ნეტარი მაქსიმე მოსკოველი (+1434) - 13 (26) აგვისტო
ნეტარი მაქსიმე მოსკოველი (+1434) - 13 (26) აგვისტო
ნეტარი მაქსიმე მოსკოველი, ქრისტესთვის სულელი, მოსკოვის მკვიდრი გახლდათ. სამწუხაროდ, არც მისი დაბადების ადგილია ცნობილი და არც მშობელთა ვინაობა.

წმინდანმა სულიერი ღვაწლის ყველაზე სამძიმო, სალოსური გზა აირჩია. ზამთარ-ზაფხულ ფეხშიშველი იარებოდა და ლოცვის წყალობით დაითმენდა ხორშაკ სიცხესაც და სასტიკ ყინვასაც. მართალია, ზამთარი სასტიკია, სანაცვლოდ, სასუფეველია ტკბილიო, - იტყოდა.

ნეტარ მაქსიმეს რუსეთისთვის მეტად მძიმე დროებაში მოუწია მოღვაწეობამ: ცალკე თათარ-მონღოლთა ურდოები აწრიალებდა, ცალკე - გვალვა... ამ ყველაფერმა, ელვის უსწრაფესად მოდებულ ეპიდემიასთან ერთად, მუსრი გაავლო მოსახლეობის დიდ ნაწილს.

ნეტარის ბაგეთაგან ლოცვა, ნუგეში და მაკურნებელი მხილება აღმოდიოდა და ღაღადჰყოფდა, რომ ოდენ დათმენით იყო გადარჩენა შესაძლებელი. თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვით, ოდენ სანუგეშოს როდი იტყოდა...

ნეტარისთვის ერთი იყო მდიდარი და უპოვარი, ამიტომ მის დაურიდებელ მხილებას ვერავინ გადაურჩებოდა - ძლიერნი ამა ქვეყნისანი კრთებოდნენ ამ წმინდა კაცის სიტყვის წინაშე...

იტყოდა, - პირჯვრის გამოსახვა ყველას ძალუძს, ლოცვა კი არა... უზენაესი ყოველივეს ჭვრეტს, მას ვერ მოატყუებო!

წმინდა მაქსიმეს ამგვარმა მხილებამ მრავალი გული მოაქცია და ღმერთს დაუბრუნა.

ნეტარი 1434 წელს, 11 ნოემბერს მიიცვალა და წმინდა მთავართა, ბორისისა და გლების სახელობის ტაძრის სიახლოვეს დაკრძალეს.

უფალმა სასწაულებით განადიდა თავისი სათნომყოფელი - მის კუბოსთან მრავალი კურნება აღესრულა...

მისი წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 1547 წლის 13 აგვისტოს აღსრულდა და განდიდების თარიღადაც ის დღე დადგინდა (რაზეც მიტროპოლიტ მაკარის საგანგებო სიგელიც მოწმობს).

ხსენებული ტაძარი, რომლის სიახლოვესაც იგი დაიკრძალა, 1568 წლის ხანძარს ემსხვერპლა, თუმცა წმინდანის ნაწილებს არ შეხებია...

მალე მორწმუნეებმა ნეტარი მამის სამარეზე მისივე სახელობის სამლოცველო ააგეს.

1698 წელს ძირძველ მოსკოველთა - მაქსიმე ვერხოვიტინისა და მაქსიმე შარიუნიკოვის თაოსნობით და ძალისხმევით დაიწყო წმინდა მთავართა, ბორისისა და გლების სახელობის ტაძრის აღდგენა, რომლის დროსაც კედლიდან მოწყვეტილმა ლოდმა უდიდესი საუნჯე - ნეტარი მაქსიმე მოსკოველის წმინდა ნაწილები გახსნა...

მორწმუნეებმა იგი დიდი პატივით გადააბრძანეს მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში, სადაც ჯერ მის დასრულებამდე ბრძანდებოდა, შემდეგ კი მისივე სახელზე იკურთხა.

ორმოც წელიწადს განისვენებდა მის წიაღში წმინდა მაქსიმე, სანამ 1737 წელს ტაძარი ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა, გადარჩენილი წმინდა ნაწილები კი სხვა ტაძარში გადააბრძანეს.
...........................
წმინდა მღვდელმოწამენი: იოანე შიშევი, იოსებ პანოვი და კონსტანტინე პოპოვი, მღვდლები (+1918); მღვდელმოწამენი სერაფიმე (ზვეზდინსკი), ეპისკოპოსი, ნიკოლოზ ორლოვი, იაკობ არხიპოვი, მღვდლები, და ალექსი ვედენსკი, დიაკვანი (+1937), მოწამე ბასილი ალექსანდრინი (+1942)
ზემოხსენებულ ახალმოწამეებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1