაც მიაგნეს, რის გამოც კვლავ განერიდა განდიდებას და კვლავ გენტს, წმინდა ამანდოსის მიერ დაარსებულ ერთ-ერთ მონასტერს შეაფარა თავი.

რამდენიმე წლის შემდგომ ღირსი მამა საკუთარი ხელით გამოთხრილ სენაკში გადავიდა, რომელიც ისე ვიწრო გახლ¬დათ, კაცი ოდენ მოხრილი თუ მოთავსდებოდა, თუმცა ბავონის სული იქიდანაც უწინდებურად ადიდებდა უფალს და ყოველგვარი არაწმინდებისაგან ლოცვით იზღუდავდა თავს.

ხოლო როცა მისი სამყოფელის გარშემო მისი ლოცვა - კურთხევისა და რჩევისათვის უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, ბავონის თავზე სინათლის სხივოსანი ჯვარი გაბრწყინდა.

სამი წლის შემდგომ ნეტარმა მისი სენაკის სიახლოვეს მოღვაწე მოხუც მღვდელთან წარგზავნა ხალხი და სთხოვა, - ჩემს ამქვეყნიდან განსვლას დაესწარიო.

მისი სულის ზეცად აღსაყვანად უხორცო ძალთა მხედრიონი გარდამოვიდა, მცირე ხნის შემდგომ კი ნეტარმა აღმოთქვა:

- წარვედ, წმინდა ძალნო, რამეთუ თვით ქრისტე გამომეცხადა... აწ კი აღმოდი, სულო ჩემო, რომ შენს მაცხოვარს შეეგებოო და 659 წლის 1 ოქტომბერს მიიცვალა.

მცირე ხანში გარდაცვლილი ბავონი წმინდა ჰერტრუდა ნივალელს (ხსენება 17 მარტს) გამოეცხადა და სთხოვა, მის დასაკრძალად მამებისთვის საჭირო ნივთი გაეგზავნა.

ბეჭდვა
1კ1