წმინდა ევქარიოსი (დაახლ. III) - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)
წმინდა ევქარიოსი (დაახლ. III) - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)
მის შესახებ ზუსტი ცნობები არ შემონახულა. იგი III საუკუნეში მოღვაწეობდა და გახლდათ ტრევერის (დღევანდელი ტრირი, გერმანია) პირველი ეპისკოპოსი. შუასაუკუნეების ტრევერის ეპისკოპოსთა სიების მიხედვით, მის მემკვიდრედ დასახელებულია ვალერიუსი, მატერნი და აგრეცი, ეს უკანასკნელი კი 314 წელს გამართულ არელატის კრებაზე მო¬ნაწილეობდა. ამის მიხედვით წმინდა ევქარიოსი III საუკუნის შუაში მოღვაწეობდა.

თუმცა, X საუკუნის ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, იგი გახლდათ 70 მოციქულთაგანი, მოწაფე წმინდა პეტრესი, რომელმაც მას მღვდლად ხელი დაასხა და ქრისტიანობის საქადაგებლად გალიაში გაუშვა. მისი თანამგზავრები გახლდნენ დიაკვანი ვალერიუსი და კერძოდიაკვანი მატერნი. გზად ელეგიაში (დღევანდელი ელი, საფრანგეთი) მატერნი ავად გახდა და მოკვდა. მისიონერები რომში ჩავიდ¬ნენ, სადაც მათ წმინდა პეტრემ კვერთხი გადასცა. მისიონერები ელეგიაში დაბრუნდნენ, მატერნს კვერთხი შეახეს და მკვდრეთით აღადგინეს. მერე ადგილობრივი მოსახლეობა გააქრისტიანეს და ეკლესია ააშენეს. აქედან მისიონერები ტრევერში ჩავიდნენ საქადაგებლად და მრავალი სასწაული მოახდინეს. ევქარიოსი ამ ქალაქის პირველი ეპისკოპოსი გახდა, აქვე გარდაიცვალა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სასაფლაოს ეკლესიაში დაკრძალეს.

წმინდა ევქარიოსი ქალაქ ტრირის მფარველად ითვლებოდა და სააბატოს მისი სახელი ერქვა. 1127 წელს სააბატოში მოიპოვეს წმინდა მოციქულ მათეს ნაწილები, რომელიც ქალაქში ვითომდა წმინდა ელენემ ჩამოასვენა. ამის მერე წმინდა ევქარიოსის თაყვანისცემა მეორე პლანზე გადაიწია და სააბატოსაც წმინდა მათეს სახელი ეწოდა. დღეს სააბატო ბენედიქტელთა ორდენს ეკუთვნის. წმინდა ევქარიოსის ტაძარს მცირე ბაზილიკის სტატუსი აქვს. ტაძრის კრიპტში ინახება წმინდა ევქარიოსის და ვალერიოსის სარკოფაგები.
...................................
სურათზე: წმინდა ევქარიოსის და დიაკვან ვალერიუსის საფლავები

ბეჭდვა
1კ1