ღირსი თეოფანე ახალი, ნავსელი მოღვაწე (XV-XVI) - 19 აგვისტო (01 სექტემბერი)
ღირსი თეოფანე ახალი, ნავსელი მოღვაწე (XV-XVI) - 19 აგვისტო (01 სექტემბერი)
ღირსი მამა თეოფანე დიდებულ ქალაქ იანინიდან იყო. მან სიყრმის წლებიდანვე შეიყვარა სიწმინდე და, უხრწნელობა სულისა და ხორცისა, შეინახა. როცა ასაკში შევიდა, ღვთის სიყვარულისთვის დატოვა სამშობლო, ახლობლები, მეგობრები და მთაწმინდისკენ ისწრაფა და დოქიარის მონასტერში დასახლდა. აქ ის მალევე მონაზვნად აღიკვეცა და ანგელოზებრივ ღვაწლს შეუდგა. გასაოცარი იყო მისი მარხვა, ლოცვა, მორჩილება, ხორცის მოკვდინება, სულის სიწმინდეზე ზრუნვა, არაწმინდა გულისთქმებისგან თავის დაცვა. სწორედ ამ სრულყოფილი სათნოებების გამო ის ერთხმად აირჩიეს მონასტრის იღუმენად. მას მერე, რაც ქრისტეს ფარის მწყემსი გახდა - უფრო გააძლიერა ღვაწლი, მარხვა მარხვას შემატა და ლოცვა ლოცვას. ის მიწაზე ანგელოზივით ცხოვრობდა.

წმინდა თეოფანეს მცირეწლოვანი დისშვილი თურქებმა მოიტაცეს, სტამბოლში ჩაიყვანეს და ისლამი მიაღებინეს. წმინდა თეოფანემ მწარედ განიცადა ეს უბედურება; მაშინვე კონსტანტინოპოლში ჩავიდა და ღვთის შეწევნით მოახერხა მისი დახსნა - ჩამოყვანა მონასტერში და მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, მონაზვნად აღკვეცა. მაგრამ მონასტრის ძმებს შეეშინდათ, რომ ეს საქმე თურქების ყურამდე არ მისულიყო და წარწყმედილი ყმაწვილის ქრისტიანად მოქცევისთვის მონასტერი არ დაესაჯა; დაიწყეს დრტვინვა, როგორც იღუმენზე, ისე მის დისშვილზე. წმინდა თეოფანემ დატოვა არა მხოლოდ დოქიარის მონასტერი, მიატოვა ათონიც და ვერიაში ჩავიდა. აქ ნათლისმცემლის სკიტში ააშენა ტაძარი ღვთისმშობლის სახელზე, მის გარშემო უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მონაზვნად აღკვეცა, ათონური ტიპიკონი დაუდგინა და როცა მისმა დისშვილმა სულიერი სიმწიფის ასაკს მიაღწია, მონასტერი მას დაუტოვა, თვითონ ქალაქ ნაუსში ჩავიდა, შესაფერისი ადგილი მოძებნა და იქ მთავარანგელოზის ტაძარი და მონასტერი ააშენა, სადაც უამრავი მონაზონი შეკრიბა და მათ ბრძნულად მართავდა. დიდი ხნის მერე თავის დაარსებულ ვერიაში, პირველ მონასტერში დაბრუნდა და სიცოცხლის დარჩენილი წლები აქ გაატარა. უკვე ღრმად მოხუცებულმა განჭვრიტა თავისი გარდაცვალების მოახლოება, მოუხმო მონაზვნებს, უთხრა მათ ამის შესახებ, ანუგეშა ძმები, რომ მათ სულით არასოდეს გაშორდებოდა. მშვიდად ჩააბარა სული უფალს და ამავე მონასტერში დაკრძალეს. წმინდანი ჯერ კიდევ სიცოცხლეში ახდენდა სასწაულებს და გარდაცვალების შემდეგაც განადიდა უფალმა ნიშ-სასწაულებით. 1822 წელს, ვერიის მონასტრის დანგრევის შემდეგ, მისი წმინდა ნაწილები ნაუსუში გადაასვენეს და დღემდე იქაა დასვენებული და მადლისა და სასწაულების წყაროა.

ბეჭდვა
1კ1