ღირსი გერმანე სოლოვკელის (+1479) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 1484 წელს - 30 ივლისი (12 აგვისტო)
ღირსი გერმანე სოლოვკელის (+1479) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 1484 წელს - 30 ივლისი (12 აგვისტო)

1484 წელს მდინარე სვირის სანაპიროზე, სოფელ ხავრონინასთან დაკრძალული ღირსი გერმანე სოლოვკელის წმინდა ნაწილები აღმოიყვანეს.

ამ დღეს ეკლესია 30 ივლისს (12 აგვისტო) იხსენიებს.

ღირსი გერმანე სოლოვკელი განმარტოებით ცხოვრობდა მდინარე ვიგის სანაპიროზე. დაახლოებით 1429 წელს აქ მას შეხვდა წმინდა საბატი ბალაამის სავანის ბერი, რომელიც განკრძალულ ადგილს ეძებდა სამოღვაწეოდ. გერმანემ მას სოლოვკის უდაბური კუნძულის შესახებ მოუთხრო, რის შემდეგაც წმინდა მამებმა ერთად გადალახეს ზღვა და სოლოვკიზე დამკვიდრდნენ. ნეტარი საბატის (+1435) მიცვალების შემდეგ ღირსმა გერმანემ სხვა მეუდაბნოესთან, ღირს ზოსიმესთან ერთად განაგრძო კუნძულზე მოსაგრეობა.

ბერებმა შიშველი ხელებით დაიწყეს მუშაობა, ააშენეს კელიები, დაამუშავეს მიწა. ერთხელ შემოდგომაზე მამა გერმანე მატერიკზე წავიდა სანოვაგისთვის, უკან დაბრუნება ვერ მოახერხა და მამა ზოსიმე მთელი ზამთარი მარტო დარჩა კუნძულზე. წმინდა ბერს მრავალი ცდუნების დაძლევა მოუხდა. მას გარდაუვალი შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა, მაგრამ სასწაულებრივად გამოჩენილმა ორმა უცნობმა დაუტოვა პური, ფქვილი და ზეთი. გაზაფხულზე მამა გერმანე დაბრუნდა მეთევზე მარკოზთან ერთად და სანოვაგე ჩამოიტანა.

როცა კუნძულზე რამდენიმე განდეგილმა მოიყარა თავი, ღირსმა გერმანემ და ზოსიმემ მათთვის ააშენეს ხის ეკლესია უფლის ფერისცვალების სახელზე. მათი თხოვნით ნოვგოროდიდან ახალდაარსებულ სავანეში ჩამოვიდა იღუმენი და ჩამოიტანა ოდიკი ეკლესიისათვის. ასე დაედო საფუძველი სახელგანთქმულ სოლოვკის მონასტერს. მკაცრ ბუნებრივ პირობებში ძმებმა მოახერხეს მოეწყოთ მეურნეობა, მაგრამ ნოვგოროდიდან გამოგზავნილი წინამძღვრები ვერ ეგუებოდნენ უჩვეულო გარემოს, ამიტომ ძმებმა იღუმენად ღირსი ზოსიმე აირჩიეს.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ღირსმა ზოსიმემ თვითონ დაამზადა თავისი კუბო. დაასაფლავეს ფერისცვალების ტაძრის წინ (+1478 წ, 17 აპრილი). 1566 წლის 8 აგვისტოს ზოსიმესა და საბატის წმინდა ნაწილები გადაასვენეს ფერისცვალების ტაძარში.

ღირსმა გერმანემ წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ ღვთისგან იყო განბრძნობილი. მას სურდა, საბატისა და ზოსიმეს მაგალითი შთამომავლობისთვის შემოენახა და ღვთისმსახურებს უბრძანა, ჩაეწერათ მისი მოგონებები ნეტარი მამების შესახებ. ღირს გერმანეს უყვარდა სულის სარგებელი საკითხავების სმენა და მოწაფეებს დაუბარა, სავანეში წიგნებისთვის მოეყარათ თავი. სამეურნეო და სხვა საჭიროებებისთვის წმინდანი ღრმა მოხუცებულობამდე მოგზაურობდა და არანაირ ხიფათს არ ერიდებოდა. ერთ-ერთი ასეთი მოგზაუ¬რობის დროს, 1479 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს ანტონის მონასტერში. მისი ცხედარი სოლოვკის მონასტრისკენ წაასვენეს, მაგრამ უგზოობის გამო მდინარე სვირის სანაპიროზე, სოფელ ხავრონინასთან დაკრძალეს.

ხატის წყარო

 

ბეჭდვა
1კ1