წმინდა იოანე, ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსი (+1186 წელი) - 7 (ახალი სტილით - 20) სექტემბერი
წმინდა იოანე, ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსი (+1186 წელი) - 7 (ახალი სტილით - 20) სექტემბერი
ეს მაღალღირსი მამა XII საუკუნეში, ძველრუსულ ქალაქ ნოვგოროდში დაიბადა და მღვდლად მსახურობდა.

მონაზვნური ცხოვრების სიყვარულმა ძმასთან, - გაბრიელთან ერთად გადააწყვეტინა, მიაგიჩის ტბასთან ხარების სახელობის მონასტერი დაეფუძნებინა.

როდესაც მშობელთა ნამემკვიდრალი თანხა დაეხარჯათ, ძმებმა სამუშაოთა დასასრულებლად შეწევნა ღვთისმშობელს სთხოვეს.

მეორე დილით კი მათი სამყოფლის სიახლოვეს ოქროსა და ვერცხლის მონეტებით დატვირთული ცხენი დგას.

ამ სავანეში იოანე ილიას, გაბრიელი კი - გრიგოლის სახელით აღიკვეცნენ, თუმცა, სავანის წინამძღვრობას ორივე გაურბოდა.

ნოვგოროდელი ეპისკოპოსის, წმინდა არკადის (ხსენება 18 სექტემბერს) გარდაცვალების შემდგომ ნოვგოროდელებმა თავი მოიყარეს, ილიას მიადგნენ და დაჟინებით სთხოვეს, სამღვდელმთავრო ხელდასხმა კიეველი მიტროპოლიტისგან მიეღო (1163 წ.).

ამ პატივით შემოსვის შემდგომ ღირსმა მამამ ღვაწლი გააათმაგა და განსაკუთრებული გულმოდგინებით მიეცა უპოვართადმი ზრუნვასა და ღირსეულ მღვდელთა აღზრდას.

წმინდა იოანემ ქალაქს 7 ტაძარი შესძინა, 1166 წელს კი კიევს მოუწოდეს და ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსად საზეიმოდ აკურთხეს.

როდესაც რუსი მთავრები ანდრია ბოგოლიუბსკის (ხსენება 4 ივლისს) გარშემო გაერთიანდნენ და ნოვგოროდი ალყაში მოაქციეს, ნეტარი მამა ლოცვად დადგა, მესამე დღეს ღვთივ ეუწყა, რომ ღვთისმშობლის ხატით ქალაქისთვის ლიტანიობით შემოევლო, რის შემდეგაც ნოვგოროდელებმა მოწინააღმდეგეს სძლიეს.

წმინდა მამა ყველაზე აღმატებულად დაფარულ ღვაწლს მიიჩნევდა. ერთ ღამით გარს ეშმაკები შემოერტყნენ, რომელნიც წმინდა ჯვრის ძალით და ლოცვით უკუაქცია და სძლია. იმ დღიდან ღვთისგან ეშმაკთა განსხმის მადლი მიიღო.

ბნელეთის თავადმა მასზე შური იძია: - ცილი დასწამა, ზოგიერთმა იოლად ირწმუნა ეს სისაძაგლე, ერთ დღეს კი მის სამყოფელს უამრავი ხალხი მიაწყდა, ნეტარი იოანეს ხელი სტაცეს და ხიდიდან წყალში შთააგდეს, თუმცა, ღვთის ძალით დაცულმა სასწაულებრივად ნოვგოროდის მახლობლად, იურიევის მონასტრის სიახლოვეს ამოჰყო თავი.

გონს მოსული ნოვგოროდელები ცრემლით ევედრნენ მღვდელმთავარს, - შეგვინდე და დაგვიბრუნდიო, მხცოვანი მამა კი მცირე ხანში მონასტერს შეერთო და დიდი სქემით, იოანეს სახელით შეიმოსა.

1186 წლის 7 სექტემბერს კი ღვთივ განისვენა.

1439 წელს მისი სხეული უხრწნელად ჰპოვეს.

ბეჭდვა
1კ1