ღირსი ექვთიმე (ეფთვიმე) გარეჯელი, მრავალმთას იოვანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (მჭედელაშვილი, +1804 წელი) - 08 (21) აგვისტო
ღირსი ექვთიმე (ეფთვიმე) გარეჯელი, მრავალმთას იოვანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (მჭედელაშვილი, +1804 წელი) - 08 (21) აგვისტო
წმინდა ექვთიმე იყო გარეჯის მრავალმთის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი. მონასტრის სიგელ-გუჯრები მას "მრავალღვაწლმშრომელად" მოიხსენიებს.

იოანე ბატონიშვილის ცნობით, ექვთიმე იყო "კაცი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, სათნოებათა ზედა უცხო მოქადაგე.

ამან ფრიად იღვაწა მონასტრისათვის და აღაშენა სოფელი ხაშმი, რომელიც იყო ქსნის ერისთავთა ლეკთა მოყვანის მიზეზით დამწვარი; აღაშენა უცხო ვენახი და წისქვილნი... მრავალი შემატა მონასტერსა, ვითარცა ნივთნი, ეგრეთვე მამულნიცა".

ერთხელ, 1878 წლის 8 ივნისს, ლეკებს ტყვედ წაუყვანიათ კიდეც. ამის შესახებ პლატონ იოსელიანი მოგვითხრობს: "ეფთვიმე ხაშმში მიდიოდა ბერი ამფილოქეს თანხლებით. ხაშმის შესასვლელთან ორივე ლეკებმა დაიჭირეს.

ამფილოქე ლამაზი ბერი იყო, ტანმაღალი და გრძელწვერა. ის ლეკებმა ცხენზე შესვეს. ეგონათ: მონასტრის წინამძღვარია და ქართველები ძვირფასად გამოისყიდიანო.

ეფთვიმე კი სუსტი, ტანდაბალი და თვალად შეუხედავი იყო. ლეკებს ის ქვეითად მიჰყავდათ, "იტყოდნენ მისთვის უპატიოდ: მაგისთვის რას მოგვცემენო?"

ერთი თვის შემდეგ მეფის ძე გიორგიმ ლეკებს ეფთვიმეს გამოსახსნელად 30 თუმანი გაუგზავნა, ხოლო ამფილოქე ბერისთვის 4 თუმანი.

ლეკებმა მაშინ შეიტყვეს, რომ ის თვალად შეუხედავი და მათ მიერ უპატიოდ წაყვანილი ბერი მონასტრის წინამძღვარი იყო. ბოდიში მოუხადეს ეფთვიმეს და პატივით მოიყვანეს გარეჯის უდაბნოში".

მისი კურთხევით სავანეში ითარგმნებოდა დიდძალი სასულიერო ლიტერატურა, იწერდნენ იშვიათ საგნებს.

იოანე ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ წმინდა ექვთიმემ შეასწავლა "რაოდენთამე მოწაფეთა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება".

წმინდა ექვთიმეს საბა ნინოწმინდელის დავალებით დაუწერია წმინდა ნინოს საგალობლები: "ათორთა უდაბნოთა მაკურთხეველმან, ყოვლადსამღვდელომან, ნინოწმინდელ მიტროპოლიტმან საბამ მიბრძანა მე, ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტს, უღირს ექვთიმეს აღწერად მუხლედნი "გიხაროდენ" საქართველოს განმანათლებლისა, მოციქულთა სწორისა, დედისა ნინოსი".

1797 წელს თბილისში შავმა ჭირმა იფეთქა. მცხოვრებლები ტყეებსა და ხეობებში გაიხიზნენ.

კლდის ნაპრალებიდან გამოსული უდაბნოს მოღვაწე ბერები მფარველ ანგელოზებად მოევლინნენ ავადმყოფობისა და შიმშილისაგან ღონემიხდილ ხალხს: ეხმარებოდნენ, ემსახურებოდნენ და ნუგეშს სცემდნენ.

როგორც ბევრ სხვა სიკეთეს, ამ საქმესაც წმინდა ექვთიმე ხელმძღვანელობდა.

ღირსი მამა 1804 წელს აღესრულა მშვიდობით, ის ნათლისმცემლის მონასტერში დაუკრძალავთ, "საფლავსა შინა, დანიშნულსა მეფისათვის"...

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ეკლესიისა და ერისათვის დამაშვრალი, გაჭირვებულთა იმედი და ნუგეში, "მრავალღვაწლშემოსილი" ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ექვთიმე წინამძღვარი".

აქვე წაიკითხეთ:

ღირსი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804) - 8 (21) აგვისტო

ბეჭდვა
1კ1