ღირსი ისააკ ოპტელი (+1894) - 22 აგვისტო (4 სექტემბერი)
ღირსი ისააკ ოპტელი (+1894) - 22 აგვისტო (4 სექტემბერი)
ღირსი ისააკი 1810 წელს დაიბადა კურსკში. ივან ანტიმონოვისა და ანა პუზანოვას ოჯახში. ანტიმონოვების გვარი კურსკელ ვაჭართა წრეს მიეკუთვნებოდა. ოჯახში შემორჩენილი იყო ძველი, პატრიარქალური წეს-ჩვეულებები. შვილები მამის წინ უნებართვოდ დაჯდომას ვერ ბედავდნენ. მაშინდელი ვაჭრები ღვთისმოშიშებასა და პატიოსნებას უნერგავდნენ შვილებს. პატარა ივანე (მამა ისააკი ერისკაცობაში) მამას ეხმარებოდა ვაჭრობაში და არც სულიერ მუშაკობას დაუტევებდა. ერისკაცობაში, მონასტერში წასვლამდე, 19 წელი ყოველდღიურად ათ მეტანიას აღავლენდა, რასაც ახლობლებს საგანგებოდ უმალავდა. ცდილობდა, ხსნილში ხორცი არ ეჭამა, დიდი გულმოდგინებით დადიოდა ღვთის სახლში მსახურებაზე და კლიროსზე გალობდა კიდეც.

ივანეს მონასტერში წასვლა კი უნდოდა, მაგრამ მშობლების მიმართ მორჩილება მისთვის უმთავრესი იყო. მამა მონასტერში არ გაუშვებდა, მისი დალოცვის გარეშე კი ამას ვერ გაბედავდა. ღვთისგან განსაკუთრებულ მინიშნებას ელოდებოდა.

36 წელი რომ შეუსრულდა, მისი ძმა, მიხეილი, ოპტის უდაბნოში წავიდა მონაზვნად. ძმასთან სტუმრობისას ბევრი რამ შეიტყო იმდროინდელი ოპტელი მამების შესახებ და პირადადაც გაიცნო ისინი. 1847 წელს ივანე მამამ კიევში გაუშვა საქმეზე. როცა ყველაფერი მოაგვარა, ოპტის მონასტერს მიაშურა, მამას კი წერილით შენდობა სთხოვა. სკიტში დასახლდა, მაგრამ სულის სიმშვიდე მაინც ვერ პოვა. მამა მაკარის კურთხევით, ერთი წლის მერე ჩავიდა კურსკში და მშობლებს შეურიგდა. დაიწყო ყოველდღიური მონასტრული ცხოვრება. 1854 წელს ივანე მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ისააკი უწოდეს.

1860 წელს მამა მაკარმა წინასწარგანჭვრიტა მამა მოსეს სიკვდილი. მოსკოვში მიტროპოლიტ ფილარეტთან გაემგზავრა და სხვათა შორის აღნიშნა, რომ ისურვებდა, მამა მოსეს გარდაცვალების შემდეგ, მონასტრის წინამძღვრად მამა ისააკი დანიშნულიყო. აღუწერა მამა ისააკის ზნეობრივი და სულიერი პორტრეტი. მეუფე დათანხმდა. ეს მამა ისააკმა გაიგო, მაშინვე მივიდა მამა მაკართან და რჩევა ჰკითხა, როგორ აეცილებინა ეს მძიმე ტვირთი. მოძღვარმა კი უთხრა, - თუ ღვთის ნება იქნება და აგირჩევენ, უარი არ თქვა. ოღონდ არ გაამაყდეო. იმავე წლის ბოლოს მამა მაკარი გარდაიცვალა და ისააკის სულზე ზრუნვა თავის სულიერ შვილს, ღირს ამბროსის მიანდო.

ორი წლის მერე წმინდა მოსე ოპტელიც გარდაიცვალა და წინამძღვრად მამა ისააკი დაადგინეს. მძიმე იყო ამის ტვირთვა მყუდროებისმოყვარე ბერისთვის, რომელიც თა-ვისუფალი დროის უმეტეს ნაწილს წმინდა მამათა წიგნების კითხვაში ატარებდა. დიდად წაადგა თავისი ძმის, არქიმანდრიტ მელეტის ღრმადსულიერი ეპისტოლე. მამა მელეტი მაშინ უკვე კიევის მღვიმის ლავრის წინამძღვრის ნაცვალი გახლდათ. მამა ისააკი მთელი სიცოცხლე მკაცრად იცავდა ძმის მცნებებს, განსაკუთრებით ძმის რჩევას, რომ არასოდეს წაეკითხა მონასტრის ძმების წერილები.

მამა მოსე უაღრესად მოწყალე იყო, როცა მამა ისააკმა წინამძღვრობა ჩაიბარა, მამა მოსეს საწინამძღვრო სკივრში მხოლოდ ერთი გრივენიკი (ფულის ერთეული იყო რუსეთში) აღმოჩნდა - სკივრის ნაპრალში ჩაჭედილიყო და მამა მოსეს ვერ შეემჩნია, თორემ აუცილებლად გასცემდა. წინამძღვრობის პირველი დღეები მძიმე გამოცდა იყო მამა ისააკისთვის და განმამტკიცებელი - საღვთო განგებულებისადმი რწმენაში. არაერთხელ უტირია იმის გამო, რომ ძმობის შენახვის თავი არა ჰქონდა. მაგრამ უეცრად ვიღაცამ მონასტრის ვალები გადაიხადა, ერთი ღვთისმოშიში ქრისტიანის ანდერძით, სავანეს 15 000 მანეთი შესწირეს. მონასტრის შემოსავალი იზრდებოდა. ამის მიზეზი გახლდათ წმინდა ამბროსი ოპტელი, რომელთანაც მთელი ქვეყნიდან უამრავი ადამიანი მოდიოდა, საკმაოდ შეძლებულები. ისააკმა დაამთავრა მამა მოსეს დაწყებული ტაძრის მშენებლობა, ზოგიერთი გააფართოვა. ააშენა საავადმყოფო, შიგ პატარა ტაძრით. გაიყვანა წყალი, გადააკეთა დამხმარე კორპუსები, შეიძინა მიწები, ააგო სანთლის ქარხანა და სხვა. ის დიდ ყურადღებას აქცევდა ძმათა ერთობას და სულიერ მდგომარეობასაც. ძმათა სულებზე კი მაშინ წმინდა ამბროსი ოპტელი ზრუნავდა. მისი გარდაცვალების ოთხი წლის მერე შეწყდა ღირსი ისააკის მიწიერი ცხოვრება. სიკვდილის წინ ძმებმა ჰკითხეს, - მამაო, როგორ ვიცხოვროთ უშენოდო. `იცხოვრეთ სინდისის მიხედვით, შეწევნა სთხოვეთ ზეციურ დედოფალს და ყველაფერი კარგად იქნება".

ბეჭდვა
1კ1