ღირსი იოანე კუკუზელი (+1341) - 01 (14 ) ოქტომბერი
ღირსი იოანე კუკუზელი (+1341) - 01 (14 ) ოქტომბერი
ღირსი მამა ილირიის მხარეში, ქალაქ დირახიაში (დღევანდელი დურესი, ალბანეთში) იშვა.

იოანემ მამა ადრე დაკარგა, დედამისს კი არც ღონე დაუზოგავს და არც - სახსრები, ყმაწვილისათვის საუკეთესო განათლება მიეცა.

სწავლის გასრულების შემდგომ იოანემ, რომელსაც ღვთისგან საოცარი ხმა ებოძა, სამეფო კარის მომღერლად გაამწესეს და სულ მალე იმპერატორის დიდი კეთილგანწყობაც დაიმსახურა.

იმპერატორმა მისი დაქორწინება განიზრახა, იოანეს კი მონაზვნობა სწუროდა და მალე მიეცა კიდეც თავისი დიდი ნატვრის აღსრულების საშუალება - სწორედ იმ დროს კონსტანტინოპოლს ათონის წმინდა მთის დიდი ლავრის იღუმენი ჩამობრძანდა, რომლის ხილვამ ისე იმოქმედა ყმაწვილის სულზე, აბრეშუმი უბრალო საბერო კაბაზე გაცვალა, იქაურობას ფარულად განერიდა და მთაწმინდის ათანასეს ლავრას მიადგა.

მოკლე ხანში იქაურმა მამებმა მონაზვნად დაასხეს ხელი, მორჩილებად კი - თხების მწყემსვა განუჩინეს.

იოანეს განმარტოების და ლოცვის და გალობის საშუალება მიეცა, უფალს კი იმგვარი ანგელოზებრივი ხმით უგალობდა, თვით თხებიც კი წყვეტდნენ ბალახის ძოვას და გარშემო ყველაფერი ნეტარებად ირინდებოდა.

ერთ დღეს მის ხმას იმ მიდამოებში მოღვაწე განდეგილმა მოჰკრა ყური და მისი საკვირველი ნიჭით გაოგნებულმა ყოველივე სავანის იღუმენს უამბო.

მაშინ იოანე იძულებული შეიქნა, თავისი ნამდვილი ვინაობა გაემხილა. სწორედ იმპერატორისადმი მისი შუამდგომლობით მისცა იმპერატორმა ნება ყმაწვილს, მთაწმინდაზე დარჩენილიყო, ლავრის სიახლოვეს, მთავარანგელოზთა სენაკში დასახლდა და კვირის ექვს დღეს განმარტოებით ატარებდა.

კვირა დღეს კი ტაძარში გალობდა და უფალს თავისი საკ¬ვირველი ტკბილხმოვანებით განადიდებდა.

ერთხელ, დაუჯდომლის შაბათს, ღვთისმშობლისადმი გალობისას იოანეს თავად დედა ღვთისა გამოეცხადა, ოქროს მონეტა გაუწოდა და უთხრა:

- გიხაროდენ, შვილო ჩემო, იგალობე და არასოდეს განგშორდები! რის შემდეგაც ლოცვად დიდხანს დგომის გამო დაწყლულებული ფერხნი განუმრთელდა. დარჩენილი სიცოცხლე ნეტარმა სინანულს, მარხვასა და მოუკლებელ ლოცვაში განლია. ამქვეყნიდან განსვლის ჟამი ღვთივ ეუწყა, სავანის ძმობა შემოიკრიბა, გამოეთხოვა და სთხოვა, მთავარანგელოზთა სამრეკლოში დაეკრძალათ. ჩვენამდე მისმა მრავალმა საგალობელმა მოაღწია. ღირსი გრიგოლი (XIV) ეს წმინდა მამაც ათონის დიდი ლავრის მგალობელი გახლდათ XIV საუკუნის დასაწყისში, სწორედ წმინდა იოანე კუკუზელის მოღვაწეობის ჟამს. ერთხელ, ღვთის განცხადების წინა დღეს, წირვისას ღვთისმშობელი გამოეცხადა და მადლიერების ნიშნად, მსგავსად ნეტარი იოანე კუკუზელისა, მასაც ოქროს მონეტა გაუწოდა. ღირსმა გრიგოლმა ამქვეყნიური გზა ღვთივსათნოდ განლია, ღვთისმშობლის მიერ ნაბოძები ოქროს მონეტას კი დღემდე ინახავს ათანასეს დიდი ლავრა.

ბეჭდვა
1კ1