ღირსი იოსებ კრეტელი, ბარბა-იანისად წოდებული (+1874) - 07 (20) აგვისტო
ღირსი იოსებ კრეტელი, ბარბა-იანისად წოდებული (+1874) - 07 (20) აგვისტო
ღირსი იოსები 1799 წელს, კაპსის მონასტრის ნანგრევებში დაიბადა, სადაც მისი მშობლები თურქებს ემალებოდნენ. ნათლობისას იოანე დაარქვეს და რადგან განათლების მიღების არავითარი საშუალება არ ჰქონდა, მრავალი საეკლესიო მსახურება ზეპირად ისწავლა.

თუმცა, ფიცხი და გაუწონასწორებელი ხასიათის გამო ყმაწვილობაში შეთვისებული თანდათან მიივიწყა, რის გამოც მშობლები იძულებულნი იყვნენ, სამუშაოდ სახლიდან მოშორებით გაეგზავნათ, რომ ადგილობრივ თურქებთან დაპირისპირებისათვის განერიდებინათ.

თუმცა, დამოუკიდებელმა ცხოვრებამ ხასიათი გაუუარესა, ქორწინების შემდგომ კი მეუღლე ამაოდ ცდილობდა მის გამოსწორებას.

ერთ კვირადღეს იოსები შეშის გასაყიდად სოფელში ჩავიდა, - ცოლმა ვერაფრით დაარწმუნა, უქმე არ დაერღვია, ამიტომ თან გაჰყვა.

შინ დაბრუნებულთ უმცროსი გოგონა ცოცხლად დამწვარი დახვდათ.

ამ უბედურებამ ისე შეძრა, იმ წუთიდან მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა, საცხოვრებლად სოფელს დაუბრუნდა, სულიწმიდის მოქმედებით კი მისი სიუხეშე და სიფიცხე თვინიერებით, ზნეკეთილობით და გულმოწყალებით შეიცვალა.

1840 წელს ნეტარი ღრმა ძილმა მოიცვა, რომელიც 40 საათს გაგრძელდა, გამოღვიძებულმა კი პარალიზებული, მხცოვანი ქალი განკურნა.

ახლობელთა კითხვაზე, თუ რა მოხდა, იოანემ ხატოვნად უამბო, როგორ წარიყვანა ღვთის ანგელოზმა საუცხოო ადგილას, სადაც კეთილსურნელოვანი მცენარეები ხარობდნენ. იქ მან რჩეულთა სამყოფელნი იხილა, შემდეგ კი ზეციურმა მაცნემ ის ადგილნი მოახილვინა, სადაც ცოდვილთ სჯიდნენ.

იოანე ღვთიური მადლით აღივსო და ხალხმა ბარბა-იანისი (იოანე ძია) უწოდა.

მისი ლოცვით მრავალი განმრთელდა, რის გამოც მოკლე ხანში მის სამყოფელს ზღვა ხალხი მიაწყდა.

ამ ამბავმა ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია, - კრეტის თურქმა გუბერნატორმა სამგზის გამოიძახა ნეტარი ირაკლიონში და ციხით და გადასახლებით დაემუქრა, მაგრამ როდესაც იოანემ ფაშას ვაჟიშვილი განკურნა, თავი ანებეს და ურჩიეს, ხალხის შეკრებას მორიდებოდა.

ადგილობრივმა მღვდელმთავარმა თვითმარქვია უწოდა, ერთ დღეს კი, მის სოფელში რომ მოუხდა გავლა, მის სამ¬ყოფელთან შეკრებილი ხალხი იხილა.

უეცრად ეპისკოპოსის ცხენი ისე გახელდა, საკუთარი კვიციც აღარ მიიკარა. მაშინ ბარბა-იანისს უხმეს, რომელმაც ცხოველი მაშინვე განკურნა.

მადლიერი ეპისკოპოსი ნეტარს გადაეხვია და დალოცა.

შვიდი თვის შემდგომ ნეტარი დიდებას გაერიდა, შემონაზვნდა და კაპსის წმინდა იოანე ნათლისმცემლის დაქცეულ მონასტერში განმარტოვდა, რომლის კედლებიც მისი დაბა¬დების, ნათლისღების და ქორწინების მოწმენი იყვნენ.

თუმცა, განმარტოება დიდხანს არ დასცალდა და იქაც მიაგნეს ადამიანებმა. იოანეს მათთვის რამდენიმე სენაკის აგება მოუხდა, ხოლო როდესაც ზოგიერთმა მოწაფემ ბერად აღკვეცა გადაწყვიტა და სულიერ მოძღვრად იოანე აირჩია, დიდი ძალისხმევის შედეგად დაქცეული სავანე აღადგინა.

ტაძარი 1863 წელს იკურთხა. იოანე კი იმავე წელს, იოსების სახელით შემონაზვნდა.

წმინდა სოფიას სახელობის სავანეში ნეტარმა ოთხი წელი (1866-1870 წლები) გაატარა, შემდეგ - კაპსს დაბრუნდა და, ღვთივ ეუწყა რა მოახლოებული გარდაცვალება, სიცოცხლის უკანასკნელ 5 წელიწადს უმკაცრეს ასკეზას მიეცა.

არც მაშინ შეუწყვეტია მორწმუნეთა მიღება, როდესაც უკიდურესი და გამუდმებული ღვაწლის შედეგად ხმა ჩაუწყდა, მასთან რჩევის, ლოცვა-კურთხევისა თუ კურნებისთვის მისულთ უმეორებდა:

- მოწყალების გარეშე ყოველივე ამაოა!

იოანემ ის უბედურებანიც იწინასწარმეტყველა, რევოლუციისა და ძმათამკვლელი ომის ნაყოფად, მოკლე ხანში რომ უნდა დასტყდომოდა კრეტას.

ერთხელ ანგელოზმა წმინდა ადგილები მოახილვინა, რომელთაც შემდგომ ისე ნათლად აღწერდა, თითქოს იქ მართლაც ყოფილიყო.

ამ ამბებიდან მოკლე ხანში, - 1874 წლის 6 აგვისტოს ნეტარი მიიცვალა, 1982 წლის 7 მაისს კი მოხდა მის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება, რომელთან მიახლებითაც დღესაც აღესრულება უამრავი სასწაული.

წმინდა მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1