ღირსი გიორგი მაშენებელი (+1029) - 28 ივლისი (10 აგვისტო)
ღირსი გიორგი მაშენებელი (+1029) - 28 ივლისი (10 აგვისტო)
როგორც ათონელ წმინდა მამათა ცხოვრების აღმწერელი გიორგი მთაწმინდელი მოგვითხრობს, მონასტრის პირველმა წინამძღვარმა, იოანე იბერმა, თავის შვილს, ექვთიმეს გადააბარა წინამძღვრობა და თან დაუბარა: "შემდგომად თავისა... რაჲთა გიორგის დაუტეოს მამობაჲ, რომელ იგი თვისივე იყო მათი, კაცი სახელოვანი და ფრთხილი ჴორციელთა საქმეთა ზედა".

ექვთიმეს გადადგომის შემდეგ, 1019 წელს, გიორგიმ აქტიურად დაიწყო მონასტრის მართვა. იგი ერთპიროვნულად წყვეტდა მონასტრის საქმეებსა და ბევრ რამეს ცვლიდა მონასტრის წესებში სამეურნეო ცხოვრების მოსაწესრიგებლად. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან გააკეთა, იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აშენება, რის გამოც მან "დიდისა" და "მაშენებლის" ზედწოდება დაიმსახურა. ტაძრის წარწერაში ნათქვამია: "მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი და უკუნისამდე არა შეიძრნენ. გიორგი მონაზონი, ქართველი და მაშენებელი".


სამეურნეო და სამშენებლო სამუშაოთა წარმოებისათვის გიორგის მუშახელი და ხელოსნები ესაჭიროებოდა, რისთვისაც მონასტერში მოიზიდა ბერძენი ბერები, რადგან ისინი კარგი ხელოსნები იყვნენ. იოანესა და ექვთიმეს "ცხოვრების" ავტორი გიორგის ამ ნაბიჯს არასწორად მიიჩნევს, თუმცა ამავე დროს გამართლებასაც უძებნის და დასძენს, რომ ბერძნების მომრავლებას მონასტერში გიორგიმ იძულებით მიჰყო ხელი, ამისთვის არსებობდა ობიექტური მიზეზები. ამას ითხოვდა მონასტრის გაზრდილი მამულები და მეურნეობა, დიდი სამშენებლო საქმიანობა, რომელიც გიორგიმ წამოიწყო. მაგრამ ამავე დროს, ის ივერიონში ჩამოსულ ქართველებს განსაკუთრებული მზრუნველობით ეკიდებოდა და არაფერს აკლებდა.

ვინაიდან ბერძენთა მომრავლებამ ივერიონში საბოლოოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ქართველები, ამიტომ მონასტერში "ბერძენთა მომრავლება" და "ბერძნებისკენ მიდრეკა" მომდევნო თაობამ, რომელიც მოწმე გახდა ივერიონში ბერძენთა მოქმედების მძიმე შედეგებისა, გიორგის დიდ ბრალდებად წაუყენა, მიუხედავად იმ დამსახურებისა, რომელიც გიორგის მიუძღვოდა მონასტრის აღორძინების საქმეში. ივერონის პირველ მაშენებლებს - იოანე იბერსა და იოანე-თორნიკეს თავიდანვე ჰქონდათ კურსი აღებული იქითკენ, რომ მონასტერში მხოლოდ ქართველები ყოფილიყვნენ. მაგრამ ამის განხორციელება ძნელი აღმოჩნდა. მკვეთრად გამოხატული ანტიბერძნული კურსი ივერონის პირველი მაშენებლებისა, იმით უნდა აიხსნას, რომ მიუხედავად ათანასეს, იოანე იბერისა და იოანე-თორნიკეს დიდი სიახლოვისა, უსაზღვრო ნდობისა და ურთიერთპატივისცემისა, ჩანს, ლავრის ბერებს და ივერონის ბერებს შორის თავიდანვე არსებობდა გარკვეული დაპირისპირება. ამან განაპირობა ისიც, რომ ათანასემ თავის ანდერძში საგანგებოდ დამოძღვრა ლავრელები და მოუწოდა ბერებს მშვიდობისა და კეთილგანწყობისაკენ.

ივერონის წინამძღვარს დიდ პატივს სცემდნენ ბიზანტიის იმპერატორის კარზე, მან დიდად გაითქვა სახელი მეფე რომანოზის წინაშე და დაუახლოვდა მას. მერე კი, როგორ მოხდა, ღმერთმა უწყის, განდგომილება და ორგულობა დასწამეს ვინმე დიოგენეს გამო, რომელზეც ამბობდნენ, ამისი გამეფება უნდოდა გიორგისო. ამ მიზეზით გიორგი მონოვატში გააძევეს და იქ გარდაიცვალა.

გიორგის გადასახლება საბედისწერო აღმოჩნდა ივერთა ლავრისათვის. ცილისმწამებლებმა ახალი საბაბი იპოვეს, "საბერძნეთის დიდებულნი და პალატისა წარჩინებულნი ყოველნი მოდრიკნეს", და ათონელ ქართველებს მძიმე ვითარება შეუქმნეს. ამ დროს გაიძარცვა და განადგურდა "მამათა ჩვენთა მოგებული", სისხლითა და ოფლით მოპოვებული მონასტრის სიმდიდრე.

კეთილმსახურ და ქრისტესმოყვარე იმპერატორ მიქაელის დროს ივერთა მონასტერს ისევ დაუბრუნდა კუთვნილი ქონება და ძველებური სიტკბოება მოეფინა სავანის ძმობას.

ქართველმა ბერებმა გიორგის ცხედარი მონოვატიდან ათონს გადაასვენეს.

ათონის ივერთა მონასტერში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაკრძალეს. წმინდა გიორგი მაშენებლის ხსენება იოანესა და ექვთიმესთან ერთად აღესრულება ახალი სტილით 10 აგვისტოს.

გიორგი მაშენებლის ნათესაური კავშირი იოანეს, ექვთიმესა და თორნიკესთან

გიორგი I-ის ვინაობა და მისი ნათესაური კავშირი იოანეს, ექვთიმეს და თორნიკესთან - ეს ის საკითხია, რომელსაც არაერთი მკვლევარი შეხებია, თუმცა ერთიანი თვალსაზრისი დღემდე არ არის შემუშავებული. ცნობებს გიორგის შესახებ გვაწვდიან "იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება" და ათონის მონასტერთა ბერძნული აქტები. "ცხოვრებაში" გიორგი I იწოდება იოანეს და ექვთიმეს "თვისად" ანუ ნათესავად. ასევე იოანე იბერის "თვისად" იწოდება დიდი თორნიკე ერისთავიც. ბერძნული აქტების მიხედვით კი გიორგი ერთდროულად ნათესავია იოანე იბერისა და თორნიკე ერისთავისა. ორივე გიორგის ბიძებად იწოდებიან, გიორგი კი მათ ძმისწულად ან დისწულად (ბერძნულში დისწული და ძმისწული გარჩეული არ არის). თუ რა ხარისხის ნათესაური კავშირი არსებობდა იოანეს, ექვთიმეს, თორნიკესა და გიორგის შორის, ამაზე ზოგიერთი მინიშნება ისევ "იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაშია" დაცული: იოანე იბერის სიმამრი ყოფილა აბუჰარბი, ბიძა თორნიკესი, ძმა თორნიკეს მამის ჩორდვანელისა: ე.ი. იოანე ბერს ცოლად ჰყოლია აბუჰარბის ქალიშვილი, თორნიკეს ბიძაშვილი (სიმამრს აბუჰარბს და მის ვაჟიშვილებს დაუტოვა იოანე იბერმა თავისი შვილი ექვთიმე აღსაზრდელად, როდესაც მონასტერში ბერად შედგა).

ასეთ ვითარებაში გამორიცხულია, რომ იოანე იბერი და თორნიკე მკვიდრი ძმები ყოფილიყვნენ, თუმცა ზოგიერთ სამეცნიერო ლიტერატურაში ისინი ძმებად იხსენიებიან: იოანე იბერი გაიგივებულია თორნიკეს ძმასთან - იოანე ვარაზვაჩესთან. ამ დროისათვის დაუშვებელია სისხლის აღრევა. შეუძლებელია, რომ იოანეს თავისი მკვიდრი ბიძის ქალიშვილი შეერთო ცოლად. იოანე იბერი არ ეკუთვნის ჩორდვანელების სახლს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ იოანეს ერობის სახელი - აბულჰერით - არ გვხვდება ჩორდვანელების სახლის ონომასტიკონში. ამას გარდა, არც ანდერძებში ჩანს იოანე იბერი თორნიკეს ძმად.

მეცნიერ ელენე მეტრეველის აზრით, ვინაიდან იოანესა და თორნიკეს შორის ნათესაობა ("თვისობა") იოანეს მეუღლის, აბუჰარბის ქალიშვილის ხაზით მყარდება, ხოლო გიორგის ბიძები ერთდროულად ყოფილან იოანე იბერიცა და თორნიკეც, საფიქრებელია, რომ გიორგის ნათესაობაც იოანე იბერთან, ისევე როგორც თორნიკესი, იოანეს ცოლის ხაზით მყარდებოდა. გიორგი უნდა ყოფილიყო თორნიკეს ან ძმისშვილი ან დისშვილი. ხოლო იოანე იბერი გიორგის მა¬მიდის ან დეიდის ქმარი.

მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმე ბერძნიშვილმა გაარკვია, რომ იოანე იბერი და იოანე ვარაზვაჩე ერთი და იგივე პიროვნება არაა (რასაც ივერონის ბერძნული აქტებიც უჭერს მხარს), ძველი თვალსაზრისი, რომელიც კ, კეკელიძეს ეკუთვნის, დღესაც მეორდება ახალ სამეცნიერო ლიტერატურაში.

როგორც ვნახეთ, იოანე-თორნიკეს მომგებლობითა და დავალებით შექმნილ "განძის" ხელნაწერს ახლავს მისივე ანდერძი, რომლის განხილვისას პ. პეეტერსმა ყურადღე¬ბა მიაქცია იმას, რომ თორნიკეს ძმა ატარებს ვარაზვაჩეს სახელს. ამავე დროს ეს სახელი ჩანს სკლიცის ერთ-ერთ ცნობაში, რომელიც ეხება დიოგენეს შეთქმულების მონაწი¬ლეებს, რომელთა შორის მოხსენიებულნი არიან ქართველები - გიორგი და ვარაზვაჩე. სკლიცის ცნობარში ვკითხუ¬ლობთ: "როდესაც გამომჟღავნდა შეთქმულება, დიოგენე სატუსაღოში ჩასვეს, მისი თანამრჩეველნი კი პროტონოტროსი, პატრიკიოსი და სარდალი... გიორგი და ვარაზვაჩე, რომელმაც ათონის მთაზე მონასტერი დააარსა, სასტიკად სცემეს, მესეს გამზირით გაიყვანეს, მასხრად აიგდეს და გააძევეს". თუ სიტყვასიტყვით გავიგებთ მოტანილი ტექსტის ბოლო მონაკვეთს, რომელიც ქართველებს ეხება, გიორგი და ვარაზვაჩე ორ სხვადასხვა პიროვნებად შეიძლება მივიჩ¬ნიოთ, მაგრამ "მაშენებელი" ათონის ქართველთა მონას¬ტრისა არის მხოლოდ ერთი ვარაზვაჩე, რადგან ზმნა უშუა¬ლოდ მას მოსდევს და მხოლობით რიცხვშია.

ვინაიდან პ. პეეტერსს ვარაზვაჩეს სახელით ათონის ქართველ მოღვაწეთა შორის არავინ ეგულებოდა, ხოლო გიორგი კი "ცხოვრების" მიხედვით იოანესა და ექვთიმეს უახლოესი თანამოღვაწე და ექვთიმეს მომდევნო წინამძღვარი იყო, ამიტომ მისი აზრით, არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს ივერონის მესამე წინამძღვრის, გიორგისა და სკლიცას ივერონის მაშენებელი გიორგის იდენტურობა.

ამ მოსაზრების ჭეშმარიტებას ამყარებს ისიც, რომ გიორგი I-ს აუშენებია ივერონის ანსამბლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, რისთვისაც მან "დიდისა" და "მაშენებლის" სახელი დაიმკვიდრა.

გიორგი I რომ სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც სკლიცა ასახელებს შეთქმულთა შორის, იმითაც დასტურდება, რომ ივერონის ქართველ ბერებს მონოვატის კუნძულზე გარდაცვლილი გიორგი გადაუსვენებიათ ათონზე და მის მიერვე აშენებულ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაუსვენებიათ იოანე იბერისა და ექვთიმეს გვერდით. ამრიგად, გიორგი I-ის აშენებულ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქართველთა მონასტრის მადლიერმა ძმობამ ერთად დაკრძალა მონასტრის მაშენებლები და ქართველთა განმანათლებლები - ოთხი დიდებული ქართველი: იოანე იბერი, ექვთიმე მთაწმინდელი, გიორგი I მაშენებელი, მონასტრის მესამე წინამძღვარი და გიორგი მთაწმინდელი II მაშენებელი.


გიორგი I ვარაზვაჩედ მხოლოდ სკლიცასთან იწოდება, რას უნდა ნიშნავდეს ვარაზვაჩე ამ ორმაგ სახელში? ფეოდალურ საქართველოში ორმაგი სახელები ორგვარი მნიშვნელობით იხმარებოდა. ერთ შემთხვევაში პირველი ნაწილი ორმაგი სახელისა აღნიშნავს სუბიექტის ბერობის სახელს, მეორე კი ერობისას. ამის მაგალითი ბევრია: იოანე-თორნიკე, იოანე ვარაზვაჩე. მეორე შემთხვევაში ორმაგი სახელის პირველი სახელი აღნიშნავს საკუთარ სახელს, მეორე კი მამის სახელს. მაგალითად, ფერის ჯოჯიკის ძე. ამ რიგის ორმაგი სახელები ბერძნულში ხშირად იხმარება მაკავშირებელი "ძის" გარეშე.

ამრიგად, უნდა ვიფიქროთ, რომ ვარაზვაჩე სახელია გიორგის მამის, დიდი ჩორდვანელის ძის, თორნიკეს ძმისა.

აღსანიშნავია, რომ 981 წელს ტაოდან ათონზე მიდის ჩორდვანელთა სახლის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მიქაელი, უფროსი ძე ვარაზვაჩესი. მიქაელი ჩორდვანელთა სახლის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი წევრია, რომელიც წარჩინებულ მონაზვნებთან ერთად წაიყვანა თორნიკემ ათონზე, სადაც იგი შეიმოსა ბერის სამოსით და შეიცვალა სახელი, გახდა გიორგი. ელენე მეტრეველი მიიჩნევს, რომ მიქაელი იმალება ივერონის ცნობილი მოღვაწის, გიორგი I-ის სახელის უკან, რომელიც ქართული და ბერძნული წყაროების მიხედვით თორნიკეს ძმისწული იყო, უახლოესი თანამოღვაწე იოანესი და ექვთიმესი, მონასტრის წინამძღვარი, რომელმაც თავისი აქტიური სამშენებლო და სამეურნეო მოღვაწეობისათვის "მაშენებლის" სახელი დაიმსახურა.

ბეჭდვა
1კ1