ღირსი ევფროსინე (IX) - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)
ღირსი ევფროსინე (IX) - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)
ღირსი ევფროსინე ცხოვრობდა და მოსაგრეობდა IX საუკუნეში, იორდანის ახლოს პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში. ღირსი ევფროსინე მონასტერში მზარეულის მორჩილებას აღასრულებდა და ხალხს დიდი თავმდაბლობით ემსახურებოდა. დღედა ღამ შრომობდა, მაგრამ ლოცვასა და მარხას არ დაუტევებდა. განსაცვიფრებელი მოთმინება ჰქონდა და ბევრ ლანძღვას, დაცინვას, შეურაცხყოფას დაითმენდა. სამზარეულოში მატერიალური ცეცხლის ანთებით, თვითონაც გაეკიდებოდა ღვთისადმი სულიერი სიყვარულის ცეცხლი. ის დაფარულად ემსახურებოდა უფალს და მან მას ცხადად მიაგო. აი როგორ გამოააცხადა უფალმა თუ რის ღირსი შეიქმნა მონა მისი ევფროსინე: ვინმე მღდელი, ევროსინესთან ერთად, რომ ცხოვრობდა მონასტერში მუდმივად ევედრებოდა უფალს, გრძნობადი სახით ეჩვენებინა მისთვის ის ნეტარება, რაც გაანუმზადა უფალმა თავის მოყვარულთ. და აი ერთ ღამეს მას ხილვა ჰქონდა: თითქოს ბაღში იდგა და კრძალვით და სიხარულით სჭვრეტდა მის გამოუთქმელ სილამაზეს. აქ მან თვალი მოჰკრა თავისი მონასტრის მზარეულ ევფროსინეს.

- ძმაო ევფროსინე, ეს რა არის? ნუთუ სამოთხეა?

- დიახ მამაო, სამოთხეა, - უპასუხა ევფროსინემ.

- და შენ აქ საიდან მოხვდი? - ჰკითხა მღვდელმა.

- ღვთის დიდი მოწყალებით, აქ საცხოვრებლად დავსახლდი, რამეთუ ეს არის ღვთის რჩეულთა სავანე.

მღვდელმა ჰკითხა:

- გაქვს, რაიმე ხელმწიფება (უფლება) ამ სილამაზეზე?

- აქ რასაც ხედავ, შეძლებისდაგვარად შემიძლია გაცემა, - უპასუხა მზარეულმა.

მღვდელმა ჰკითხა:

- შეგიძლია რაიმე მომცე ამ ბაღიდან?

- ჩემი ღმერთის მადლით, აიღე, რაც გინდა, - უთხრა ევფროსინემ.

მაშინ მღვდელმა ვაშლებზე მიუთითა და მოწყვეტა სთხოვა. ევფროსინემ სამი ვაშლი მოწყვიტა, ხელსახოცში გაახვია, მღვდელს გაუწოდა და უთხრა:

- აიღე, რაც მთხოვე და ისიამოვნე.

ამ დროს კანკურას ხმა მოისმა და ქრისტიანებს ცისკრის ლოცვაზე მოუწოდეს. მღვდელს გამოეღვიძა, ხილვა სიზმარი ეგონა, მაგრამ ხელი ხელსახოცისკენ რომ წაიღო, იქ ის სამი ვაშლი იპოვა, რომელიც სიზმარში ევფროსინემ მისცა. საოცარი კეთილსურნელება იგრძნო. წამოდგა, ვაშლები საწოლზე დააწყო და ტაძარში წავიდა. იქ მან ევფროსინეს თვალი მოჰკრა, რომელიც ცისკრის ლოცვას ესწრებოდა. მღვდელი მასთან მივიდა და დააფიცა სიმართლე ეთქვა, თუ სად იყო იმ ღამეს.

ევფროსინემ უპასუხა:

- შემინდეთ, მამაო, წუხელ იქ ვიყავი სადაც თქვენ მნახეთ.

- ამიტომაც დაგაფიცე, რომ ღვთის საქმე გაგემხილა, და სიმართლე არ დაგემალა, - უთხრა მღვდელმა.

მაშინ სიმდაბლისმოყვარე ევფროსინემ უთხრა:

- მამაო, შენ უფალს შესთხოვე გრძნობადი სახით ეჩვენებინა შენთვის ის ნეტარება, რაც განუმზადა მან თავის რჩეულთ. და უფალმა კეთილ ინება შენი ღირსებისთვის ეს ჩემ მიერ, ცოდვილისა და უღირსისა ეჩვენებინა.

- სამოთხეში, რა გთხოვე, რა მომეცი? - ჰკითხა მღვდელმა.

ევფროსინემ უპასუხა:

- მე შენ სამი ვაშლი მოგეცი, რომელიც შენს კელიაში საწოლზე დადე, მაგრამ შემინდე, მამაო, რამეთუ მე მატლ ვარ და არა კაცი.

ცისკრის ლოცვის შემდეგ მღვდელმა მონასტრის ძმები შეკრიბა, უჩვენა ვაშლები, დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი რაც ნახა. ძმებმა კეთილსურნელება იგრძნეს, უდიდესი სულიერი სიხარულით აღივსნენ. ყველანი ერთად სამზარეულოში ევფროსინესთან წავიდნენ, რათა ღვთის მონისთვის თაყვანი ეცათ, მაგრამ უკვე ვეღარ იპოვეს, რადგან ის მანამდე ეკლესიიდან გამოვიდა და კაცთაგან დიდებას განერიდა, სადღაც გადაიკარგა. ძმებმა კი სამოთხის ვაშლები კურთხევის ნიშნად გაინაწილეს, სნეულებსაც დაურიგეს, რომლებიც ვაშლის მიღების შემდეგ ყველანაირი სნეულებისგან განიკურნენ, წმინდა ევფროსინეს ამბავი არა მარტო ქარტიაზე, ასევე გულის ფიცარზეც დაიწერეს და ცდილობდნენ, თავიანთი ღვაწლით სათნოჰყოფოდნენ უფალს.

ბეჭდვა
1კ1