ღირსი კოზმა, პალესტინელი განდეგილი (VI) - 03 (16) აგვისტო
ღირსი კოზმა, პალესტინელი განდეგილი (VI) - 03 (16) აგვისტო
აი, რას მოგვითხრობს აბბა ბასილი ამ ღვთისკაცის შესახებ "ლიმონარში":

- ანტიოქიაში ყოფნისას პატრიარქ გრიგოლთან იერუსალიმიდან განდეგილი კოზმა ესტუმრა, დიდი მმარხველი, საღვთო მოშურნეობით აღვსილი, საეკლესიო დოგმატთა მკაცრი დამცველი და წმინდა წერილის უბადლო მცოდნე.

ანტიოქიაში ჩამობრძანებიდან მცირე ხანში წმინდა მამამ ღვთივ განისვენა. პატრიარქმა მისი თავის ტაძარში დამარხვა ინება, რომლის წიაღშიც სხვა ეპისკოპოსიც განისვენებდა.

ერთხელ, როდესაც ტაძარში აბბას წმინდა ნაწილთა თაყვანსაცემად შევედი, ერთი მათხოვარი შევნიშნე, რომელიც მომიახლოვდა, ნეტარი მამის სამარესთან სამი დიდი მეტანია აღასრულა და მითხრა:

- ჭეშმარიტად დიდია აბბა, მიწას ორი თვის წინ რომ მიაბარეთ!

- საიდან იცი?

- თორმეტ წელიწადს ვავადობდი და მისი წყალობით მომეცა სიმრთელე, ხოლო როდესაც ურვა მეწვევა, მოდის და მანუგეშებს, გარდაცვალების შემდგომ კი ყოველღამ მესმის, როგორ მიმართავს ეპისკოპოსს:

- არ მომიახლოვდე, ერეტიკოსო, რამეთუ მტერი ხარ ერთი წმინდა და კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიისაო!

ყოველივე მყისვე ვაუწყე პატრიარქს და ვთხოვე, აბბას სხეული სხვა ადგილას გადაგვესვენებინა, მან კი მანუგეშა:

- მერწმუნე, შვილო ჩემო, ეგ ეპისკოპოსი წმინდა კოზმას ვერას დააკლებს, ეგ ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ ხუცესის სიწმინდე და საქმენი და ხსენებული ეპისკოპოსის განდგომილება წარმოჩენილიყოო!

აბბა ბასილი კიდევ ერთ ამბავს გვიამბობს ღირსი კოზმას ცხოვრებიდან:

- ოდესღაც ნეტარს ლავრაში ვესტუმრე, მან კი მიამბო: - ერთხელ დავფიქრდი, თუ რას ნიშნავდა მაცხოვრის სიტყვა: "და მერმე ჰრქუა მათ: არამედ აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი". (ლუკა, 22:36) და მოწაფეთა მინაგებზე მისი პასუხი: - "კმა არს", ოდეს უთხრეს: "ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ" (ლუკა, 22:38).

დიდხანს იფიქრა ამ სიტყვებზე ნეტარმა, შუადღისას კი პასუხის მისაღებად ლავრაში, აბბა თეოფილესკენ გაეშურა.

უდაბნოზე გამავალ გზაზე უზარმაზარი ასპიტი შემოხვდა, რომლის ტანის სიმძიმით მიწას ღრმა ნაკვალევი აჩნდა. გულისხმაჰყო რა ეშმაკის მზაკვრობა, კოზმამ შემწედ უფალს უხმო, ლოცვით შეიმოსა და გზა უშიშრად განაგრძო.

ხოლო ოდეს აბბა თეოფილეს ამ სიტყვათა განმარტება სთხოვა, პასუხად მიიღო:

- მაგ ორ მახვილში ღვთივსათნო ცხოვრების ორი სახე იგულისხმება, - მოღვაწეობა და შრომა, ჭვრეტა და გონების შთაფლვა ლოცვაში, ხოლო ვინაც ამ იარაღთაგან ორივეს ფლობს, სრული კაცია!

ფარანის სახელგანთქმულ ლავრაში ჩემი ათწლიანი ცხოვრების მანძილზე აბბა ხშირად მასაზრდოებდა თავისი ოქრონეტარი სიტყვით, ერთხელ კი, ათანასე დიდის სიტყვა რომ დაიმოწმა, მირჩია: - თუ წმინდა ათანასეს სიტყვას წაიკითხავ ან მოისმენ, თუ ქარტია არ გექმნა, სამოსზე დაიწერეო!
* * *

ხსენება მღვდელმოწამისა ვიაჩესლავისა (ლუკანინი), დიაკონისა (+1918), მღვდელმოწამისა ნიკოლოზისა (პომერანცევი), პრესვიტერისა (+1938) - 03 (16) აგვისტო

ბეჭდვა
1კ1