წმ. ირინეოს ლიონელი (+202) - 23 აგვისტო (5 სექტემბერი)
წმ. ირინეოს ლიონელი (+202) - 23 აგვისტო (5 სექტემბერი)
წმ. ირინეოს ლიონელი, სიჭაბუკეში ყოფილა წმ. პოლიკარპე სმირნელის ქადაგებათა მსმენელი. წმინდა მღვდელმთავარს განუსწავლია ირინეოსი ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში. საქართველოს იმედის ხატს წმინდა პოლიკარპესთან ერთად ისიც ამშვენებს.

მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელის ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) აღასრულებს. იგი 130 წელს დაიბადა ქალაქ სმირნაში. აქვე მიიღო ბრწყინვალე განათლება: დაეუფლა პოეზიას, ფი¬ლოსოფიას, რიტორიკასა და სხვა მეცნიერებებს. ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში იგი მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფემ, მღვდელმთავარმა პოლიკარპე სმირნელმა განსწავლა. მანვე მონათლა ჭაბუკი, ხუცესად აკურთხა და გალიის ქალაქ ლუგდუნში (დღევანდელი ლიონი - საფრანგეთში) გაგზავნა მხცოვან მღვდელმთავარ პოთინესთან. 178 წელს, ეპისკოპოს პოთინეს მოწამებრივი აღსასრულიდან ერთი წლის თავზე, ნეტარ ირინეოსს ქალაქ ლუგდუნის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. "მოკლე ხანში, - წერდა წმინდანის შესახებ მღვდელმთავარი გრიგოლ ტურელი, - თავისი ქადაგებით მან მთელი ლუგდუნი ქრისტიანულ ქალაქად აქცია!" როდესაც ქრისტიანთა დევნა ჩაცხრა, წმინდანმა მართლმადიდებლური სწავლება გადმოსცა ერთ-ერთ მთავარ ნაშრომში "ხუთი წიგნი მწვალებლობათა შესახებ". "ყველამ, ვისაც სურს ჩასწვდეს ჭეშმარიტებას, უნდა მიმართოს ეკლესიას, რადგან მოციქულებმა მხოლოდ მას ერთადერთს გაანდვეს საღვთო ჭეშმარიტება, ის არის ცხოვრების კარიბჭე", - წერდა ირინეოს ლიონელი.

იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობის დროს, 202 წელს, ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის მღვდელმთავარ ირინეოსს თავი მოჰკვეთეს.

წმინდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი, წმინდა პოლიკარპე სმირნელი და წმინდა ირინეოს ლიონელი - დიადი მემკვიდრეობითობის სამი უწყვეტი რგოლია ზეციური მადლმოსილების უმტკიცეს ჯაჭვში, რომელიც უფლის სიტყვას ღვთივმომადლებული სიბრძნით ქადაგებდა მართლმორწმუნეებში.

ბეჭდვა
1კ1