ღირსი ფილიბერტ ჟიუმეჟელი (+685) - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
ღირსი ფილიბერტ ჟიუმეჟელი (+685) - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
წმინდა ფილიბერტი 617 წელს დაიბადა აკვიტანიის ქალაქ ოზში. მამამისი წარჩინებული იყო და შემდგომში ეპისკოპოსი გახდა. მან შვილს ღვთის შიში ჩაუნერგა. 13 წლისა ფილიბერტი მეფე დაგობერტის კარზე გაგზავნეს. აქ მან გაიცნო და დაუმეგობრდა წმინდა ელიგიეს, წმინდა ვანდრეგიზილს და წმინდა ავდუენს, რომელსაც დადონსაც ეძახდნენ. მათ მას მონაზვნობის სიყვარული გადასდეს. ოთხი წლის შემდეგ ფილიბერტი რებეს მონასტერში შემონაზვნდა. ის სწრაფად წარემატა სულიერადაც და როცა იღუმენი გარდაიცვალა, წმინდა ფილიბერტი მის ნაცვლად აირჩიეს. მაგრამ მისმა სიმკაცრემ, მომთხოვნელობამ ზოგიერთი მონაზვნის გულისწყრომა გამოიწვია და მისი განდევნა გადაწყვიტეს. მოჯანყეებს ღვთის რისხვა ეწვია, წმინდა ფილიბერტმა ეს ღვთის მინიშნებად ჩათვალა და მონასტერი დატოვა.

მან სხვადასხვა ადგილი მოიარა, მოინახულა რუანის ეპარქიაც, რომელსაც მისი მეგობარი დადონი ხელმძღვანელობდა. ეტყობა, ეპისკოპოსის მხარდაჭერით, მეფე ხლოდვიგ II-მ და დედოფალმა წმინდა ბატილდამ მას ჟიუმეჟის ტყეში მიწის ნაკვეთი გადასცეს მონასტრის ასაშენებლად, რომელიც იქ რამდენიმე წლით ადრე წმინდა ვანდრეგიზილმა დააარსა. წმინდა ფილიბერტმა მონასტერი წმინდა კოლუმბანის ტიპიკონის მიხედვით მოაწყო, რომელსაც დაუმატა აღმოსავლელ მამათა დარიგებები და წმინდა ბენედიქტეს ტიპიკონის ნაწილი, რომელიც იმ დროს გალიაში იყო გავრცელებული. მონაზვნები მოვალენი იყვნენ მკაცრად, მოსაგრედ ეცხოვრათ, ტყე გაეწმინდათ. მათ ხალხი შეუერთდა და მალე სავანეში ცხრაასამდე მონაზონი ცხოვრობდა. ჟიუმეჟიდან ოც კილომეტრში პავიაში დაარსდა დედათა მონასტერი, რომელიც წმინდა ფილიბერტს ემორჩილებოდა. წმინდანი ბევრს იღვწოდა ადგილობრივ მკვიდრთა განსანათლებლად, გამოისყიდიდა მონებს, რომელიც ინგლისში გემებით მიჰყავდათ. იყო პირუთვნელი, არ ერიდებოდა დიდებულებს, თუკი მათ უზნეობას შეამჩნევდა, რისთვისაც ის ებროინს, იმ მხარის მმართველს მცირე ხნით საპყრობილეშიც კი ჰყავდა ჩამწყვდეული. მეტი სიმშვიდისთვის მან დატოვა იქაურობა და აკვიტანიაში დაბრუნდა, სადაც პუატეს სიახლოვეს კენსეის მონასტერი აღადგინა, იქ წინამძღვრად თავისი მოწაფე, წმინდა აიხარდი დაადგინა, თვითონ კი ეროს კუნძულზე განმარტოვდა. აქ მან ჟიუმეჟელ მონაზვნებთან ერთად ნუარმუტეს მონასტერი დააარსა.

ებროინის სიკვდილის შემდეგ ჟიუმეჟელმა მონაზვნებმა მონასტერში დაბრუნება სთხოვეს და დიდი ზეიმით მიიღეს. წმინდანმა წესრიგი აღადგინა მონასტერში, დააარსა ორი ახალი სავანე და რამდენიმე თვის შემდეგ ჟიმეჟში აბატად აიხარდი დაადგინა, თვითონ კი ნუარმუტეში დაბრუნდა. იქ მან მშვიდობიანად განვლო სიცოცხლის დარჩენილი წლები და მონაწილეობდა კუნძულზე მონასტრების განვითარებაში.

684 წლის 20 აგვისტოს წმინდა ფილიბერტი მშვიდობიანად აღესრულა. შემოსევების გამო მის წმინდა ნაწილებს სხვადასხვა ადგილას გადაასვენებდნენ ხოლმე. ალბათ ამიტომაც საფრანგეთში სამოცი ტაძარია წმინდა ფილიბერტის სახელობისა.
....................

სურათზე: რელიქვარიუმი წმინდა ფილიბერტის წმინდა ნაწილებით, ქალაქი ტურნიუ

ბეჭდვა
1კ1