წმინდა ტიხონი, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა (+1925) დასაწყისი) - 26 სექტემბერი (9 ოქტომბერი)
წმინდა ტიხონი, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა (+1925) დასაწყისი) - 26 სექტემბერი (9 ოქტომბერი)
1989 წლის 26 სექტემბერს, ძველი სტილით 9 ოქტომ¬ბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ტიხონი წმინდანად შერაცხეს. ერისკაცობაში მას ვასილი ერქვა. იგი 1865 წლის 19 იანვარს დაიბადა ფსკოვის გუბერნიაში, ტროპეცკის მაზრაში მღვდლის, იოანე ბელავინის ოჯახში. მშობლებმა ვასილი ფსკოვის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს, რომლის დამთავრების შემდეგ წმინდანი სანქტ-პეტერბურგში სწავლობდა სასულიერო აკადემიაში. არქიმანდრიტის ხარისხში ნეტარი დაინიშნა ხოლმის სასულიერო სემინარიის რექტორად.

1898 წლიდან ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმინდა მამა ფრიად დაშვრა მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად ამერიკაში, სადაც მას დღემდე მართლმადიდებლობის მოციქულს უწოდებენ. მღვდელმთავარი ტიხონი 1905 წელს მთავარეპისკოპოსად აღიყვანეს და 1907 წლიდან იაროსლავის, 1913 წლიდან კი - ლიტვის (ვილნოს) კათედრაზე გაამწესეს. 1917 წლიდან წმინდანი მოსკოვისა და კოლომნის მთავარეპისკოპოსია (აგვისტოდან - მიტროპოლიტი). 1917 წლის 5 ნოემბერს სრულიად რუსეთის ადგილობრივ კრებაზე, რომელმაც აღადგინა პატრიარქობა, წმინდა ტიხონი აირჩიეს რუსეთის ეკლესიის მესაჭედ. ინტრონიზაცია კრემლის მიძინების ტაძარში აღესრულა 21 ნოემბერს. ნეტარი ტიხონი საოცრად მშვიდი, კეთილი და გულთბილი ადამიანი იყო, მაგრამ საეკლესიო საქმეებში, განსაკუთრებით კი მტერთა ძალადობისგან ეკლესიის დაცვისას, შეურყეველ სიმტკიცეს იჩენდა. ეკლესიის რღვევის, განხეთქილების, ქრისტეს მსახურთა დევნისა და ხოცვა-ჟლეტის წლებში მან შეძლო დაეცვა მართლმადიდებლობის სიწმინდე.

1921 წლის აგვისტოში, ვოლგისპირეთში შიმშილობის მძვინვარების ჟამს, პატრიარქმა მორწმუნეები აკურთხა, დამშეულთა დასახმარებლად შეეგროვებინათ ძვირფასი ნივთები, რომელთაც საეკლესიო დანიშნულება არ გააჩნდათ. ამ მოწოდების პასუხად 1922 წლის თებერვალში საბჭოთა ხელისუფლებამ დაადგინა, ტაძრებიდან ყოველგვარი საეკლესიო ფასეულობა გაეტანათ. ნეტარმა ტიხონმა ხმა აიმაღლა ამგვარი ძალადობის წინააღმდეგ, რაც საბოტაჟად შეფასდა და ეკლესიის წინამძღვარი დააპატიმრეს. 1922 წლის აპრილიდან 1923 წლის ივნისამდე მწყემსმთავარი პყრობილებაში იმყოფებოდა. გათავისუფლების შემდეგ კი, 1923 წლის 26 ივნისს, დაიბრუნა სამღვდელმთავრო ტახტი. პატრიარქი ტიხონი მოულოდნელად გარდაიცვალა 1925 წლის 6-7 აპრილს, ღამის 12 საათზე ოსტოჟენკის საავადმყოფოში.

ბეჭდვა
1კ1