წმინდა დიმიტრის, როსტოველი მიტროპოლიტის (+1709), ნაწილთა აღმოყვანება 1752 წელს - 21 სექტემბერი (4 ოქტომბერი)
წმინდა დიმიტრის, როსტოველი მიტროპოლიტის (+1709), ნაწილთა აღმოყვანება 1752 წელს - 21 სექტემბერი (4 ოქტომბერი)
1752 წლის 21 სექტემბერს აღესრულა წმინდა დიმიტრი როსტოველის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება და ამ დღის აღსანიშნავად დაწესდა წმინდანის ხსენების დღეც. ღირსი მამის ხსენებას მართლმადიდებლები მეორედაც, ძველი სტილით 28 ოქტომბერს აღნიშნავენ.

წმინდა დიმიტრი როსტოველი (ერისკაცობაში დანიელ ტუპტალო) 1651 წელს დაიბადა დაბა მაკაროვოში, კიევის მახლობლად, კეთილმსახური კაზაკის ოჯახში.

1662 წელს წმინდანი კიევ-მოგილიოვის კოლეგიაში მიაბარეს. პირველად სწორედ აქ გამოვლინდა მისი არაჩვეულებრივი ნიჭი: საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული და ლათინური ენები და რიგი კლასიკური მეცნიერებებისა. 1668 წლის 9 ივლისს ნეტარი ბერად აღიკვეცა და წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის პატივსაცემად დიმიტრი დაარქვეს.

1675 წლის გაზაფხულამდე იგი კიევის წმინდა კირილეს სახელობის მონასტერში მოღვაწეობდა. 1675 წლის 23 მაისს ჩერნიგოველმა მთავარეპისკოპოსმა ლაზარემ დიმიტრი მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. რამდენიმე წლის მანძილზე ნეტარი მამა უკრაინის, ლიტვისა და ბელორუსიის სხვადასხვა ტაძარსა და მონასტერში აღასრულებდა ღვთისმსახურებას.
1684 წელს კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბარლაამმა, რომელიც კარგად იცნობდა თავისი ნამოწაფრის განსწავლულობას, სამეცნიერო მუშაობისაკენ მიდრეკილებასა და ლიტერატურულ ნიჭს, მღვდელ-მონაზონ დიმიტრის დაავალა, წმინდანთა ცხოვრების მთელი წლის საკითხავების შედგენა. ამ დროიდან მოყოლებული, წმინდა მამის მთელი ცხოვრება ამ გრანდიოზული მოცულობის სამუშაოს შესრულებას მიეძღვნა. მუშაობა ძალების საოცარ დაძაბვას ითხოვდა. საჭირო იყო მრავალი სხვადასხვა წყაროს შეკრება, შეჯერება და სათქმელის გადმოცემა ისეთი ენით, რომელიც გადმოსაცემი საგნის ღირსების შესაფერიც იქნებოდა და მორწმუნეთათვის მისაწვდომიც. ღვთის მადლი შეეწეოდა ნეტარს მუშაობის მთელი ოცი წლის მანძილზე. ამ ხანებში დიმიტრი მონაცვლეობით რამდენიმე მონასტრის წინამძღვარიც იყო.

მოსაგრის ღვაწლმა პატრიარქ ადრიანეს ყურადღება მიიპყრო. 1701 წელს პეტრე I-ის ბრძანებით, დიმიტრი მოსკოვში გამოიძახეს, სადაც 23 მარტს კრემლის მიძინების ტაძარში ციმბირის მიტროპოლიტად დაასხეს ხელი და ქალაქ ტობოლსკში გაგზავნეს. მცირე ხანში მისი სამეცნიერო ღვაწლის მნიშვნელობისა და ჯანის სისუსტის გამო წმინდა მღვდელმთავარი როსტოვ-იაროსლავის კათედრაზე გადაიყვანეს, სადაც 1702 წლის 1-ლ მარტს ჩავიდა როსტოვის მიტროპოლიტის ხარისხით. აქ ნეტარი ფრიად დაშვრა საეკლესიო ღვთისმსახურების გასამართავად და სტაროვერული განხეთქილების სამხილებლად, ზრუნავდა ღვთისმსახურთა განსანათლებლად, დააარსა სასწავლებელი მღვდელმსახურთა შვილებისათვის. წმინდა დიმიტრის პირადი ცხოვრება მკაცრი მარხვით, ლოცვით და ქველი საქმეებით იყო გაბრწყინებული. იგი ბევრს ლოცულობდა და ყველას ურჩევდა, მუდამ ხსომებოდათ სიკვდილის დღე და საათის ყოველი ზარის ჩამოკვრაზე ლოცვები აღევლინათ მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. მღვდელმთავარს ყველასთვის ღია ჰქონდა სახლის კარი, ყველას ალერსიანად და თავაზიანად ეპყრობოდა. უსაზღვრო იყო მისი გულმოწყალება გლახაკების, ქვრივებისა და ობლების მიმართ: იგი მთხოვნელებს არასოდეს ისტუმრებდა უარით, თვითონ კი მხოლოდ აუცილებლით კმაყოფილდებოდა.

წმინდა დიმიტრი მშვიდობით მიიცვალა 1709 წლის 28 ოქტომბერს და, ანდერძისამებრ, ტაძარში დაკრძალეს. ეკლესიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს საფლავი გათხარეს და აღმოაჩინეს, რომ ძლიერ ნესტიან მიწაში ჩასვენებულ მღვდელმთავრის ნეშტს ხრწნილების არანაირი კვალი არ ეტყობოდა. ცხედართან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. 1757 წლის 22 აპრილს დიმიტრი როსტოველი წმინდანთა დასში შერაცხეს.

ბეჭდვა
1კ1