ღირსი საბა ნოვგოროდელი (+1033) - 01 (14 ) ოქტომბერი
ღირსი საბა ნოვგოროდელი (+1033) - 01 (14 ) ოქტომბერი
წმინდა საბა XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და კაშინელი ბოიარის, - ივანე ბოროზდინის შვიდი ვაჟიდან მეორე გახლდათ.

ტვერის სათავადოს მონასტრებში სიჭაბუკეშივე იწყო მოღვაწეობა, 1397 წელს კი ათონს მიაშურა, სადაც შვიდი წელიწადი განუწყვეტელ ლოცვაში გალია.

სამშობლოში მობრუნებულმა ღატაკი მწირის ღვაწლი იტვირთა და ასე მოილოცავდა ნოვგოროდის მონასტრებს, ბოლოს კი ერთი უღრანი ტყის პირას დასახლდა და იქ განაგრძო უხორცო შერკინება ბნელეთის ძალებთან.

ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსმა, იოანე მეორემ (1388- 1415 წლები), შეიტყო რა მისი ღვაწლის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობისგან, მასთან კაცი აფრინა, რომ შეეტყო, ვინ იყო ის, ვინაც ეპარქიაში მისი კურთხევის გარეშე დაფუძნდა.

- მეუფეო, თქვენ კი არ გაგირბივართ, ამ უდაბნოში წუთისოფელს განვერიდებით, თქვენი უწმინდესი ლოცვა-კურთხევის მომლოდინენი, - უპასუხა საბამ.


მოკლე ხანში ნეტარმა მდინარე ვიშერთან, ნოვგოროდიდან ათიოდ კილომეტრში, მიწის ნაკვეთი მიიღო, 1418 წელს კი ამაღლების სახელობის ხის ტაძარი და მოწაფეთათვის რამდენიმე სენაკი აღაშენა, სადაც ღვაწლი გაამკაცრა.

ახალდაფუძნებული სავანე ნოვგოროდელმა მთავარეპისკოპოსმა, სვიმეონმა (1415-1421 წლები) აკურთხა.

ამ ამბებიდან მოკლე ხანში კი წმინდა მამა სვეტზე დაეყუდა და იქიდან ოდენ შაბათ-კვირას, წმინდა ზიარების მისაღებად და ძმებთან საერთო ტრაპეზის გასაზიარებლად თუ გარდამოხდებოდა ხოლმე.

ერთხელ ღვიძლი ძმა ესტუმრა, ნეტარი სვეტიდან ჩამოვიდა, ძმა აკურთხა და მყის უკან დაბრუნდა.

ოთხმოცი წლისამ, იგრძნო რა მოახლოებული აღსასრული, სულიერ მემკვიდრედ ერთ - ერთი მოწაფე, ანდრია აკურთხა, 1460 წლის 1 ოქტომბერს კი - ღვთივ განისვენა.

მის სამარესთან მოკლე ხანში მრავალი სასწაული აღსრულ¬და, რამაც უამრავი მომლოცველი მიიზიდა.

ნოვგოროდელმა ეპისკოპოსმა, წმინდა იონამ (ხსენება 5 ნოემბერს) ნეტარი საბას ხსენების დღე დააწესა, ხატი დააწერინა და პარაკლისიც შეუკვეთა, მისი კანონიზაცია კი - 1549 წელს აღსრულდა.

მალე სავანე ხანძარმა იმსხვერპლა, თუმცა, წმინდა საბას სამარეს არ შეხებია, იგი ხშირად გამოეცხადებოდა ხოლმე ამ სავანეში მოღვაწე მამებს და მომლოცველთ და ღვთის წინაშე შუამდგომლობდა.

* * *

ხსენება მღვდელმოწამისა მიქაელ ბოგოროდსკისა, პრესვიტერისა (+1920), მღვდელმოწამისა ალექსანდრე აგაფონიკოვისა, გიორგი არხანგელსკისა, ნიკოლოზ კულიგინისა, პრესვიტერთა, მოწამისა იოანე არტემოვისა (+1937) ღირსმოწამისა თეოდორე აბროსიმოვისა, მორჩილისა (+1940)

ბეჭდვა
1კ1