ღირსი თეოქტისტე, ღირსი ექვთიმე დიდის თანამმარხველი (+467 წელი) - 3 (ახალი სტილით - 16) სექტემბერი
ღირსი თეოქტისტე, ღირსი ექვთიმე დიდის თანამმარხველი (+467 წელი) - 3 (ახალი სტილით - 16) სექტემბერი
ეს ღირსი მამა V საუკუნეში მოღვაწეობდა, ღვთის სიყვარულით მამისეული სახლი სრულიად ახალგაზრდამ დაუტევა და მაცხოვრის საფლავის და წმინდა ადგილთა მოლოცვის შემდგომ იერუსალიმიდან ექვს ვერსზე მდებარე ფარანის სავანეს მიაშურა, ასი წლით ადრე ღირსმა ხარიტონმა (ხსენება 28 სექტემბერს) რომ სააფუძნა, ვიწრო სენაკში განმარტოვდა და მძიმე და უხილავ ბრძილას მიეცა უსხეულო ძალებთან.

სწორედ ამ დროს დაუტევა წმინდა ექვთიმე დიდმა (ხსენება 20 იანვარს) სამშობლო და მანაც ფარანის სავანეს მოაშურა, მალე დაუმეგობრდა თეოქტისტეს და ღვთის სიყვარულმა ისე შეაერთა მათი გულები, ორ სხეულში დატეულ ერთ ცხოვრებად და ღვაწლად აქცია.

მამები ყოველ წელიწადს, ღვთის განცხადების დღესასწაულის შემდეგ, უდაბნოში გადიოდნენ, მკვდარი ზღვის სანაპიროზე, და ბზობამდე იქ რჩებოდნენ ღვთის სათნო ღვაწლში.

ერთხელ იქ პოვეს "ჴევი საშინელი, ფრიად ღრმაჲ, ყოვლადვე მიუვალი ვისგანვე და. ჩრდილოით კერძო ჴევისა მის ქუაბი დიდი", ძლიერ მოეწონათ ეს ადგილი, აქ დარჩნენ სამოღვაწეოდ და გამოქვაბული ეკლესიად აქციეს. მალე, ღვთის ნებით ძმების სამყოფელს მწყემსები გადააწყდნენ და სოფელს აუწყეს მათ შესახებ.

მრავალმა მიაშურა ნეტარ მამებს, ბევრმა იქ დარჩენის სურვილიც გამოთქვა. ასე დაარსდა მონასტერი, რომლის წინამძღვრად თეოკტისტე იქნა დადგენილი. ექვთიმემ კი საძმოს მოძღვრობა იტვირთა. წმიდანი ძმებს ასწავლიდა: "ესე უწყოდეთ, რამეთუ უღირს, რომელსა დაუტევებიეს სოფელი, რაჲთა არა ჰყოფდეს ნებასა თჳსსა, არამედ შეიკრძალოს სიმდაბლე და მორჩილებაჲ და მოელოდის სიკუდილსა ყოველსა ჟამსა და დღესა მას საშინელსა სარჩელისასა და ეშინოდის მას ცეცხლისა მისგან უშრეტისა დაუყუარდეს მას დიდებაჲ იგი სასუფეველისა ცათაჲსაჲ".

ექვთიმე სათნოებათაგან უმეტესად მდუმარებას თვლიდა, ამიტომ წუთისოფლის ყოველ უარმყოფელს თეოქტისტას მამობრივ მზრუნველობას მიანდობდა ხოლმე. ეს უკანასკნელი კი ყოველმხრივ ჰმორჩილებდა თავის სულიერ მოძღვარს და თანამოძმეს.

გარკვეული ხნის შემდგომ ექვთიმე უდაბნოს სიღრმეში განმარტოვდა და სრულ იქმნა, თეოქტისტე კი - სავანეში გაბრწყინდა, თუმცა, სულიერი კავშირი ერთურთთან არ დაუკარგავთ.

თეოქტისტემ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და უეცარი ავადმყოფობის შემდგომ, 468 წლის 3 სექტემბერს ღვთივ განისვენა. იგი თავისმა დიდმა სულიერმა თანამოძმემ, ექვთიმემ (იმხანად ოთხმოცდაათი წელი რომ შეუსრულდა) და იერუსალიმის პატრიარქმა, ანასტასიმ (458-478 წლები) დაკრძალეს.

ბეჭდვა
1კ1