ღირსი თეოდოსი ახალი (IX-X) - 07 (20) აგვისტო
ღირსი თეოდოსი ახალი (IX-X) - 07 (20) აგვისტო
ეს ყოვლადკეთილი მოღვაწე ათენში დაახლოებით 862 წელს დაიბადა და ღვთისმოყვარე და მეტად ზნეკეთილი მშობლების შვილი იყო. წმინდა მამათა ცხოვრებას რომ გაეცნო, მათი მიბაძვის საღვთო სურვილმა შეიპყრო, მშობელთა გარდაცვალების შემდგომ სახლი დატოვა, რაც ებადა, ღატაკთ გაუნაწილა და სულიერად ერთ წმინდა მამას ეშვილა.

შემონაზვნების შემდგომ პელოპონესის ნახევარკუნძულზე, არგოსზე განმარტოვდა, უმკაცრესი ღვაწლით მრავალ¬ფერი სათნოებებით განბრწყინდა და ზეცისა კაცად და ქვეყანისა ანგელოზად იქცა.
უფალმა ამ ღვაწლის პასუხად წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხილვის ღირსი გახადა, რომელმაც თეოდოსის სამყოფელთან ახლოს მისი სახელობის ტაძრის აგება უბრძანა.

ღირს მამას ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე გამუდმებით უხდებოდა არა მხოლოდ გულისთქმებთან, არამედ - ბნელ ძალთა თავდასხმებთან გამკლავება, რისთვისაც ღვთისგან კურნებისა და სასწაულქმედების მადლი მიიღო.

მისი საკვირველი ცხოვრების ამბავი მალე მრავალმა შეიტყო, ხალხი ზღვად მიაწყდა და უამრავმა პოვა კურნება.

თუმცა, კაცთა მოდგმის მტერმა ზოგიერთი შურით აღძრა და თეოდოსის ხმა დაუგდეს, - ადამიანებს ჯადოქრობით ჰკურნავსო!

ამ ცილისწამებამ არგოსის ეპისკოპოსის, წმინდა პეტრეს (ხსენება 3 მაისს) ყურამდე მიაღწია და ნეტარი მამა ეპარქიიდან განდევნა, თუმცა, უფალმა, რომელიც თავის ერთგულთ არასოდეს დაუტევებს, სხვაგვარად განაგო: - კონსტანტინოპოლის პატრიარქთან საეკლესიო საქმეთა გამო ჩასულ პეტრეს ძილში ღირსი თეოდოსი ეჩვენა, რომელმაც ჭეშმარიტება გაუმხილა.

პატრიარქთან საუბრის შემდგომ, რომელსაც მსგავსი ჩვენება ეხილა, წმინდა პეტრემ სამართლიანობის აღსადგენად არგოსს ისწრაფა.

თეოდოსი პატრიარქს ხელისგულზე დაყრილი, გავარვარებული ნახშირებით შეხვდა, რომელნიც ხელს არ უწვავდა. წმინდა პეტრემ ნეტარს შენდობა გამოსთხოვა, მოკლე ხანში კი ჯერ დიაკვნად დაასხა ხელი, შემდეგ - მღვდლად და თა¬ვის მოძღვრად თვლიდა.

გარდაცვალების წინ თეოდოსი ზეციური ხილვის ღირსი შეიქნა, მოწაფენი შეკრიბა, უკანასკნელად დამოძღვრა და სამი დღის შემდეგ მშვიდობით განისვენა.

თეოდოსის წმინდა ნაწილნი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის სიახლოვეს, მისივე პატივად აგებულ ტაძარში დააბრძანეს, სადაც უამრავი კურნება და სასწაული აღსრულდა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1