ღირსი ანთიმოზ ბრმა, ახალი, კეფალონელი - 04 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
ღირსი ანთიმოზ ბრმა, ახალი, კეფალონელი - 04 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
ქრისტეს ეს წმინდა მსახური 1727 წელს, კეფალონიაში, სოფელ ლიქსურში დაიბადა, ღვთისმოყვარე მშობლებმა, - იოანემ და ანცულეტამ ნათლობისას ათანასე დაარქვეს, შვიდი წლისა ყვავილი შეეყარა და დაბრმავდა.

დედამისი დღემუდამ ევედრებოდა უფალს, ათანასესთვის თვალის ჩინი დაებრუნებინა, მოციქულთა თავთა, - პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი კი მისი თხოვნით ორმოცი დღის განმავლობაში იხსენიებდა ყმაწვილს, რის შემდეგაც ათანასეს მარჯვენა თვალი აეხილა.

ნეტარს უკვე კითხვა შეეძლო და სულისთვის სარგო ცოდნას გასცნობოდა.

გარკვეული ხნის მანძილზე ათანასე, მამის მსგავსად, მეზღვაურად მსახურობდა, თუმცა, მალე ეს საქმე მიატოვა, რომ თავი ღვთისთვის მიეძღვნა.

შემონაზვნების შემდგომ, მოკლე ხანში ათანასე ისევ დაბრმავდა, მაგრამ ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ სული იმგვარი ცეცხლით აღივსო, შინაგანი ნათელი შეიძინა, რომლის წყალობითაც ზუსტად შეეძლო იმ ადგილის მითითება, სადაც მონასტერი უნდა აეგოთ.
ამასთან, ღვთისგან ჭვრეტის მადლი მიიღო, რომლის წყალობითაც მომავალს წინასწარმეტყველებდა და უცნობ ადამიანებს სახელებით მოიხმობდა.

ანთიმოზმა ცხოვრების დიდი ნაწილი ბრმად გაატარა, თუმცა, თავისი ცხოვრებით და სიტყვით მრავალი სული განანათლა.

ოცი წლისა შემონაზვნდა და თავიდან ათონის წმინდა მთაზე დამკვიდრდა, შემდეგ კი - წმინდა ადგილნი მოილოცა, ეგეოსის ზღვის მრავალი კუნძული მოიარა, მათ შორის - ქიოსი და პაროსი და იქაურნი ქრისტეს ნათელს არა მხოლოდ სიტყვით, საკუთარი წმინდა ცხოვრებით აზიარა.

ღირსი მამა საკვებად პურის ნამცეცებს სჯერდებოდა და ტაძრის იატაკზე ეძინა, საკუთარ სიტყვას უამრავი სასწაულით განამტკიცებდა, ადამიანებს მამობრივი სიყვარულით ეპყრობოდა და ისინიც სიყვარულით პასუხობდნენ.

ღვთის მადლით აღვსილმა, ერთგულ ქრისტიანთა შეწევნით, ყველგან, სადაც ფეხი დადგა, ტაძრები და მონასტრები აღაშენა.

მისი მოციქულებრივი ღვაწლი ბოროტმა ვერ აიტანა და კუნძულ ასპიტალეს (სადაც 1760 წელს ნეტარმა ივერიის ღვთისმშობლის პატივად მონასტერი დააფუძნა) მკვიდრთ ჩააგონა, წმინდა ანთიმოზისთვის ჩირქი მოეცხოთ, - ადგილობრივ მონაზვნებთან სცოდავსო.

ანთიმოზი იძულებული შეიქმნა, იქაურობა დაეტოვებინა და სამშობლოს დაბრუნებოდა.

კეფალონიაში, ლეპედაში, 1766 - 1767 წლების საშინელი მიწისძვრისას დაქცეული, წმინდა პარასკევას სახელობის მონასტერი კუნძულელთა დახმარებით მოკლე ხანში აღადგინა და წესდებაც დაუდგინა.

თავიდან იქ 8 მონაზონი დაფუძნდა, შემდეგ - მათ სხვებიც შეუერთდნენ, თავად ანთიმოზი კი - მონასტრის მახლობელ მღვიმეში დასახლდა, ფიცარზე ეძინა და ფარულად ატარებდა მძიმე ჯაჭვს.

ღირსმა მამამ საბერძნეთის მრავალი ადგილი მოინახულა, კრეტაზე წმინდა ანტონი დიდის (დაახლოებით, 1770 წელი) სახელობის სავანე დააარსა, ბრმა ქალი წმინდა ჯვრის გამოსახვით განკურნა, სხვა დროს - უნაყოფო ქალი განამრთელა და მრავალი სული დაუბრუნა უფალს.

კეფალონიაში დაბრუნებულმა პელოპონესის ერთ - ერთი დასახლებიდან წერილი მოუვიდა, - უთანხმოების მოგვარებაში დაგვეხმარეო.

ნეტარი მათკენ გაემართა, მაგრამ ქარმა ხომალდს მიმართულება შეუცვალა და იმ ადგილს მიაყენა, რომელიც ავაზაკებით და ქურდებით იყო დასახლებული.

ორი მათგანი მაშინვე ავარდა გემზე, მაგრამ როგორ კი ბრმა მონაზონმა ყოველი მათგანი სახელით მოიხსენია და ჩადენილ ბოროტმოქმედებებში ამხილა, მძარცველები შეკრთნენ და წმინდა მამას შენდობა გამოსთხოვეს.

ლეპედაში დაბრუნებულს სიყვითლე შეეყარა და ამქვეყნიდან განსვლისთვის განემზადა, მონაზვნები შეკრიბა, მოახლოებული აღსასრული ამცნო:

- შვილნო ჩემნო, მოვიდა დრო, უფალთან წარვიდე, ნუ გეშინით, რამეთუ გარდაცვალება გარდაუვალია, გლოვას კი გიჯობთ, ღვთისადმი დადებული აღთქმა ღირსეულად აღასრულოთ და ოდენ ერთ მიზანს მისდიოთ: - სათნო ეყოთ უფალს და სული გადაირჩინოთ!

ეს საკვირველი მამა 1782 წლის 4 სექტემბერს, 55 წლის ასაკში მიცვალა, ოცი წლის შემდგომ მისი სამარე გახსნეს, მისი წმინდა ნაწილნი დღემდე ლეპედის მონასტერში და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის სავანეში განისვენებს.

ბეჭდვა
1კ1