წმინდა სტეფანე I, უნგრეთის მეფე (+1038) - 07 (20) აგვისტო
წმინდა სტეფანე I, უნგრეთის მეფე (+1038) - 07 (20) აგვისტო
2000 წლის 20 აგვისტოს (2 სექტემბერს) კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა წმინდანთა დასს შერთო უნგრეთის მეფე, სტეფანე, ყველაზე პატივცემული წმინდანი უნგრეთში. მან მთავარი როლი შეასრულა უნგრეთის მოქცევაში.

წმინდა სტეფანეს მამამ, თავადმა გეზამ, როცა გაქრისტიანდა, თავისი ხალხის მოქცევა განიზრახა, თუმცა, ეს ოდენ ნაწილობრივ შეძლო.

ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ის გახლდათ, რომ ქრისტიანობის გავრცელებას ძალადობითაც ცდილობდა, რაც არ სათნოეყო უფალს.

გეზას გამოცხადებაში უფალმა აუწყა, რომ ამას მისი შვილი შეძლებდა.

ბავშვი ქვეყნიერებას 980 წელს მოევლინა. სამი წლისას, ნათლობისას სტეფანე (უნგრულად - იშტვანი) დაარქვეს.

მამის გარდაცვალების შემდგომ სტეფანემ მიზნად სახელმწიფოს გაძლიერება და ქრისტიანობის გაძლიერება დაისახა.

1000 წელს რომის პაპმა სილვესტრე II-მ ჭაბუკი სტეფანე მეფედ აკურთხა.

სტეფანემ მთელი ქვეყნის ნათელღება მის გაერთიანებას შეუთანადა: დააშოშმინა მეამბოხე თავადები, გააძლიერა სამეფო ხელისუფლება, ქვეყანა კი - 10 ეპარქიად დაყო, თუმცა, მამისაგან განსხვავებით, ხალხის მოსაქცევად ძალა არასოდეს უხმარია.

ქრისტიანული ეკლესიისადმი უღრმესი პატივისცემა მეფის მიერ გამოცემულ საკანონმდებლო აქტებშიც ცხადად ჩანდა.


საგულისხმოა სასულიერო პირებისადმი დამოკიდებულების საკითხი ამ კანონების მიხედვით:

"დაე, უწყოდნენ ჩვენმა საძმოებმა, რომ ყველაზე მეტად ჩვენ შორის იღვწიან სასულიერო პირნი. ყოველი ჩვენგანი მხოლოდ საკუთარ ტვირთს ეწევა, ხოლო სასულიერო პირი საკუთართან ერთად - სხვისასაც. ამიტომაც, როგორც ის იღვწის თქვენთვის, თქვენც უნდა იღვაწოთ მისთვის ძალის დაუშურებლად, იმდენად, რომ თუ ამის აუცილებლობა დად¬გება, სიცოცხლეც უნდა გაიღოთ ამ ადამიანისათვის".

ამავე კანონებში იყო ეკლესიაში ქცევის წესები:

"ისინი, რომლებიც მოდიან ეკლესიაში საღვთო მსახურებაზე დასასწრებად და ლიტურგიის ჟამს ერთმანეთს ეჩურჩულებიან და ხელს უშლიან სხვებს... თუ მაღალი ფენის ადამიანი იქნება, უნდა შევარცხვინოთ და სირცხვილეული გავაგდოთ ტაძრიდან, ხოლო თუ საშუალო და დაბალი ფენებიდან იქნებიან - ყველას თვალწინ უნდა გაიჯოხონ ხელფეხშეკრულნი, მათი უსაზღვრო თავხედობისათვის".

მეფე დიდად მოწყალე გახლდათ. თუ მავანის სნეულებას შეიტყობდა, საზრდელს უგზავნიდა ხოლმე, მისი ლოცვით კი სნეულნი განმრთელდებოდნენ.


მთელ დღეებს ამგვარ მსახურებაში განლევდა, ღამ-ღამობით კი - ცრემლმდინარი ლოცულობდა.

ღმერთმა არაერთხელ განამტკიცა და ანუგეშა ცხადი სასწაულებით: ერთხელ ძილში გააფრთხილეს პაჭანიკთა მოახლოების შესახებ, დროულად შეძლო ქალაქ ფეხერვარის დაცვა ტრანსილვანიაში და სძლია კიდეც მტერს.

მეორედ - უნგრეთს მოახლოებული რომის იმპერატორის, კონრადის მოლაშქრეებმა სტეფანეს ლოცვით უცნობი დესპანებისგან მიიღეს უკან დაბრუნების ბრძანება და თავდასხმა არ შედგა.

საგულისხმოა სტეფანეს ანდერძი შვილისადმი, სადაც მოუწოდებდა მას, იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი და ეკლესიათა ქომაგი:

- გაუძეხ სამეფოს მშვიდობიანად, მდაბლად, კრძალულებით, მტრობისა და სიძულვილის გარეშე! სამეფო გვირგვინის ყველაზე მშვენიერი სამკაული - კეთილი საქმეებია, ამიტომაც მეფეს მოეთხოვება სამართლიანობა, გულმოწყალება, აგრეთვე სხვა ქრისტიანული სათნოებები.

გარდაცვალების წინ წმინდა სტეფანემ ხელაპყრობით შეჰღაღადა ღვთისმშობელს:

- ზეციურო დედოფალო, შენს საფარველს შევავედრებ წმიდა ეკლესიას ეპისკოპოსებით და სასულიერო პირებით, ქვეყანას - თავისი ხალხითა და მთავრებით და მათთან გამოთხოვებისას ჩემს სულსაც შევვედრებ შენს ხელთ!

შემდეგ შესთხოვა, მისი სული მიძინების დღესასწაულზე მიეღო და ასეც მოხდა: - ღირსი სტეფანე 1038 წლის 15 (28) აგვისტოს აღესრულა და ღვთისმშობლის მიძინების ბაზილიკის საძვალეში დაიკრძალა.

უამრავი სასწაული აღსრულდა იმ დღეს: - სნეულნი იკურნებოდნენ, უსინათლოებს თვალნი აღეხილებოდათ, ხეიბრები - ფიზიკურ სიმრთელეს იძენდნენ, კეთროვანნი კი - განიწმინდებოდნენ.

1951 წლიდან მეფე სტეფანეს წმინდა ნაწილნი ბუდაპეშტის უდიდეს, წმინდა სტეფანეს ბაზილიკაში განისვენებენ.

ხატის წყარო


* * *

ხსენება მიტროფანე ვორონეჟელი ეპისკოპოსისა (+1703) ნაწილთა პოვნა 1832 წელს

* * *
ხსენება ღირსისა მერკური პეჩორელისა, სმოლენსკის ეპისკოპოსისა, ახლო მღვიმელისა (+1239 წელი)

* * *

ხსენება ღირსმოწამისა, საკვირველმოქმედისა პოტამიასი, მახვილით განგმირულისა (IV)

* * *

ხსენება მღვდელმოწამეთა: პეტრე ტოკარევისა, მიქაელ პლიშევსკისა, იოანე ვორონცისა, დიმიტრი მილოვიდოვისა, ალექსი ვორობიოვისა, პრესვიტერთა, ელისე შტოლდერისა, დიაკონისა და ღირსმოწამისა ათანასესი (ეგოროვისა), იღუმენისა (+1937), მღვდელმოწამისა ვასილი ამენიცკისა, პრესვიტერისა (+1938)

* * *

ხსენება ათი ათასისა თებაიდელი მოღვაწისა, აღმსარებელთა

* * *

ხსენება წმინდისა სოზონტი ნიკომიდიელისა, აღმსარებლისა, რომელი ცეცხლს შთაიგდო და უვნებელი დარჩა

ბეჭდვა
1კ1