წმინდა იოსებ არიმათიელი (I) - 31 ივლისი (13 აგვისტო)
წმინდა იოსებ არიმათიელი (I) - 31 ივლისი (13 აგვისტო)
წმინდა იოსებ არიმათიელი იესო ქრისტეს ფარული მოწაფე იყო. იგი გახლდათ იერუსალიმის სინედრიონის წევრი. იოსებს, როგორც სინედრიონის წევრს, მონაწილეობა არ მიუღია იუდეველთა იმ ბჭობასა და ზრახვაში, რომელიც მაცხოვრისთვის ჯვარცმის სასჯელის გამოტანით დასრულდა. იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ იუდეველებმა სთხოვეს პილატეს, გოლგოთაზე ჯვრებზე გაკრულთათვის წვივები დაემტვრიათ და ჩამოეხსნათ. იუდეველთა თხოვნის მიზეზი იყო ის, რომ მეორე დღეს შაბათი დგებოდა, მათ არ სურდათ უქმე დღეს ცხედრები ჯვრებზე დაეტოვებინათ. მაშინ მივიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მაცხოვართან ერთად ჯვარცმულთ, ერთსაც და მეორესაც. ხოლო როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ უკვე მომკვდარიყო და აღარ დაუმტვრიეს წვივები. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა... ვინაიდან პარასკევი იყო, შაბათის წინა დღე, იოსებ არიმათიელი, (ქალაქ არიმათეის მკვიდრი) მრჩეველთა კეთილშობილი და წარჩინებული წევრი, კაცი კეთილი და სამართლიანი, მდიდარი, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. პილატეს გაუკვირდა, განა უკვე მოკვდაო? მოუხმო ასისთავს და ჰკითხა: დიდი ხანია მოკვდა? და როცა შეიტყო ასისთავისგან, მისცა იოსებს მისი გვამი. იოსებ არიმათიელმა იყიდა ტილო და მაცხოვრის სხვა ფარულ მოწაფესთან, ნიკოდიმოსთან ერთად ჩამოხსნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვრიდან. ნიკოდიმოსმა მოიტანა სმირნისა და ალოეს ნაზავი, ასიოდე ლიტრა. აიღეს იესოს გვამი და ტილოებში გახვიეს, ნელსაცხებელთან ერთად, როგორც მოითხოვდა იუდეველთა დაკრძალვის წესი. იოსებ არიმათიელმა გეთსიმანიის ბაღში წაასვენა და თავისთვის შემზადებულ "ახალსა საფლავსა დადვა" ღვთისმშობლისა და მენელსაცხებლე დედათა თანდასწრებით.


აქვე წაიკითხეთ:


წმინდა იოსებ არიმათიელი - ქრისტეს ფარული მოწაფე, რომელმაც მაცხოვარი ჯვრიდან გარდამოხსნა



ბეჭდვა
1კ1