ღირსი პავლე ქსეროპოტამელი (X) - 28 ივლისი (10 აგვისტო)
ღირსი პავლე ქსეროპოტამელი (X) - 28 ივლისი (10 აგვისტო)
ძველი სტილით 28 ივლისს (10 აგვისტო) მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს ათონის წმინდა მთის ერთ-ერთი მონასტრის - ქსეროპოტამის პირველ იღუმენს ღირს პავლე ქსეროპოტამელს.

ბიზანტიის იმპერატორ მიქაელ კუროპალატს ჰყავდა ძე პროკოფი, რომელსაც იმ დროისათვის საუკეთესო განათლება ჰქონდა მიღებული - უფლისწული ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი იყო მთელ ბიზანტიაში. პროკოფის არ იზიდავდა ამქვეყნიური დიდება და პატივი, სურდა, ცხოვრება უფლისთვის მიეძღვნა, ამიტომ განერიდა ყოველივე წარმავალს და ათონის წმინდა მთაზე, ქსეროპოტამად წოდებულ ადგილს მიაშურა. აქ დედოფალ პულქერიას მიერ წმინდა ორმოცი მოწამის სახელზე აგებული მონასტერი უკვე ჩამოქცეულიყო. უკაცრიელ ნანგრევებში წმინდანმა მცირე სენაკი მოიწყო, შიგ დამკვიდრდა, მალე ბერადაც აღიკვეცა და პავლეს სახელით შეუდგა მოსაგრეობას.

ღირსი პავლე თავმდაბლობის გამო არავისთან ავლენდა თავის განათლებას, მაგრამ მკაცრმა, ასკეტურმა ცხოვრებამ მას მალე გაუთქვა სახელი. ღირს მამას პავლე ქსეროპოტამელი შეარქვეს, იმ სავანეს კი, სადაც ის მოსაგრეობდა, დღესაც ქსეროპოტამს (დამშრალ ნაღვარევს) უწოდებენ.

როცა ბიზანტიის სამეფო ტახტზე წმინდა პავლეს ნათესავი, იმპერატორი რომანოზი ავიდა, მან მთაწმინდის კინოტის მეშვეობით მოახერხა და ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩასვლაზე დაითანხმა. სასახლის ბრწყინვალებასა და ფუფუნებაში წმინდანი ჯვრით ხელში, ძველი, დაფლეთილი სამოსლით გამოცხადდა და მძიმედ დასნეულებული იმპერატორი თავზე ხელის შეხებით განკურნა. მადლიერმა რომანოზმა მას სამეფო კარზე დარჩენა შესთავაზა, მაგრამ ღირსმა მამამ არ ისურვა დაბრუნებოდა მისი სულისთვის უცხო, ამაო ყოფას; მან მხოლოდ ერთი რამ ითხოვა: თვითმპყრობელს ქსეროპოტამის დანგრეული მონასტრის აღორძინებაზე ეზრუნა. წმინდანის სურვილი შესრულებულ იქნა: სავანე აღდგა. როცა ტაძარი აკურთხეს, წმინდა ტრაპეზზე იმპერატორის მიერ პავლესთვის ნაბოძები უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი დააბრძანეს. მონასტერი თანდათან გაივსო ბერებით, მდუმარებისმოყვარე წინამძღვარმა კი საძმოზე ზრუნვა ერთ-ერთ მოწაფეს გადააბარა და თავად შორეულ უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. მალე სულიერმა შვილებმა, რომელთაც არ სურდათ მოძღვართან განშორება, ნეტარს აქაც დაურღვიეს მყუდროება. მაშინ მან იმპერატორ რომანოზისგან კვლავ გამოითხოვა საჭირო სახსრები, და ახალი, წმინდა გიორგის სახელობის სავანე ააგო და ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილებიც აქ გადაასვენა.

ღირს პავლეს უფლისგან წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება. მოიხმო ქსეროპოტამისა და წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ძმები და უკანასკნელად დამოძღვრა. მიცვალების დღეს წმინდა მამამ მოსასხამი შეიმოსა, ჩვეული სიმდაბლით წარმოთქვა იოანიკე დიდის ლოცვა, რომელსაც დაუდუმებლად იმეორებდა: "სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელ ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა", და ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ეზიარა. ნეტარმა დაიბარა, მისი ცხედარი მთაწმინდის მოპირდაპირე პონღოსის ნახევარკუნძულზე დაეკრძალათ, მაგრამ, ღვთაებრივი განგებულებით, ხომალდი კონსტანტინოპოლის ნაპირს მიადგა. იმპერატორმა და პატრიარქმა კრძალვით ჩაიბარეს ძვირფასი ნეშტი და საზეიმოდ გადააბრძანეს წმინდა სოფიას ტაძარში. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დარბევის შემდეგ წმინდა პავლეს უხრწნელი ნაწილები ვენეციაში გადაასვენეს.

ქსეროპოტამის მონასტერი XI საუკუნეში ერთ-ერთი მდიდარი და აყვავებული იყო. მისი სამფლობელო გადაჭიმული იყო ივერონისა და წმინდა პავლეს მონასტრებამდე. ამჟამად აქ განლაგებულია სიმონპეტრას, წმინდა გრიგოლისა და დიონისეს სავანეები. დროთა განმავლობაში მონასტერმა სამფლობელოთა ნაწილი დაკარგა, თუმცა არც დღეს არის ღარიბი - მას ეკუთვნის მოზრდილი ტყიანი ფართობები; განსაკუთრებით გამოირჩევა წაბლის ტყე. სავანეს ძალიან გაუჭირდა ჯვაროსნების შემოსევების დროს და მეკობრეების თავდასხმების გამო.


XIV-XV საუკუნეებში ბიზანტიის იმპერატორების და სერბი დიდებულების შეწირულობებით აიგო გოდოლი და სადარაჯო კოშკი, წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, ხოლო 1445 წელს გადაკეთდა საკათედრო ტაძარი.

განსაკუთრებით მძიმე დღეში ჩავარდა ქსეროპოტამი თურქების ბატონობის დროს. დიდი ზარალი მიაყენა სავანეს ხანძრებმა, ხარკმა, გაუთავებელმა ქონებრივმა დავამ მეზობელ მონასტრებთან. 1609 წლის ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა სავანე. ბერები მაშინვე შეუდგნენ მონასტრის აღდგენას. მათ ეხმარებოდნენ მოლდოვა-ვლახეთის თავადები და თვით სულთანი სელიმ I. 1611 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ტიმოთე II-მ მონასტრის იღუმენს ღვთისმსახურების დროს მეწამული ფერის მანტიის ტარების უფლება უბოძა. გადმოცემის თანახმად, მანტია შესწირა იმპერატორმა კონსტანტინე პორფიროგენეტმა. სამონასტრო ტაძარი აღადგინეს 1761-1763 წლებში, მოხატეს 1783 წელს. ტაძრის გარდა სავანის ტერიტორიაზე არის 7 ეკლესია. მონასტერს ეკუთვნის 4 კელია და კარიესში - წარმომადგენლობა. ამას გარდა, დაფნის ნავსადგურის ნაგებობათა უმრავლესობა ქსეროპოტამის საკუთრებაა.

დღეს ქსეროპოტამს მერვე ადგილი უკავია ათონის მონასტრების იერარქიაში. ახლა იქ ცხოვრობს სამოცამდე ბერი კელიოტების ჩათვლით.

ბეჭდვა
1კ1