ღირსი აბრაამ სმოლენსკელი (+1220) - 21 აგვისტო (3 სექტემბერი)
ღირსი აბრაამ სმოლენსკელი (+1220) - 21 აგვისტო (3 სექტემბერი)
ღირსი აბრაამ სმოლენსკელი დაიბადა XII საუკუნის შუა წლებში, სმოლენსკში, მდიდარ და დიდგვაროვან ოჯახში. მის მშობლებს თორმეტი ქალიშვილი ჰყავდათ და უფალს ძეს სთხოვდნენ. შემოქმედმა შეისმინა მათი ვედრება და მისცა აბრაამი. ღირსი მამა ბავშვობიდანვე ღვთის შიშით იზრდებოდა, ხშირად ესწრებოდა ტაძარში ღვთისმსახურე¬ბას, ჰქონდა შესაძლებლობა საერო განათლება მიეღო შინ. მშობლები იმედოვნებდნენ, რომ მათი ერთადერთი ვაჟი ოჯახს შექმნიდა და დიდგვაროვან შთამომავლობას გააგრძელებდა, თუმცა აბრაამი სულ სხვა ცხოვრებას მიელტვოდა.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ აბრაამმა მთელი ქონება გაყიდა, ფული ეკლესია-მონასტრებს და გლახაკებს დაურიგა, თავად კი ქალაქის შემოგარენში დადიოდა და ლოცულობდა, რომ უფალს სულის ხსნის გზა ეჩვენებინა მისთვის. ღირსი აბრაამი ბერად შედგა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში, რომელიც სმო¬ლენსკიდან ხუთი მილის დაშორებით მდებარეობდა. მონასტერში ახალბედა ბერის მორჩილება წიგნების გადაწერა და მოწესრიგება იყო, რასაც წარმატებით ართმევდა თავს. ამ საქმიანობით აბრაამმა დიდი სულიერი სიმდიდრე შეიძინა საღვთისმეტყველო ცოდნის სახით. სმოლენსკელმა თავადმა რომან როსტისლავიჩმა (1170) ქალაქში სასწავლებელი დააარსა, სადაც სწავლება მიმდინარეობდა არა მხოლოდ სლავური წიგნებით, არამედ ბერძნული და ლათინური წიგნებითაც. თავად თავადს ჰქონდა ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა, რომლითაც ხშირად სარგებლობდა ღირსი აბრაამი. როგორც უბრალო ბერი ღირსი აბრაამი 30 წელი მოღვაწეობდა მონასტერში, ბოლოს, 1198 წელს, იღუმენმა მას მღვდლად დაასხა ხელი. ამის შემდეგ ღირსი მამა ყოველდღე ასრულებდა ღვთისმსახურებას როგორც მონასტრის საძმოსთვის, ისე უბრალო მრევლისთვის. მალე ის თავისი ქადაგებებით და ღვთისმსახურებით ცნობილი გახდა ქალაქში, რაც მონასტრის დანარჩენ ბერებს შეშურდათ. ბოლოს, შურმა იღუმენსაც დაუბრმავა სულიერი თვალი და ხუთი წლის შემდეგ აბრაამი იძულებული გახდა, მონასტერი დაეტოვებინა - გადავიდა სმოლენსკის ჯვართამაღლების მონასტერში. მდიდართა შემოწირულობით ღირსმა მამამ ხატებით, სასანთლეებითა და ფარდებით გაამშვენა მონასტერი.

თავადაც დაწერა ორი ხატი. ერთი საშინელ სამსჯავროს ასახავდა, მეორე კი წამების განსაცდელს. მოღვაწეობა, მარხვა, ლოცვა, შრომა მონასტერში აისახა მის გარეგნობაზეც, ღირსი მამა ბასილი დიდს ჰგავდა. ღირისი აბრაამი მკაცრი იყო, როგორც საკუთარი თავის, ისე სულიერი შვილების მამართ. ის დაუღალავად ქადაგებდა ყველასთვის, ვინც კი მის კელიის კარზე დააკაკუნებდა და სულისთვის სასარგებლო რჩევას ითხოვდა. ღირსი მამის ქადაგებები უმეტესად სინანულს და საშინელ სამსჯავროს შეეხებოდა. ქალაქის ცნობილმა პირებმა და ზოგიერთმა სასულიერო პირმა ეპისკოპოს ეგნატეს მისი გასამართლება მოსთხოვეს, ბრალად სდებდნენ ქალების მიმართ ლტოლვას და სულიერი შვილების შეცდენას. გარდა ამისა, მას ერეტიკოსობას და აკრძალული წიგნების კითხვასაც აბრალებდნენ. ბრალმდებლები მის დახრჩობას, ან დაწვას მოითხოვდნენ. სასამართლოზე თავადებს და ეპისკოპოსს ყველა ბრალდებაზე უპასუხა ღირსმა მამამ და თავიც ღირსეულად დაიცვა, თუმცა მას მაინც აუკრძალეს ღვთისმსახურება და გადაიყვანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში, სადაც დაიწყო ბერმონაზვნური ცხოვრება. უსამართლო სასჯელის გამო სმოლენსკელებს ღვთის რისხვა დაატყდათ, დაიწყო საშინელი გვალვა. მხოლოდ მაშინ დაეცა წვიმის წვეთი სმოლენსკის მიწას, როცა მღვდელმთავარმა ეგნატემ შენდობა სთხოვა ღირს აბრაამს და ღვთისმსახერების აღსრულების უფლება მისცა.

ეპისკოპოსის კურთხევით აშენდა ახალი მონასტერი, სადაც დააბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ნაწილი. ამ მონასტრის იღუმენად მღვდელმთავარმა ეგნატემ ღირსი აბრაამი დანიშნა და თავადაც ეპარქიის დატოვების შემდეგ იქ გადასახლდა. ბევრს სურდა ღირსი მამის ხელმძღვანელობით წარემართა თავისი სულიერი ცხოვრება, მაგრამ ნეტარი მსურველებს გამოცდის შემდეგ იღებდა. ასე მკაცრად არჩევდა მონასტრის საძმოს, ამიტომაც მონასტერი მხოლოდ 17 ბერს ითვლიდა. მონასტერში 50-წლიანი ცხოვრების შემდეგ, 1224 წლამდე, ღირსი აბრაამი აღესრულა მშვიოდობით. უკვე XIII საუკუნის ბოლოს მას ღვთისმსახურებაზე იხსენიებდნენ.

ბეჭდვა
1კ1