წმინდა კალინიკე - კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+705) - 23 აგვისტო (5 სექტემბერი)
წმინდა კალინიკე - კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+705) - 23 აგვისტო (5 სექტემბერი)
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია კონსტანტინოპოლის წმინდა პატრიარქ კალინიკეს იხსენიებს. 693 წელს პატრიარქ პავლეს (686-693) მიცვალების შემდეგ, კონსტანტინოპოლის ეკლესიის პატრიარქად აირჩიეს წმინდა კალინიკე. პატრიარქობამდე კალინიკე კონსტანტინოპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის მღვდელი იყო. იმ დროს საიმპერატორო ტახტი სისასტიკით ცნობილ იუსტინიანე II-ს (685-695) ეპყრა. იუსტინიანე II-მ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სიახლოვეს სასახლის აშენება გადაწყვიტა და კალინიკეს უბრძანა, ამ ტაძრის დანგრევაზე მიეცა კურთხევა. წმინდა მამამ უპასუხა, მე მხოლოდ ტაძრების აშე-ნებისთვის ვლოცულობ და არა მათი შემუსვრისათვისო. როცა საყდარი მაინც დაარღვიეს, ნეტარმა ცრემლებით ღაღად-ჰყო: "დიდება შენდა, უფალო, ყოველთა დამთმენელო!"

მალე იუსტინიანეს ღვთის სასჯელი დაატყდა თავს: ელადის სტრატეგმა ლეონსმა 695 წელს იგი ტახტიდან ჩამოაგდო, ცხვირი მოაჭრა და ყირიმში, ხერსონესის კოლონიაში გადაასახლა. იქაურებს არ უყვარდათ ის და დევნიდნენ. ათი წლის შემდეგ იუსტინიანე ყირიმიდან გემით გაიქცა და თავშესაფარი სთხოვა ბულგართა ხან ტერველს ქალაქ პლისკაში. აქედან იგი ბულგარელთა ჯარებით დაბრუნდა კონსტანტინოპოლში. მან პატრიარქ კალინიკესა და იმპერატორს აღუთქვა, რომ ქალაქში შესვლის შემდეგ არავის არაფერს ავნებდა და ჯვარზე, სახარებაზე და წმინდა საიდუმლოებებზე დაიფიცა, მაგრამ, როცა კონსტანტინოპოლში შეაღწია, წარჩინებულ მოქალაქეთა და ხალხის ხოცვა-ჟლეტა დაიწყო, იმპერატორს კი თავი მოჰკვეთა. მღვდელმთავარი კალინიკე მისი ბრძანებით შეიპყრეს, თვალები დასთხარეს, ენა მოაჭრეს და რომში ქვითკირის კედელში ცოცხლად ჩააშენეს. ორმოცი დღის შემდეგ კედელი ჩამოირღვა და წმინდა მამა ჯერ ისევ ცოცხალი, მაგრამ უკვე სულთმობრძავი იპოვეს. ოთხი დღის შემდეგ იგი მიიცვალა (+705). რომის პაპს, იოანე VI-ს (701-705) ძილში პეტრე და პავლე მოციქულები გამოეცხადნენ და უბრძანეს, პატრიარქი კალინიკე რომში, მოციქულთა ტაძარში დაეკრძალათ. მას შემდეგ, რაც მოახერხა ტახტის დაბრუნება, იუსტინიანე სასტიკად გაუსწორდა ხერსონელებს. სასტიკ იმპერატორს წმინდა პატრიარქის ცოდვა მალე ეწია, 711 წელს ის ხელმეორედ ჩამოაგდეს ტახტიდან და იმავე წლის 11 დეკემბერს მოკლეს.

ბეჭდვა
1კ1