წმინდა ათენაგორე ათენელი (II) - 24 ივლისი (6 აგვისტო)
წმინდა ათენაგორე ათენელი (II) - 24 ივლისი (6 აგვისტო)
"ქრისტიანი ფილოსოფოსი", ასე უწოდა II საუკუნის აპოლოგეტმა, ათენაგორემ თავის თავს. მის ხსენებას ეკლესია ძველი სტილით 24 ივლისს (6 აგვისტოს) აღნიშნავს. მისი ორი ნაშრომია ცნობილი: "შუამდგომლობა ქრისტიანთა გამო" და "მკვდართა აღდგომის შესახებ". "ქრისტიანი ფილოსოფოსი" - ეს სახელი ათენაგორეს მართლაც შეეფერება: იგი ქრისტიანობის აპოლოგეტიც იყო და იმავე დროს ფილოსოფოსი. იგი კარგად იცნობდა ბერძნულ ფილოსოფიას და მას ქრისტიანობის შესავლად აღიქვამდა.

ცნობები ათენაგორეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ძალიან მწირია. დანამდვილებით თითქმის არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ ის II საუკუნეში ცხოვრობდა და ფილოსოფოსი იყო.

გადმოცემით, იგი აპირებდა ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლას, ამიტომ დაიწყო სახარების შესწავლა, რათა კარგად ყოფილიყო შეიარაღებული ქრისტიანთა წინააღმდეგ, თუმცა მისი სული სულიწმიდამ "მიიტაცა" და იგი შეიქნა იმ სარწმუნოების მასწავლებლად, რომლის წინააღმდეგაც იგი აპირებდა გაბრძოლებას.

მისი აპოლოგია "შუამდგომლობა ქრისტიანთა გამო" მი¬მართულია იმპერატორების - კომოდისა და მარკუს ავრელიუსის მიმართ. კომოდი მარკუს ავრელიუსის თანამმართველი იყო 170 წლიდან, ხოლო მარკუს ავრელიუსი გარდაიცვალა 180 წელს. სწორედ ამ პერიოდს მიესადაგება ათენაგორეს აპოლოგიის დაწერის დრო.

მკვლევრები ცდილობენ, კიდევ უფრო დააზუსტონ ამ ტრაქტატის შედგენის დრო. აპოლოგიის დასაწყისში კომოდი და მარკუს ავრელიუსი მოიხსენებიან, როგორც იმპერატორები "სომეხთა და სარმატთა". სარმატთა წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა 175 წლამდე. ანუ ეს ტიტული მათ შეეძლოთ მიეღოთ. მხოლოდ სამხედრო ექსპედიციის დასრულების შემდგომ. შესაძლებელია უფრო დაზუსტდეს დაწერის დრო 180 წლამდე პერიოდშიც. 177 წელს მოხდა ქრისტიანთა დევნა ლიონში. მათ დაწერეს ეპისტოლე, რომელიც გაუგზავნეს აზიისა და ფრიგიის ეკლესიებს. მათში იყო მოთხრობილი იმ ბრალდებების შესახებ, რომლებიც ქრისტიანებს წაუყენეს. კერძოდ, ათეიზმი, უზნეო სერობების მოწყობა და ოიდიპოსის ცოდვა, ანუ ზუსტად ის ბრალდებები, რომლებიც ათენაგორეს აპოლოგიის მიხედვით ქრისტიანთა ტიპურ ბრალდებას წარმოადგენდა და რომლის წინააღმდეგაც ილაშქრებდა იგი იმპერატორების წინაშე. ეს ყოველივე მკვლევრებს საშუალებას აძლევს იფიქრონ, რომ აპოლოგია შედგენილია 177 წელს. ამრიგად, ათენაგორე, რომელიც მოღვაწეობდა იმპერატორების - ადრიანესა და ანტონინეს დროს, რომელთაც გაუგზავნა მან თავისი აპოლოგია ქრისტიანების დასაცავად. ათენაგორემ შეინარჩუნა ფილოსოფოსის მანტია, მაგრამ ამავე დროს რჩებოდა ქრისტიანად.

ბეჭდვა
1კ1