ღირსი ანტონი (პუტილოვი) ოპტელი (+1865) - 07 (20) აგვისტო
ღირსი ანტონი (პუტილოვი) ოპტელი (+1865) - 07 (20) აგვისტო
თავისი ხორციელი ძმის, ღირსი მამის, მოსე ოპტელის მსგავსად, მამა ანტონიც სიყრმიდანვე ესწრაფოდა მონაზვნობას და მრავალი განსაცდელის შემდგომ შეუერთდა ძმას როსლავის ტყეში. აქ ისწავლა ჭეშმარიტი მოსაგრეობა, სიმდაბლე, მორჩილება. მერე კი ძმასთან ერთადვე აღაშენა ოპტის სკიტი და მისი ხელმძღვანელიც გახდა.

მას შემდეგ, რაც ღირსი მოსე ოპტის სავანის იღუმენად დანიშნეს, ოპტის უდაბნოსა და სკიტში არ იპოვებოდა მამა ანტონივით თავმდაბალი მორჩილი, არაფერს იქმოდა ძმისა და იღუმენის კურთხევის გარეშე.

ამას მისი მოსახსენებელიც ადასტურებს: "მოიხსენე, უფალო, სულიერი მამა და კეთილისმყოფელი, ყოვლადპატიოსანი იღუმენი მოსე".

სკიტში მცირერიცხოვანი და ხანდაზმული ძმობა იყო და ახალგაზრდა ხელმძღვანელი ხშირად მათ ძმურ მორჩილებას უწევდა. ხშირად მესენაკეც არ ჰყავდა და თავად გახლდათ მზარეულიც, მებაღეც და ხაბაზიც, ძმის მსგავსად, მამათა გარეგნულ ცხოვრებაზე ზრუნავდა, მათი სულიერი ცხოვრება კი - მამა მაკარისთვის ჰქონდა მინდობილი.

მამა ანტონმა სკიტის წინამძღვრად 14 წელი დაყო, შემდეგ კი კალუგის ეპისკოპოსად ისეთი ადამიანი დაინიშნა, რომელმაც ბევრი ტკივილი მიაგო წმინდა მოსეს. მან ღირსი ანტონი მცირე იაროსლავის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანა.

ძნელი იყო მამა ანტონისთვის საკუთარი ხელით აშენებული სკიტის მიტოვება. ამ დროს ფეხები დაუწყლულდა და იარებიც გაეხსნა.

ერთხელ, სასოწარკვეთილს მიეძინა და ძილ-ღვიძილში იხილა წმინდა მამათა დასი. ერთმა მათგანმა, მღვდელმთავარმა, აკურთხა და დაარიგა:

- შენ ხომ სამოთხეში იყავი, უკვე იცი, როგორია, ახლა კი იშრომე, ილოცე და არ იზარმაცო!

გამოღვიძებულს ნუგეში მიეცა.

ავადმყოფი იღუმენი ხშირად საწოლიდან იძლეოდა ბრძანებას და თვალს ვერ ადევნებდა, რამდენად სწორად ასრულებდნენ მას. მრავალგზის სთხოვა ეპისკოპოსს, პენსიაზე გაეშვა, მაგრამ ის უარობდა. მხოლოდ 14 წლის შემდეგღა, წმინდა ფილარეტ მოსკოვის მიტროპოლიტის ჩარევით დაუბრუნდა საყვარელ ოპტას და ძმის, მოსეს გარდაცვალებასაც შეესწრო.

მძიმე იყო მისთვის ამის დათმენა. ორი თვე დაეყუდა და მოუკლებლად ლოცულობდა. ძმაზე ცრემლების გარეშე საუბარი არ შეეძლო და უარობდა ყოველთვის, როცა სთხოვდნენ, მამა მოსეს დაფარულ, შინაგან ცხოვრებაზე გვიამბეთო.

მამა ანტონი 1865 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა და ძმის გვერდით დაკრძალეს.

მოწაფის ხილვა

მამა პ.-ე იგონებდა:

"ერთხელ, მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეს, ცისკრის ლოცვის წინ ჩაძინებულს ძილში ჩამესმა:

- შენი მოძღვარი, მამა ანტონი, წმინდად ცხოვრობს და ღვთისკაცია! უეცრად მაღვიძარის ხმამ გამომაღვიძა და დაფიქრებული წავედი ცისკრის ლოცვაზე.

მივუახლოვდი მამა ანტონის სახლს. მისი სალოცავი ოთახის თავზე თეთრი, საკმაოდ მოზრდილი, ცეცხლოვანი ღრუბელი დავინახე, რომელიც ნელ-ნელა აიწია და გაუჩინარდა."

ამ სიზმარმა მორჩილი დიდად ანუგეშა.

დაფარულმცოდნეობის მადლი

მამა ანტონი აღმსარებლებს ხშირად დაფარულ ცოდვებს ახსენებდა ხოლმე. ერთმა ქალბატონმა ვეღარ გაუძლო მის გამჭოლ მზერას და უთხრა: - მეშინია, როცა მიცქერით, რა¬დგან ჩემს ცოდვებს ხედავთო.

მოძღვარმა უპასუხა:

- ამაოდ ფიქრობთ ასე. რისთვისაც ვლოცულობ და რასაც ღმერთი გამიმხელს, ის ვიცი, სხვაგვარად რა მეცოდინებოდა?!

ერთხელ, ერთმა გოგონამ დამშვიდობებისას მოძღვარს, ხუმრობით სთხოვა, ილოცეთ, - იქნებ ღმერთი გათხოვებაში დამეხმაროსო.

- თქვენ ხომ გათხოვება არ გინდათ? - უთხრა მოძღვარმა.

- მინდა, - დაიჟინა გოგონამ.

გამოხდა ხანი. ქალიშვილი კვლავ ეწვია მამა ანტონს, რომელმაც შეხვედრისთანავე უთხრა:

- რატომ მომატყუე? მინდოდა, ამაზე მომეწერა.

გოგონას აღარც ახსოვდა თავისი ხუმრობა. მოძღვარმა შეახსენა თხოვნა, დამშვიდობებისას რომ უთხრა:

- თქვენი სიტყვისამებრ, სამგზის შევუდექი ლოცვას, მაგრამ სამჯერვე მომესმა: - მას ეს არ უნდა! რატომ მომატყუეთ?!

როგორც წმინდა იუსტინა

ერთ ღვთისმოშიშ გოგონას იმგვარივე განსაცდელი შეემთხვა, როგორიც - წმინდა იუსტინას. ერთი კაცი გადაეკიდა და როცა მან არ თანაუგრძნო, მამაკაცმა დახმარებისთვის ჯადოქარს მიმართა.

ქალიშვილმა ამის შესახებ ერთგული მსახურისგან შეიტყო, შემდეგ თავადაც იგრძნო ამ სატანური ძალის მოძალება. ღვთის გარდა, მისი შემწე არავინ იყო, ვინაიდან ეკლესიურად მცხოვრებთ არავის იცნობდა.

ერთხელ მსახურმა სიზმრად იხილა, თითქოს მაღალი ბერი შევიდა ქალბატონის ოთახში და იქიდან მონაზვნურად მოსილი გამოიყვანა.

მოკლე ხანში ამ გოგონას ახლობლებმა, აქამდე რომ არ ემასპინძლათ მონაზონთათვის, უეცრად მოისურვეს მამა ანტონის მიპატიჟება.

იმავე საღამოს, ღვთის განგებულებით, მამა ანტონი მიუპატიჟებლად ეწვია მანამდე უცნობ ოჯახს. ზღურბლთან მამა ანტონს ეშმაკთა დასი გადაუდგა და შესვლა აუკრძალა, მაგრამ ღვთის სახელის მოხმობით, ავსულნი განაქარვა.

მასპინძლებმა იხილეს, რომ ბერი ერთიანად გაფითრებულიყო, მსახურმა კი მასში სიზმრად ნანახი მონაზონი შეიცნო.

გოგონა მთლიანად მიენდო მოძღვარს და წერილობით გაუმხილა თავისი განსაცდელის შესახებ. მამა ანტონი მიხვდა, რომ ამ ქალიშვილისთვის ხსნა მხოლოდ მონაზვნობაში იყო, თუმცა, მის ახლობლებს ამის გაგონებაც არ სურდათ.

ერთხლაც, როცა ერთ-ერთ დედათა მონასტერში მამა ანტონი მონაზვნად აღკვეცის წესს ასრულებდა, დასასწრებად ქალიშვილის ოჯახის წევრები მიიპატიჟა.

ნანახმა მათზე ისე იმოქმედა, რომ ქალიშვილს მონასტერში წასვლის ნება დართეს, თუმცა, ჯადოქარი იმუქრებოდა, - იქიდანაც გამოვათრევო.

ახალგაზრდა მორჩილმა კვლავ იგრძნო ვნების მოძა¬ლება. საბოლოოდ, მას მამა ანტონის ლოცვამ და იმ დროს ჯერ კიდევ ამქვეყნად მყოფმა მოსკოვის მიტროპოლიტმა, ფილარეტმა უშველა. წმინდა ფილარეტი გამოეცხადა, მესამოცე ფსალმუნი წაუკითხა და უბრძანა, მასთან ერთად გაემეორებინა ფსალმუნის მუხლები, შემდეგ კი აკურთხა, ყოველდღიურად წაეკითხა ხსენებული ფსალმუნი.

ქალიშვილმა გამოიღვიძა და იგრძნო, რომ ვნება, რომელიც უკვე მრავალი წელი ტანჯავდა, განშორებოდა.


ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1