წმინდა ლიბერიუს აღმსარებელი, რომის პაპი (+366) - 27 აგვისტო (9 სექტემბერი)
წმინდა ლიბერიუს აღმსარებელი, რომის პაპი (+366) - 27 აგვისტო (9 სექტემბერი)
ძველი სტილით 27 აგვისტოს (9 სექტემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია რომის პაპს, წმინდა ლიბერიუსს იხსენებს. წმიდა კონსტანტინე დიდის მიცვალების შემდეგ, ოსია კორბუდელის მსგავსად, ლიბერიუს რომაელიც მტკიცედ იცავდა მღვდელმთავარ ათანასე ალექსანდრიელს არიანელი იმპერატორის კონსტანციუსისაგან (337-361). 352 წელს, პაპი იულიუსის სიკვდილის შემდეგ, რომის ეკლესიას სათავეში ლიბერიუსი ჩაუდგა.

353 წელს კონსტანციუსმა არლში მოიწვია კრება ათანასეს დასაგმობად. დასავლელ ეპისკოპოსებს უბრძანეს, უსიტყვოდ ეღიარებინათ აღმოსავლელ ეპისკოპოსთაგან გამოცხადებული დაგმობა. ურჩებს საპყრობილეში აგზავნიდნენ. ათანასეს მხარს უჭერდა რამდენიმე ღირსეული მღვდელმთავარი. მათ შორის იყო რომის პაპი ლიბერიუსი. ათანასეს მხარდამჭერი უმაღლესი სასულიერო პირები არ დაესწრნენ არლის კრებას და მისი მიმდინარეობით აღშფოთებულებმა დაბეჯითებით მოითხოვეს, ხელახლა განეხილათ საკითხი. მათი მოთხოვნა დააკმაყოფილეს და მოიწვიეს ახალი კრება, რომელიც 355 წელს მილანში შედგა.

არიანელებმა აქაც გაიმარჯვეს, მაგრამ საბოლოოდ გამოაჩინეს თავიანთი სამარცხვინო ბუნება. ხალხმრავალი კრების სხდომები თავდაპირველად ეკლესიაში ტარდებოდა. ერთმა ეპისკოპოსმა, ევსები ვერჩელელმა, რომელსაც ათანასეს დაგმობაზე ხელმოწერას სთხოვდნენ, თქვა: "ჯერ სარწმუნოების საკითხზე უნდა შევთანხმდეთ. მე ვიცი, რომ დამსწრეთაგან ზოგიერთი ერესით არის დაავადებული", და შესთავაზა ყველას, ხელი მოეწერათ ნიკეის სიმბოლოზე. ის იყო, მილანის ეპისკოპოსს უნდა მოეწერა ხელი, რომ არიანელმა ვალენტემ ხელიდან გამოჰგლიჯა კალამი და გრაგნილი. სხდომა საყოველთაო აურზაურით დასრულდა. ხალხი ხმამაღლა გამოხატავდა თავის აღშფოთებას სარწმუნოების შეურაცხყოფისთვის. ამის გამო გადაწყვიტეს - სხდომები სასახლეში გადაეტანათ და იმპერატორის მეთვალყურეობით ჩაეტარებინათ. კონსტანციუსი თავს უფლებას აძლევდა, თვითნებურად გადაეჭრა ყველა საღვთისმეტყველო საკითხი, ეკლესიის საქმეები და ძალის გამოყენებით დაეცვა თავისი გადაწყვეტილებები. ახლაც სახალხოდ ბრძანა, ეღიარებინათ მის მიერვე, თითქოსდა ზეშთაგონებით შეთხზული, სინამდვილეში კი არიანელთა კარნახით დაწერილი მრწამსი, რამაც ხალხი ძლიერ აღაშფოთა. თავად კონსტანციუსი მილანის (იგივე მედიოლანის) კრების სხდომებს ფარდას ამოფარებული ესწრებოდა და თავის ნებაზე მართავდა მას. თუმცა გამოჩნდა რამდენიმე მამაცი ეპისკოპოსი, რომლებიც არ შეუშინდნენ სიმართლის დაცვას. სარდინიის ქალაქ კალიარის ეპისკოპოსმა, ლუციფერმა უშიშრად ამხილა ათანასეს ბრალმდებელთა უსინდისობა და გადაჭრით უარი თქვა, განაჩენზე მოეწერა ხელი. მაშინ გაავებული კონსტანციუსი გამოეცხადა კრებას და იყვირა: "მე ვარ ათანასეს ბრალმდებელი, ამიტომ დაუჯერეთ ვალენტის ჩემი ხათრით!"

- ეკლესიის კანონებს არ ეთანადება არმყოფთა დაგმობა და ერეტიკოსებთან ურთიერთობა, - შეეპასუხა ლუციფერი.

- თქვენთვის კანონი ჩემი ნებაა! დაემორჩილეთ ჩემს მოთხოვნას, არადა გადაგასახლებთ ყველას! - შესძახა განრისხებულმა კონსტანციუსმა და მახვილი იშიშვლა.

ბევრმა დაუთმო, მაგრამ ლუციფერ კალიარელი, ევსები ვერჩელელი, დიონისე მედიოლანელი არ შედრკნენ და ამისთვის ისინი შორეულ ქვეყნებში გადაასახლეს, სადაც უმკაცრესად ეპყრობოდნენ.

მილანში არიანელი ეპისკოპოსი ავქსენტი დაინიშნა და ყველა ქალაქის ეპისკოპოსებს გაეგზავნათ ბრძანება დამხობისა და გადასახლების მუქარით, ხელი მოეწერათ ათანასესთვის გამოტანილ განაჩენზე.

რომის პაპი ლიბერიუსი მილანის კრებას არ ესწრებოდა და მტკიცედ უჭერდა მხარს ათანასეს. კონსტანციუსმა მისი გადაბირება მოისურვა და ძღვენი გაუგზავნა საჭურისის ხელით. ლიბერიუსმა საჩუქარი არ მიიღო და დესპანს უთხრა: "დაე, შედგეს მართალი კრება, რომელსაც არ შეეშინდება ამა სოფლის მსაჯულებისა და მხოლოდ ღვთისმოშიშება და მოციქულთა კანონებისადმი კრძალვა ექნება. დაე, მიიღოს ნიკეის სიმბოლო და მაშინ განვიხილავთ ათანასეს საქმეს".

საჭურისმა ძღვენი მოციქულთა საფლავებზე დაალაგა, ლიბერიუსმა კი მათი გადაყრა ბრძანა, როგორც სისხლის საფასურისა. მაშინ კონსტანციუსმა სხვა ხერხს მიმართა: რომში მღელვარების თავიდან ასაცილებლად ღამით შეაპყრობინა და მილანში, თავისთან მიაყვანინა ლიბერიუსი, რომელსაც ისევ მოსთხოვა, ხელი მოეწერა და დაეგმო ათანასე.

- ხელმწიფეო, ეკლესიის სამსჯავრო მართალი უნდა იყოს, ხოლო მსოფლიო ეკლესიამ ათანასე უდანაშაულოდ სცნო! - მიუგო პაპმა.

- კადნიერდები და მარტო უმხედრდები მთელ ქვეყანას? - უყვირა განრისხებულმა კონსტანციუსმა.

- მარტოც რომ დავრჩე, ჭეშმარიტი რწმენა არ დაიღუპე¬ბა, ბაბილონში იგი სამმა ყრმამ შეინარჩუნა.

- დამეთანხმე და რომში დაბრუნდები. არა და გადაგასახლებ. სამ დღეს გაძლევ მოსაფიქრებლად!

- მე უკვე გამოვეთხოვე რომაელ მოძმეებს, ვერც სამი დღე და ვერც სამი თვე შემაცვლევინებს გადაწყვეტილებას. გამაგზავნე, სადაც გსურდეს... - იყო პაპ ლიბერიუსის საბოლოო პასუხი.

პაპი ლიბერიუსი თრაკიაში გადაასახლეს. და მის მაგივრად დანიშნეს ეპისკოპოსი ფელიქსი, რომელიც ხალხმა არ აღიარა; ყოველივე ამის შემდეგ რომში შფოთი და არეულობა დაიწყო. მალე რომაელთა დაჟინებული მოთხოვნით იმპერატორმა უკანვე გამოიწვია პაპი. სამწუხაროდ, პაპმა ლიბერიუსმა ზეწოლას ბოლომდე ვერ გაუძლო, რომში დაბრუნებამდე იგი სირმიაში შეკრებილ მესამე, ნახევრად არიანულ კრებაზე გამოიძახეს და აიძულეს, ხელი მოეწერა მის დადგენილებებზე. შემდგომში წმიდა პაპი საშინლად ნანობდა თავის ამ საქციელს და სინანულის ღირსი ნაყოფის გამოსაღებად კიდევ უფრო მეტი მოშურნეობით იღვწოდა რომში მართლმადიდებლობის განმტკიცებისათვის. წმინდა პეტრე მოციქულის დარად სინანულში განვლო დარჩენილი ცხოვრება და მიიცვალა 366 წელს.

ბეჭდვა
1კ1