წმინდა ოსია აღმსარებელი, კორდუბელი ეპისკოპოსი (+359) - 27 აგვისტო (9 სექტემბერი)
წმინდა ოსია აღმსარებელი, კორდუბელი ეპისკოპოსი (+359) - 27 აგვისტო (9 სექტემბერი)
წმინდა ოსია აღმსარებელი IV საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი სამოცზე მეტი წელი წინამძღვრობდა კორდოვის (ესპანეთი) ეკლესიას. წმინდა იმპერატორი კონსტანტინე დიდი (306-337) დიდ პატივს სცემდა მას და თავის უახლოეს მრჩევლადაც გაიხადა. სწორედ ოსიას რჩევით მოიწვია ღვთისმოყვარე ხელისუფალმა ნიკეის I მსოფლიო კრება 325 წელს. წმინდა მამა ამ კრების ყოველი დადგენილების ქვეშ პირველი აწერდა ხელს. წმინდა კონსტანტინე დიდის მიცვალების შემდეგ ოსია მტკიცედ იცავდა მღვდელმთავარ ათანასე ალექსანდრიელს არიანელი იმპერატორის კონსტანციუსისაგან (337-361). 347 წელს იგი თავმჯდომარეობდა სერდის ადგილობრივ კრებას. დასავლეთის იმპერატორმა კონსტანსმა გადაწყვიტა, ღიად დაეჭირა მხარი ათანასესთვის, რომელსაც პირადად იცნობდა და პატივს სცემდა; იცოდა, თუ რაოდენ უსამართლოდ დევნიდნენ მას. იგი თავის ძმას, კონსტანციუსს შეხვდა და დაარწმუნა, მოეწვია საერთო კრება, განეხილა ბრალდებები და თუ ათანასე გამართლდებოდა, ალექსანდრიაში დაებრუნებინა. კონსტანციუსი დაეთანხმა. კრება მოიწვიეს ძმების სამფლობელოთა საზღვარზე მდებარე ქალაქ სერდიკაში (ახლანდელი სოფია). შეიკრიბა ას სამოცდაათი ეპისკოპოსი, რომელთა შორის იყვნენ დასავლეთში ცნობილი ღირსეული პირები. კრებას, როგორც უკვე მოგახსენეთ, ღირსი ოსია კორდუბელი თავმჯდომა-რეობდა. სერდიკაში კრებაზე ჩავიდნენ ათანასეს მტრებიც, მაგრამ, როგორც კი დარწმუნდნენ, რომ კრების უმრავლესობა ათანასეს უჭერდა მხარს და მათ წინააღმდეგ ძლიერი, უტყუარი მტკიცებულებანი გააჩნდათ, უმნიშვნელო მიზეზის გამო უეცრად მიატოვეს სერდიკა და სხვა ქალაქში მოიწვიეს კრება, რომელზეც ათანასე დამნაშავედ ცნეს. ეს მოხდა ქალაქ ფილიპოპოლში (ახლანდელი პლოვდივი), რომელიც აღმოსავლეთის იმპერატორს ემორჩილებოდა, არიანელები ამიტომაც გრძნობდნენ თავს თავისუფლად და არაფერს ერიდებოდნენ. ეპისკოპოსებს, ვინც მათ არ ეთანხმებოდა, გადასახლებაში აგზავნიდნენ, ათანასეს ბევრი მომხრე სასიკვდილოდ გაიმეტეს... მათ ალექსანდრიაში გააგზავნეს ბრძანება, რომლის თანახმად, სიკვდილით უნდა დაესაჯათ ყველა იქ ჩასული მართლმადიდებელი ეპისკოპოსი. ეს ყველაფერი კონსტანციუსის ნე¬ბართვითა და ხელშეწყობით ხდებოდა - იგი ძმის შიშით ვერ ბედავდა ათანასესთან აშკარად დაპირისპირებას და ფარულად აქეზებდა მის მოწინააღმდეგეებს.

ამასობაში სერდიკაში მოწვეულმა კრებამ ზედმიწევნით გაარჩია ყველა ბრალდება და სრულად გაამართლა ათანასე, მეტიც, მისი განჩინებით, ნიკეის სიმბოლოს გარდა სხვა რომელიმე სიმბოლოს მიღება დაუშვებლად გამოცხადდა

სწორედ ათანასე ალექსანდრიელის გულშემატკივრობისა და დაცვის გამო იმპერატორის კონსტანციუსის ბრძანებით ღირსი ოსია სირმიაში გაასახლეს. იგი მშვიდობით მიიცვალა 359 წელს, კორდოვაში დაბრუნების შემდეგ.

ბეჭდვა
1კ1