ღირსი ქრისტეფორე რომაელი (VI) - 30 აგვისტო (12 სექტემბერი)
ღირსი ქრისტეფორე რომაელი (VI) - 30 აგვისტო (12 სექტემბერი)
ძველი სტილით 30 აგვისტოს (ახალი სტილით: 12 სექტემბერს) ეკლესია ღირს ქრისტეფორე რომაელს იხსენიებს. ის VI საუკუნის მოღვაწეა. ის წარმოშობით რომიდან გახლდათ. ქრისტეფორემ გადაწყვიტა საერო ცხოვრების დატოვება და პალესტინაში, ღირსი თეოდოსის მონასტერში შედგა ბერად. დღისით ღირსი ქრისტეფორე მორჩილების საქმეებს ასრულებდა მონასტერში, საღამოს კი მიდიოდა გამოქვაბულში, სადაც ადრე ღირსი თეოდოსი და სხვა მამები ლოცულობდნენ. მღვიმისკენ მიმავალ ყოველ მეთვრამეტე საფეხურზე იგი ას მეტანიას აკეთებდა და ღამის უმეტეს ნაწილს ლოცვაში ატარებდა. ასეთ ღვაწლში გალია მან თერთმეტი წელი.

ერთხელ ღირსი ქრისტეფორე იერუსალიმში ჩავიდა უფლის წმინდა საფლავისა და ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანსაცემად. მისი ყურადღება მიიპყრო ტაძრის ბჭეებთან გაჩერებულმა ბერმა, რომლის პირისახის წინაც ორი ყვავი დაფრინავდა. ქრისტეფორემ გულისხმაჰყო, რომ ესენი იყვნენ ეშმაკები, რომლებიც ძმას საყდარში არ უშვებდნენ და მას ჰკითხა: "ბჭეებში რად დგახარ, შიგ რატომ არ შედიხარ?" - "მომიტევე, მამაო, - უპასუხა ბერმა, - ჩემში ორი აზრი ებრძვის ერთმანეთს; ერთი მეუბნება: მოდი, თაყვანი ეცი პატიოსან ჯვარს; მეორე კი ამბობს: ნუ შეხვალ, ჯერ შენი საქმე აღასრულე, ჯვარს კი შემდეგაც შეგიძლია სცე თაყვანი". მაშინ ქრისტეფორემ ხელი ჩასჭიდა მამას და საყდარში შეიყვანა. ყვავები იმავ წამს გაქრნენ, ბერი კი სიწმინდეებს მიემთხვია და თაყვანი სცა. ღირსი ქრისტეფორე ამას იმათ დასამოძღვრად ჰყვებოდა ხოლმე, ვინც არ იჩენს გულმოდგინებას ლოცვაში და ავიწყდება, რომ ჯერ სულიერი მსახურება უნდა აღასრულო, შემდეგ კი - აუცილებელი საქმეები.

ერთხელ ქრისტეფორე ჩვეულებისამებრ ღირსი თეოდოსის გამოქვაბულში წავიდა სალოცავად. მღვიმეში წმინდანმა უამრავი კანდელი დაინახა, რომლებსაც ორი ნათელმოსილი ჭაბუკი ანთებდა. - "რატომ დააწყვეთ აქ კანდელები ისე, რომ შიგ სალოცავად შესვლა არ შემიძლია?" - იკითხა ქრისტეფორემ. - "ეს იმ მამათა კანდელებია, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან", - უპასუხეს ყმაწვილებმა. - "მი-თხარით, ჩემი კანდელი ანთია თუ არა?" "ჩვენ დავანთებთ", - იყო პასუხი. მაშინ ნეტარმა მამამ გაიფიქრა: "ჰოი, ქრისტეფორე, შენ კიდევ უფრო დიდი ღვაწლი უნდა იტვირთო, შენი კანდელი რომ აანთო!" იგი სინას მთის მონასტრისკენ გაეშურა ისე, რომ თან არაფერი წაუღია და აქ ორმოცდაათი წელი დაყო მძიმე და დაუცხრომელ ღვაწლში. ბოლოს უფლის სათნომყოფელს ჩაესმა ხმა: "ქრისტეფორე! დაბრუნდი შენს მონასტერში, სადაც ადრე მოსაგრეობდი, რომ იქ შენს მამებთან ერთად განისვენო". ასეც მოხდა - ქრისტეფორე დაბრუნდა სავანეში და მშვიდობით მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1