ღირსმოწამე ათანასე ბრესტელი (ფილიპოვიჩი) (+1648 წელი) - 5 (ახალი სტილით - 18) სექტემბერი
ღირსმოწამე ათანასე ბრესტელი (ფილიპოვიჩი) (+1648 წელი) - 5 (ახალი სტილით - 18) სექტემბერი
წმინდა ათანასე 1596 წელს დაიბადა, ღარიბი ლიტველი თავადის შვილი გახლდათ, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, ბრწყინვალე და მრავალმხრივი განათლება მიეღო: - ფლობდა მრავალ ძველ და ახალ ენას და წმინდა მამათა მემკვიდრეობასაც კარგად იცნობდა და დასავლელ ფილოსოფოსთა და ღვთისმეტყველთა თხზულებებსაც.

მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა პედაგოგად, 1627 წელს კი ვილნოში ბერად აღიკვეცა, შემდეგ კი - დღევანდელი ბელარუსის ტერიტორიაზე, კუტეინის მონასტერში გადავიდა.

სწორედ ათანასეს დაბადების წელიწადს რომსა და რამდენიმე რუს ეპისკოპოსს შორის ბრესტის ცრუ უნია გაფორმდა. მონასტერი, სადაც ღირსი მამა იღვწოდა, პოლონელ ოკუპანტებს არ ემორჩილებოდა და მტკიცედ ერთგულებდა მართლმადიდებლობას და იქაურთ კათოლიციზმის პროპაგანდისაგან იცავდა.

გამოხდა მცირე დრო და ათანასემ მონაზვნური ცხოვრების გამოცდილება რამდენიმე სახელგანთქმულ მონასტერში გაიღრმავა და მღვდლადაც ეკურთხა, მოკლე ხანში კი კიევის მიტროპოლიტმა, პეტრე მოგილამ მინსკის მახლობლად მდებარე კუპიატიცკის სავანის აღდგენა დაავალა.

ღვთაებრივი გამოცხადების შემდგომ ათანასემ მოსკოვამდე ძალზე სახიფათო გზა განვლო, რუსთა ხელმწიფეს იქაურ ქრისტიანთა სავალალო ხვედრის შესახებ აუწყა და მონასტრის აღსადგენად დახმარება სთხოვა.

მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, წმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, რომლის სასწაულთმოწმედი ხატიც ათანასეს თან ჰქონდა, ყოვლადმოგზაურობა წარმატებული აღმოჩნდა.

მონასტრის აღდგენა მისი დაბრუნებისთანავე დაიწყო, თუმცა, ორი წლის შემდგომ ნეტარმა, რომელიც ბრესტის წმინდა სვიმეონ მესვეტის სახელობის მონასტრის იღუმენად დაადგინეს (1640 წელი), იქაურობა დატოვა.

ათანასეს დიდი ძალისხმევით, მრავალი სული გადაურჩა გაკათოლიკებას - ლოცვით და მრავალრიცხოვანი წერილით თუ ქადაგებით 8 წლის მანძილზე ამხილებდა მართლმადიდებლობას ამოფარებულ, სინამდვილეში კი - ლათინური სულით გაჟღენთილ ბრესტის უნიას, რის წყალობით უამრავი ცთუნებული დაუბრუნა დედაეკლესიას.
პოლონური არმია და შლიახტა ამ მიწაზე სასტიკად ავიწროებდა მოსახლეობას, არც იეზუიტ მისიონერებს დაუკლიათ ძალისხმევა აქაურთა გადასაბირებლად. მაშინ ღირსმა ათანასემ პოლონეთის მეფეს, ვლადისლავ IV-ს (1632-1648 წლები) სთხოვა, მართლმადიდებლებისადმი ამგვარ სისასტიკეზე უარი ეთქვა.

ხელმწიფემ მისი სათხოვარი ყურად იღო და შესაბამისი დეკრეტიც გამოსცა, თუმცა, სამწუხაროდ, იგი ქაღალდზე დარჩა, სინამდვილეში კი არაფერი შეცვლილა.

ვარშავაში მართლმადიდებელნი უარეს დღეში იყვნენ - პოლონელები და უნიატები ხშირად წვავდნენ ხალხმრავალი ღვთისმსახურებისას მართლმადიდებლურ ტაძრებს. ამგვარ ვითარებაში წმინდა ათანეს ერთადერთ ნუგეშად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კუპიატიცკის ხატი გახლდათ, ღვთაებრივი გამოცხადების შემდგომ ნეტარი სეიმს ემორედ დაესწრო და მართლმადიდებელთა სახელმწიფოებრივ დონეზე დაცვას მიაღწია.

თუმცა, ეშმაკის მანქანებით, რამდენიმე წარჩინებულმა მართლმადიდებელმა, რომელთაც პრივილეგიათა დაკარგვის შეეშინდათ, ნეტარი მოატყუეს და იმდენი ქნეს, სანამ სამღვდელო პატივი არ აჰყარეს და კიევს, საეკლესიო სასამართლოზე არ გაამგზავრეს.

ღირსი მამა გაამართლეს, მაგრამ მშვიდობა არ დასცალდა - მართლმადიდებელთა დევნა კვლავ განახლდა.

ათანასემ კვლავ მოამზადა სათხოვრის წერილი პოლონელთა ხელმწიფისადმი, მაგრამ გაგზავნა ვეღარ მოასწრო, რადგან შეიპყრეს და ციხეში სამი წლით გამოკეტეს.

1648 წელს, უკრაინელ კაზაკთა ჯანყის შემდგომ. დევნა იმდენად გაძლიერდა. პოლონეთის ხელისუფლებამ მყისვე შეიპყრო ამ მოძრაობის თავკაცნი და მათ მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა გამოჩენილი მოღვაწეც მიაყოლა.

ღირსი მამა კვლავ შეიპყრეს და ციხის მოხელეთა თუ კათოლიკე სასულიერო პირთაგან მრავალ სატანჯველს მისცეს, თუმცა, ვერც ფიზიკურმა სატანჯველმა გატეხა, ვერც - სულიერმა.

სხეული ნაკვერჩხლით ამოუწვეს, ტყავი გააძრეს და ცეცხლს მისცეს, თუმცა, ნეტარი კვლავ ცოცხალი იყო.

მაშინ ჯალათებმა ტყვიით დაცხრილეს.

ასე შეჰვედრა 1648 წლის 5 სექტემბერს ღირსმა ათანასემ სული უფალს.

მისი თავწარკვეთილი სხეული თხრილში ჩააგდეს, რონელიც გარკვეული ხნის შემდგომ უხრწნელად ჰპოვეს, ხოლო ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დაბრძანებულ მის წმინდა ნაწილთაგან შემდგომ უამრავი სასწაული აღსრულდა.

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა რაისასი (ირაიდასი) (დაახლოებით, +308 წელი, იხსენიება 23 სექტემბერსაც)

ბეჭდვა
1კ1