ღირსი ბარნაბა და სოფრონი - სუმელას ღვთისმშობლის მონასტრის დამაარსებელნი (+412) და ღირსი ქრისტეფორე - აღმადგინებელი ამ სავანისა (VII) - 18 (31) აგვისტო
ღირსი ბარნაბა და სოფრონი - სუმელას ღვთისმშობლის მონასტრის დამაარსებელნი (+412) და ღირსი ქრისტეფორე - აღმადგინებელი ამ სავანისა (VII) - 18 (31) აგვისტო
გადმოცემით, XIII საუკუნეში ვინმე ათენელ ხუცესს, მამა ბასილს ღვთისმშობელი გამოეცხადა, - შენს ძმისშვილ დიაკვან სოტირიხოსთან ერთად მონაზვნად უნდა აღიკვეცო და ახალგაზრდა ყველაფერში უნდა დაგემორჩილოსო. ბიძა-ძმისწული მაშინვე გაემართნენ ტაძრისკენ, სადაც დასვენებული იყო გარდამოცემით - ლუკა მახარებლის მიერ დახატული ღვთისმშობლის ხატი, ღვთისმშობლის ხმა მოესმათ, რომელიც არწ-მუნებდა, რომ მათი მეგზური იქნებოდა მელას მთამდე, სადაც ბიძა-ძმისწულს მის სახელზე ეკლესია უნდა აეშენებინა. უცებ ორმა ანგელოზმა წმინდა ხატი წააბრძანა.

მღვდელი და დიაკვანი მონაზვნად აღიკვეცნენ ბარნაბას და სოფრონის სახელით. ღვთისმშობლის წინამძღოლობით მამებმა კოლონიამდე მიაღწიეს, სადაც ეპისკოპოსმა პეტრემ სოფრონი მღვდლად აკურთხა. შემდეგ გაემართნენ საბერძნეთისკენ, თესალიაში თაყვანი სცეს წმინდა აქილეს და წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილებს და თესალონიკამდე მიაღწიეს. ერთხანობა ათონზე ვათოპედის მონასტერში ცხოვრობდნენ, მერე კი ღვთისმშობლის გამოგზავნილი ხომალდით თრაკიის ქალაქ მარონში ჩავიდნენ. იქიდან პაპიკის მთის მონაზვნურ ცენტრისკენ გაემართნენ, შემდეგ კი გზა აღმოსავლეთისკენ გააგრძელეს. გზად ფსალმუნების ნაწილს ხმამაღლა კითხულობდნენ, ნაწილს კი ღამისთევის ლოცვების დროს. აბობოქრებულ მდინარე გებრზე, როგორც ხმელზე ისე გადავიდნენ. ამ სასწაულს იქაური ხალხი შეესწრო და ღირს მამებს ლოცვა სთხოვა, რომ მათ მინდვრებს შესეული კალიებისგან დაეხსნა. მამების ლოცვით კალები ღრუბელივით შეკრბნენ და მდინარეში ჩაეყარნენ. შემდეგ მამებმა ლატრიის მონაზვნური ცენტრი მოინახულეს, სნეულები განკურნეს. მერე ეფესოში შეჩერდნენ, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მოსალოცად. გზად ავაზაკები დაესხნენ, მამებმა მათ ერთადერთი საგანძური, პატიოსანი ჯვარი აჩვენეს. ყაჩაღები გააოცა იმ ნათელმა, რაც ჯვარიდან იფრქვეოდა, მიწაზე დაემხნენ და მათ გაყვნენ. ეფესოში იოანე ღვთისმეტყველი გამოეცხადათ და მონანული ავაზაკები გალესიის მთაზე გააგზავნა. ღირსმა მამამ წერილი გაატანა მათ იღუმენთან, რომ მას მონანული ავაზაკები მიეღო თავის მონასტერში. გაიარეს სმირ¬ნა მიტილინა, კალიპოლი, ლამპსაკი და კიზიკიაჩავიდნენ კონსტანტინოპოლში, მოილოცეს იქაური ტაძრები, შემდეგ ავიდნენ გემზე და ტრაპიზონისკენ გასცურეს. ათი დღის მოგზაურობის შემდეგ პონტოს ეპისკოპოსი ნახეს, რომელმაც მათ უბრძანა ქალაქის მფარველის, წმინდა ევგენის წმინდა ნაწილებისთვის ეცათ თაყვანი. მერე კი მდინარე პიქსიტს სათავემდე გაჰყოლოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწიეს მთა მელამდე, რომელიც ტრაპიზონიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. მთა მუდმივად ნისლითა და გაუვალი ტევრით იყო დაფარული, მამების ყურადღება მიიქცია მერცხლების გუნდმა, რომლებიც მიუვალ მღვიმეში შეფრინდნენ. მამებმა ამ მღვიმეში ასვლა დააპირეს, ამ დროს უზარმაზარი ხე გადმოიქცა, რომელიც კიბედ გამოადგათ, რომ მღვიმემდე მიეღწიათ. სწორედ იქ კლდის ქიმზე იხილეს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც თითქოს მათ ელოდა. მამები სიხარულით აივსნენ და მღვიმის დასუფთავებას შეუდგნენ და იქ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მოაწყვეს. მამების ლოცვით ხატის გვერდით ცხოველმყოფელმა წყარომ ამოხეთქა, რომლის წყლითაც მომლოცველები სნეულებისგან იკურნებოდნენ. მეზობლად მდებარე მონასტრის იღუმენს იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და წმინდანთა მოსვლა აუწყა. მისი და ადგილობრივი მორწმუნეების დახმარებით მალევე ააშენეს მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკვდერი, შემდეგ კი ღვთისმშობლის სახელზე ეკლესია ააგეს, რომე¬ლიც ტრაპიზონის მღვდელმთავარმა აკურთხა.

მას მერე ტაძარში უამრავმა მომლოცველმა იწყო სიარული და ბევრი მათგანი მონაზვნად აღიკვეცა სუმელას მონასტერში. მამა ბარნაბა ხშირად სოფრონეს აბარებდა ხოლმე მონასტრის მართვას, და თვითონ კი მაღლა მთაზე ადიოდა ღმერთთან სასაუბროდ. ერთხელაც მას გამოუთქმელ ნათელში მდგარი ღვთისმშობელი გამოეცხადა და ჯვარი და ზეთისხილის რტო გადასცა, ნიშნად იმისა რომ სძლია ამ სოფელს და მალე უფალთან წავიდოდა. წმინდანი დაემშვიდობა ძმებს, ურჩია მისი "ანდერძი" შეესრულებინათ. მარტო დარჩენილი სამღვდლოდ შეიმოსა, წავიდა სასაფლაოზე და ამქვეყნიდან განვიდა. ის სოფრონმა იპოვა, ხმამაღლა ქვითინი აღმოხდა და მანაც სული განუტევა. ძმებმა სულიერი მამები გარდაცვლილები იპოვეს. სანუგეშოდ ღირსი ბარნაბას "ანდერძიღა" დარჩათ. ღირსმა ბარნაბამ იწინასწარმეტყველა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მონასტერს ბარბაროსები გაავერანებდნენ. მაგრამ შემდგომში მონასტერი აღორძინდებოდა. მართლაც ასე მოხდა, მონასტრის ქონება თვალში მოუვიდათ ბარბაროსებს და წმინდა სავანე იავარყვეს.. მრავალი წლის შემდეგ ღვთისმშობელმა მოუწოდა იმავე ოლქის ერთ უსწავლელ გლეხს, ქრისტეფორეს, რომელიც მინდორში მუშაობდა. მას ერთ ხელზე ექვსი თითი ჰქონდა. ქრისტეფორემ მინდორში დატოვა თავისი სახნისი, ტრაპიზონში წავიდა და მღვდლად ეკურთხა. შემდეგ ღვთისმშობელმა ის მელას მთაზე მიიყვანა, სადაც ხატი იპოვა და იმ ადგილის გაწმენდას შეუდგა. მანამდე ანბანიც რომ არ იცოდა, ახლა თავისუფლად კითხულობდა სახარებას. ქრისტეფორე მღვიმეში დარჩა, ნელ-ნელა სულიერად წარემატა და წმინდა წერილი დაიზეპირა. მისმა სიწმინდემ მრავალი სათნოებათა მოყვარული მოიზიდა და მონასტერი ძველ მდგომარობას დაუბრუნდა. ქრისტეფორემ სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, ძმებს დაუბარა, მკაცრად შეესრულებინა მამების ანდერძი და მხურვალედ ჰყვარებოდათ ღვთისმშობლის ხატი სუმელად წოდებული. შემდეგ კი ღირსი მამა წარვიდა უფალთან.

სუმელას მონასტერი მრავალი წლის მანძილზე პონტოში მართლმადიდებლური სარწმუნოების დამცველი იყო.

ბეჭდვა
1კ1