ნეტარი ლავრენტი, ქრისტესთვის სულელი, კალუგელი (+1515) - 10 (23) აგვისტო
ნეტარი ლავრენტი, ქრისტესთვის სულელი, კალუგელი (+1515) - 10 (23) აგვისტო
წმინდა ლავრენტი ბოიართა ოჯახიდან იყო, კალუგაში XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა, ამა სოფლის ამაოება მოიძაგა და სალოსური ღვაწლი იტვირთა.

ტანთ მხოლოდ პერანგი და ტყავის მოსასხამი ემოსა და ზამთარ-ზაფხულ ფეხშიშველი იარებოდა.

დროის უდიდეს ნაწილს ტაძრის კარიბჭესთან იდგა და უფალს ეზრახვოდა, ამ ტაძრის სიახლოვეს შემდეგ ფარდული მოიწყო. ქალაქში ყოფნისას მხურვალე ლოცვით შეეწეოდა სნეულთ და განსაცდელში მყოფთ, თავადთა პალატებს კი თავისუფლად სტუმრობდა.

რასაკვირველია, ლოცვისა და კურნებისთვის მრავალი აკითხავდა, ამიტომ თავისი ფარდულიდან ტაძრამდე გვირაბი გათხარა, რომ სხვათათვის შეუმჩნევლად ემოძრავა.

1512 წელს კალუგას ყირიმელი თათრები დაეცნენ, იქაური თავადი მტერს მცირერიცხოვანი ლაშქრით დახვდა, მოკლე ხანში კი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

იმ დროისთვის თავადის სახლში მყოფმა ლავრენტიმ უეცრად იყვირა:

- ნაჯახი მომეცით, თავად სიმონს ძაღლები დაეცნენ და მის საშველად უნდა წავიდეო!

რამდენიმე წამში მართლაც მასთან გაჩნდა, ნაჯახს გამეტებით იქნევდა და ყვიროდა:

- ნუ გეშინია!

ძალიან მალე ნეტარის ლოცვით თავადმა მტერს სძლია.

კიდევ მრავალი სასწაული აღასრულა წმინდა მამამ, 1515 წლის 10 აგვისტოს კი სული უფალს შეჰვედრა. იგი იმ ტაძარში დაიკრძალა, რომლის კარიბჭის წინაც გამუდმებით ლოცულობდა და რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი ეწოდა.

* * *

ხსენება მღვდელმოწამისა ვიაჩესლავ ზაკედსკისა, პრესვიტერისა (+1918), მღვდელმოწამისა ათანასე კისლოვისა, პრესვიტერისა (+1937) - 10 (23) აგვისტო

ბეჭდვა
1კ1