ნეტარი ვასილი, ქრისტესთვის სულელი, მოსკოველი საკვირველმოქმედი (+1557) - 02 (15 ) აგვისტო
ნეტარი ვასილი, ქრისტესთვის სულელი, მოსკოველი საკვირველმოქმედი (+1557) - 02 (15 ) აგვისტო
ღვთის ეს რჩეული ჭურჭელი 1468 წელს, მოსკოვის მახლობელ სოფელ ელოხოვოში, კეთილკრძალულ ქრისტიანთა - იაკობისა და ანას ოჯახში იშვა.

ნეტარს ყრმობითგანვე გამოარჩევდა ღვთის სიყვარული და ზეგარდამო მადლი.

ჯერ კიდევ ბავშვი მიაბარეს შეგირდად მეწაღეს, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც ვაჭარმა უამრავი ახალი ჩექმა შეუკვეთა.

თექვსმეტი წლის ვასილიმ ამის გამო ვაჭარს დასცინა, ხოლო როდესაც მისი წასვლის შემდეგ პატრონმა მისი ამგვარი საქციელის მიზეზი იკითხა, ვასილიმ მიუგო: - ამდენი ჩექმა ნეტავ, რაში სჭირდება, როცა ხვალ ამქვეყნიდან გავაო და ასეც მოხდა.

ამ ამბის შემდეგ ვასილი იქაურობას გაერიდა, თუმცა, არც შინ სურდა დაბრუნება, ამიტომ მოსკოვს მიაშურა და მოღვაწეობის ის გზა აირჩია, ქრისტეს ვნებებს ყველაზე სრულქმნილად რომ აზიარებდა.

ამიერიდან მუდმივი საცხოვრისი კი არა, თავის მისადრეკი ადგილიც არ გააჩნდა, ქუჩაში ცხოვრობდა და დღედაღამ ყველგან ფეხშიშველი იარებოდა, ღამეებს კი ლოცვაში განლევდა.

ხალხმრავალ ქალაქში ისე ცხოვრობდა, როგორც უდაბნოში, მდუმარებას განდეგილივით იმარხავდა, ხოლო თუ ხმას დაძრავდა, თავს ენაბლუდ აჩვენებდა.

ამქვეყნიდან გასულს არც ახლობლები ჰყავდა, არც ვინმე თანამგრნობი, ისინი კი, ვისაც ავადობა, განსაცდელი ან სიღატაკე ტანჯავდა, უკიდურესად ეწყალვოდა, შეეწეოდა, ციხეში მყოფ ლოთებს კი ხშირად აკითხავდა და ცდილობდა, ამ ცოდვისგან ლოცვით და მადლმოსილი სიტყვით დაეხსნა.

მისი ყოველი ქმედება - წინასწარმეტყველება გახლდათ, მაგალითად, ხშირად ისროდა ხოლმე ქვებს იმ სახლებისკენ, სადაც ზნეკეთილი ადამიანები ცხოვრობდნენ, ცოდვილთა სამყოფლის კედლებს კი კრძალვით ეამბორებოდა ხოლმე.

ხოლო როდესაც ამ საქციელის მიზეზს ეკითხებოდნენ, ეტყოდა:

- იმათ სახლებში, ვინაც ღვთისთვის სათნო ცხოვრობს, ავსულნი ვერ აღწევენ, ვხედავ და ამიტომ განვაგდებ, ხოლო ცოდვილთა სახლებს, სადაც სიწმინდე ვერ ივანებს, გარს ანგელოზნი ახვევია და მათ კედლებსაც ამიტომ ვეამბორებიო.

ბაზარში ხშირად ამოუყირავებდა ხოლმე უსინდისო ვაჭრებს დახლებს. ერთხელ ხელმწიფისგან თანხა მიიღო, მაგრამ, როგორც სჩვეოდა, ღატაკებს როდი დაურიგა, არამედ ერთ მდიდრულად შემოსილ ვაჭარს მისცა, ქონება რომ დაეკარგა, თუმცა, სამოწყალოდ ხელის გაწვდენა ვერ გაებედა და შიმშილით სიკვდილი ელოდა.

1521 წელს, როდესაც მოსკოვს თათართა ჯარი დაემუქრა, ნეტარი მამა მოსკოვის კრემლის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კარიბჭესთან ლოცვად დამდგარი ცრემლით შეევედრა ღმერთს ხსნას.

უეცრად ტაძრიდან საშინელი ხმაური მოისმა, ცეცხლი გამოვარდა, ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატიდან კი ხმა ისმა: - მოსკოვს მის მკვიდრთა ცოდვების გამო ვტოვებო!

ნეტარმა ლოცვა გააძლიერა და ქვეყანა საშინელ განსაცდელს გადაურჩა.

მეფე ივანეს, მრისხანედ წოდებულს, ძალზე უყვარდა ნეტარი და უდიდეს პატივსაც მიაგებდა, ისევე, როგორც წმინდა მიტროპოლიტი, მაკარი (ხსენება 30 დეკემბერს).

ერთხელ, ხელმწიფის დაბადების დღეზე მიწვეულმა ნეტარმა ვასილიმ სამგზის გადაღვარა ღვინო სასახლის ფანჯრიდან.

ხოლო როდესაც მეფე დაეკითხა, - ამას რად იქმო? უპასუხა:

- ნოვგოროდს ხანძარს ვაქრობო!

მცირე ხანში შიკრიკებმა იქ მყოფთ ამცნეს, - ნოვგოროდს საშინელი ხანძარი მოედო, თუმცა, ცეცხლი არ გავრცელდა, რადგან ვიღაც უცნაური, ფეხშიშველი კაცი ქუჩა-ქუჩა დადიოდა და ცეცხლს აქრობდაო. ხოლო როდესაც ამ ამბის მაცნეებმა ვასილი იხილეს, მასში მაშინვე ამოიცნეს ის საკვირველი, ფეხშიშველი უცნობი, ნოვგოროდი გადაბუგვას რომ გადაარჩინა.

სხვა დროს, 1547 წელს, ნეტარი უფლის ჯვრის ამაღლების სახელობის მონასტრის წინ, სწორედ იმ ადგილას ატირდა, სადაც გარკვეული ხნის შემდეგ დიდი ხანძარი გაჩნდა, მოსკოვი რომ გააუკაცრიელა.

ამ ამბიდან მცირე ხანში, წირვისას, ტაძრის კუთხეში მდგომმა ვასილიმ დაჟინებით უწყო ცქერა ხელმწიფეს, ღვთისმსახურების დასასრულს კი უთხრა:

- შენ ტაძარში კი არა, სხვა ადგილას იყავიო!

ხოლო როდესაც მეფემ ნათქვამი გააპროტესტა, უთხრა: - ცრუობ, რამეთუ ვხედავდი, ფიქრით როგორ მიმოდიოდი ვორობიოვის მთაზე, სადაც ახალი სასახლის აგება განგიზრახავსო!

ის დღე იყო და ხელმწიფე მეტი პატივისცემით განიმსჭვალა წმინდა მამისადმი.

ნეტარი მამა ხშირად ეცხადებოდა ხომალდზე, განსაცდელში მყოფთ და დაღუპვისგან იხსნიდა, თავისი 62-წლიანი სალოსობის მანძილზე კი სხვა უამრავი სასწაული აღასრულა.

88 წლის ასაკში შეუძლოდ შეიქნა, ხელმწიფემ მთელი თავისი სახლეულით მაშინვე მოიკითხა ღირსი მამა და კურთხევა გამოსთხოვა.

სასიკვდილო სარეცელზე ვასილიმ სახელმწიფოს მომავალი იწინასწარმეტყველა, შემდეგ სახე უჩვეულოდ გაუნათდა, რამეთუ ანგელოზთა გუნდი იხილა და 1557 წლის 2 აგვისტოს ღვთივ განისვენა.

მთელი ქალაქი საკვირველი კეთილსურნელებით აღივსო, მის დაკრძალვას კი უამრავი ადამიანი დაესწრო, მისი კუბო ხელმწიფემ ვაჟებითურთ ზიდა ტაძრამდე, სადაც მიტროპოლიტი და ეპისკოპოსნი ელოდნენ. მის სამარეზე კი, უამრავი სასწაულისა და კურნების წყაროდ რომ იქცა, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ტაძარი აღაშენეს, მოგვია¬ნებით ნეტარი ვასილის სახელი რომ მიიღო.

წმინდა მამა 1588 წელს შეერთო წმინდანთა დასს. იმ დღეს მის წმინდა ნაწილებთან ას ოცმა სნეულმა მიიღო კურნება.

ნეტარი ვასილი მოსკოვის მფარველი წმინდანია.

ბეჭდვა
1კ1