ღირსი იობ საკვირველმოქმედი (+1628) - 05 (18)აგვისტო
ღირსი იობ საკვირველმოქმედი (+1628) - 05 (18)აგვისტო
წმინდა იობი - სოლოვეცის მონასტრის ბერი გახლდათ. 1608 წლის 10 ნოემბერს ნოვგოროდელმა მიტროპოლიტმა, ისიდორემ მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი.

1614 წელს ნეტარმა მამამ მეზენის მხარეს მიაშურა, სადაც მდინარეთა: ეზეგის, ვაჟკასა და მეზენის შეერთების ადგილას მაცხოვრის შობის პატივად სამრეკლო აღაშენა.

თავიდან სავანე იმდენად ღატაკი გახლდათ, იობის ირგვლივ შემოკრებილი მამები ნათესავებთან ცხოვრობდნენ, ხოლო როდესაც მეფე მიხეილ თეოდორეს ძემ (1613- 1645 წლები) მონაზვნებს მიწები უწყალობა, ღირსმა იობმა ტაძრისა და სენაკთა აშენებაც შეძლო.

1628 წლის 5 აგვისტოს, როდესაც მთელი ძმობა სათიბად იყო გასული, სავანეს ავაზაკნი დაეცნენ, წმინდა იობი შეიპყრეს და ხანგრძლივი წამების შემდგომ, - მონასტრის ოქრო მოგვეციო, - თავი წარკვეთეს, იქაურობა გადაქექეს, მაგრამ ვერა პოვეს რა და წავიდნენ.

სავანეში მობრუნებულმა მონაზვნებმა წინამძღვარი პატივით დამარხეს.

წმინდა მამის გარდაცვალების შემდგომ უამრავი სასწაული აღსრულდა, მაგალითად: მეჩვიდმეტე საუკუნეში ორმოცდაათი სასწაული გამჟღავნდა.

ღირსი მამის პირველი ხატი 1658 წელს დაიწერა, ცხოვრება კი - 1660 წელს.

დაახლოებით ამ დროსვე აიგო მის საფლავზე სამრეკლო, რომელიც მოგვიანებით ხოლმოგორელი მთავარეპისკოპოსის, ათანასეს კურთხევით, წმინდა იობის სახელობის ტაძრად გადაკეთდა.

ბეჭდვა
1კ1