წმინდა ექვთიმე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+917) - 05 (18) აგვისტო
წმინდა ექვთიმე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+917) - 05 (18) აგვისტო
წმინდა ექვთიმე იავრიის სელევკიაში 834 წელს დაიბადა. ღვთის სიყვარულით ბავშვობაშივე აღივსო და ჭაბუკობაშივე დაფუძნდა ბითვინიაში, ოლიმპის მთაზე, სადაც ასკეტურ ღვაწლს მიეცა, - ზამთარ-ზაფხულ ერთი დაბებკილი სამოსით იარებოდა, უმკაცრესად მარხულობდა და ძალზე მცირე ხანს ეძინა, - თვალები რომ არ დახუჭვოდა, ქუთუთოთა შორის წვეტიან ჩხირებს ითავსებდა ხოლმე.

გარკვეული ხნის შემდეგ ნიკომიდიის მახლობლად, ასტაკის ყურესთან მდებარე მონასტერში გადავიდა, შემდეგ კი - კონსტანტინოპოლს, წმინდა თეოდორეს სავანეში.

886 წელს ლეონ IV, ბრძნად წოდებული, გაიმპერატორდა, რომელმაც სულიერ მამად სწორედ ექვთიმე აღირჩია და მონასტერში საკუთარი ფეხით ეახლა, - სასახლეში მრჩევლად გამომყევიო.

ნეტარი თავიდან მტკიცედ უარობდა, შემდეგ კი მის ნებას დაჰყვა და დიდმარხვის დასრულების შემდგომ სასახლეში იმ პირობით გადავიდა, რომ ლეონი სამართლიანად და ბრძნულად წარუძღვებოდა სამეფოს.

მაგრამ ლეონი მთლიანად მიენდო სტილიან ზაუცს (+899 წელი), კაცს ძალზე დიდებისმოყვარესა და ხარბს. მისი უსამართლობის მსხვერპლნი გამოსაქომაგებლად სწორედ ექვთიმეს მიმართავდნენ, რომელმაც იმპერატორს ამცნო ყოველი.

ზაუცმა, იხილა რა, თუ რაოდენი გავლენა ჰქონდა წმინდა კაცს სასახლეში, ექვთიმეს მრისხანედ უსაყვედურა, - სახელმწიფოს მტრებს რად იცავო?

პასუხად კი ეს წინასწარმეტყველება მიიღო - მოკლე ხანში შენს და შენს ოჯახს უბედურება გელითო!

არაერთი მცდელობისა და ინტრიგის მიუხედავად, ზაუცმა ვერც ხელმწიფის გადმობირება შეძლო და ვერც - მისი ექვთიმეს წინააღმდეგ განწყობა, ამიტომ, იძულებული შეიქნა, ბედს შერიგებოდა.

მაგრამ, ამ ამბებმა ნეტარს მყუდროება დაურღვია და კვლავ ოლიმპზე დასაბრუნებლად იწყო მზადება, თუმცა, სტუდიის მონასტრის იღუმენმა დაარწმუნა, დარჩენილიყო.

წმინდა დედოფალი თეოფანია ორი წლის მანძილზე სთხოვდა ნეტარს, სწვეოდა და როგორც იქნა, დაიყოლია, თუმცა, წმინდა მამა იქ ოდენ სამ დღეს დარჩა, რა დროსაც პატრიარქმა სტეფანემ თავის მდივნად დაადგინა.

თუმცა, ვერც ამ მრავალთათვის სანატრელმა თანამდებობამ დააკავა იქ და მონასტერს დაუბრუნდა, ერთ წელიწადში კი მისი კედლები მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ განეცხადებინა.

იმ დღიდან სავანიდან თვეში ერთხელ გამოდიოდა, ხოლო როდესაც ლეონი მძიმედ დასნეულდა, ხშირად აკითხავდა, მამობრივად ანუგეშებდა და განამტკიცებდა.

ხოლო როდესაც ხელმწიფემ სასახლის მახლობლად მდებარე წმინდა სერგის სავანის წინამძღვრობა შესთავაზა, იუარა, - სხვის ბოსტანს ვერ მოვრწყავო!

თუმცა, ლეონის სხვა წინადადება მიიღო და სტუდიის მონასტრის მახლობლად ახალი სავანე დააარსა. მაგრამ, შეიტყო რა, რომ ეს მიწა ზაუცს მიეტაცნა, მისი კანონიერი მფლობელი კი - განედევნა, ხელმწიფეს მისწერა, - ნაყაჩაღარს საჩუქრად ვერ მივიღებო!

მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის შემდგომღა აღა¬შენა ამ ადგილას წმინდა უვერცხლოთა, კოზმასა და დამიანეს სახელობის ბრწყინვალე ტაძარი, რომლის კურთხევასაც იმპერატორი და პატრიარქიც ესწრებოდნენ.

ამ ამბებიდან მცირე ხანში ექვთიმე ორმოცი დღით განმარტოვდა და უმკაცრეს მარხვას მიეცა.

წმინდა მამა, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, არც ლეონს დარიდებია, საყვარლის გამო კანონიერი მეუღლე რომ დაუტევა და განუცხადა, - შენთან ყოველგვარ კავშირს ვწყვეტო!

პატრიარქ სტეფანეს გარდაცვალების შემდგომ, 893 წელს მის ნაცვლად წმინდა ექვთიმეს დაუპირეს აღსაყდრება, რასაც ზაუცი და სხვა დიდებულნი შეეწინააღმდეგნენ და ცდა არ დაუკლიათ, იმპერატორის თვალში მისთვის ჩირქი მოეცხოთ.

მალე წმინდა დედოფალმა თეოფანიამ ღვთივ განისვენა, მას მიჰყვა ლეონის საყვარლის, ზოის მეუღლეც (სწორედ ამ ქალის მამა გახლდათ ზაუცი) და ლეონს იმედი გაუჩნდა, რომ საყვარელს კანონიერ ცოლად დაისვამდა, რასაც ექვთიმე კვლავ შეეწინააღმდეგა.

დარწმუნდა რა, რომ ნეტარს ვერ მოსდრეკდა, ლეონმა იგი დიომიდეს მონასტერში გადაასახლა, სადაც ექვთიმემ ორ წელს მდუმარებასა და მყუდროებაში იცხოვრა.

ზოის გარდაცვალების შემდგომ ახდა ის, რაც ნეტარმა ზაუცს უწინასწარმეტყველა, - მთელი მისი მოდგმა ამოწყდა, დამწუხრებული იმპერატორი კი თავად ეახლა ექვთიმეს და შენდობა სთხოვა, სასახლეში მიიწვია და სამი დღის შემდგომ მდიდრული ძღვენით გაისტუმრა.
გარკვეული ხნის შემდგომ კი, ოდეს იმპერატორმა ძმა უსამართლოდ დაადანაშაულა ამბოხის მცდელობაში, ნეტარმა კვლავ დაურიდებლად ამხილა ლეონი, რის პასუხადაც ლეონმა კადნიერად შეუთვალა:

- გიჯობს, მონასტერში დარჩე და საკუთარ საქმეებს მიხედოო! რაზეც ექვთიმემ უპასუხა:

- შენი ძღვენიდან არაფერს ისე არ გავუხარებივარ, როგორც - ამ შემონათვალს, - სენაკში დავრჩე და საკუთარ სულზე ვიზრუნოო!

895 წელს, ანტიოქიის პატრიარქის, კავლეის მიცვალების შემდგომ მის მონაცვლედ ნიკოლოზ მისტიკოსი აირჩიეს.

სწორედ იმ დროს იმპერატორი მეოთხედ აპირებდა დაქორწინებას, ამ კავშირის ნაყოფის, - მომავალ იმპერატორ კონსტანტინე VII-ის ნათლობაზე პატრიარქი ნიკოლოზი კი დაითანხმა, მაგრამ ქორწინებასთან დაკავშირებულ რაიმე დათმობაზე - მისგანაც ისეთივე უარი მიიღო, როგორიც - ნეტარი ექვთიმესგან, რის გამოც გალაკრინის მონასტერში გადასახლა.

წმინდა ექვთიმეს კი ნიკოლოზის ადგილი შესთავაზეს, მან კი უპასუხა:

- აშორეთ საბრალო და უღირს მონას ეს ტვირთი და მომეცით საშუალება, საკუთარ სულსა და მოწაფეებზე ვიზრუნო!

მაშინ დასაყოლიებლად თავად იმპერატორი ეახლა, ხოლო ნეტარი, რა დარწმუნდა, რომ ნიკოლოზმა საბოლოოდ იუარა პატრიარქობა, სხვა მღვდელმთავარნი და რომის პაპი კი დათმობაზე წავიდნენ და იმპერატორს მეო¬თხე ქორწინების ნება დართეს, პატრიარქობაზე დათანხმდა.

მისი სიქველე, ვითარცა ლამპარი, განანათლებდა ეკლესიას, მტერთ კი იმგვარი გულმოწყალებით პასუხობდა, გულმხურვალე ქომაგებად და მეგობრებად მოაქცევდა.
ექვთიმე, მართალია, იმპერატორის ქორწინებას დათანხმდა, მაგრამ პრესვიტერ თომას, - იმას, ვინაც ლეონს ჯვარი დასწერა, მღვდელმოქმედება აუკრძალა, დედოფლის დიპტიქებში მოხსენიებაზე კი ცივი უარი თქვა.

სამწუხაროდ, ნიკოლოზის მომხრეებთან მშვიდობას ვერ მიაღწია და ეკლესია ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორშიც - რამდენიმე ათწლეულის წინ, წმინდა ფოტიო¬სისა და წმინდა ეგნატეს დაპირისპირებისას იყო.

ლეონ მეოთხის გარდაცვალების შემდგომ, 912 წელს, მისმა ძმამ, ალექსანდრემ წმინდა ექვთიმე გადაასახლა, მის ნაცვლად კი კვლავ ნიკოლოზი აღასაყდრა.

მყუდროებისა და მშვიდობის მოყვარული ექვთიმე მზად იყო, ოფიციალურად ეთქვა უარი საპატრიარქო პატივზე, თუმცა, მისი მომხრე მიტროპოლიტნი უშლიდნენ, - იმ დეზერტირს ემსგავსები, ჯარი რომ მიატოვაო.

ის კი პასუხობდა:

- მზად ვარ, ეკლესიისთვის სისხლი გავიღო, მაგრამ არ მსურს, მოწინააღმდეგეებმა ძალა იხმარონო!

მოკლე ხანში მის მომხრეთა წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო, ექვთიმე კი სასახლეში დაიბარეს, რომ ოფიციალურად ეთქვა უარი საპატრიარქო პატივზე.

ნიკოლოზის მომხრეთა ბრალდებებს ნეტარმა მშვიდად უპასუხა, - ამ პატივს მხოლოდ იმის შემდეგ დავთანხმდი, რაც დავრწმუნდი, რომ ნიკოლოზმა ოფიციალურად იუარა პატრიარქობაო!

ცოფქმნილი მოწინააღმდეგენი ნეტარს გაავებით მიაცხრნენ, სამღვდელმთავრო სამოსი შემოაფხრიწეს და ფეხქვეშ გათელეს, შემდეგ წვერი დააგლიჯეს, თან უმოწყალოდ ჰგვემდნენ და ჰნერწყვიდნენ.

ხოლო როდესაც დაკითხვის გასაგრძელებლად ფეხზე წამოაყენეს, ერთ-ერთმა დამსწრეთაგანმა ისეთი გამეტებით დაარტყეს სახესა და ზურგში, კბილები ჩაუმსხვრიეს და გონება დაკარგა, ხოლო როდესაც ქვემოთ, კიბეზე უწყეს თრევა, ლამის სული განუტევა.

მცირე ხნის შემდგომ, წმინდა სოფიის ტაძარში, წირვისას, ნეტარი შეიპყრეს და აღათის მონასტერში გადაასახლეს, მალე კი მის გზას ყოველი მისი მომხრე გაუყენეს და ეკლე¬სიისგან განკვეთეს, მათ შორის - ის პატრიარქნიც, ვინც იმპერატორის მეოთხე ქორწინებას დაეთანხმნენ.

წმინდა მამამ კი დევნილობაში კვლავ პოვა ნანატრი მყუ¬დროება და ხშირად იმეორებდა:

- იყავნ ნება შენი, უფალო, დიდება შენდა!

მალე ნიკოლოზს განსაცდელი ეწვია, წმინდა სოფიას ტაძარს შეეფარა და ექვთიმეს კვლავ პატრიარქობა შესთავაზა.

წმინდა მამამ კი, რომლისთვისაც უცხო გახლდათ ამბიცია და შურისძიება, რაღა თქმა უნდა, უარით უპასუხა, მომხრე მღვდელმთავრებს კი კათედრათა დაბრუნება უწინასწარმეტყველა.

საპატრიარქო პატივდაბრუნებული და მოწინააღმდეგის დიდსულოვნებით შეძრული ნიკოლოზი ხშირად აკითხავდა ექვთიმეს, ხოლო როდესაც ეს უკანასკნელი მძიმე სნებამ შეიპყრო, ნიკოლოზს უხმო და პატიება სთხოვა, ნიკოლოზი კი თავად ჩაუვარდა ფეხებში:

- შენდობა მე უნდა გთხოვოთ იმ ბოროტებისთვის, რაც მოგაგეთ!

მრავალი საათის განმავლობაში, თვალცრემლიანნი გამოსთხოვდნენ ერთურთს პატიებას ორი პატრიარქი.

სიცოცხლის უკანასკნელი დღენი ნეტარმა მამამ სავანის საქმეებს მოახმარა, 917 წლის 5 აგვისტოს, სამოცდაათწლიანი მონაზვნური ცხოვრების შემდგომ კი, ღვთივ განისვენა.

ბეჭდვა
1კ1