ღირსი კორნილიოს პერეიასლაველი (+1693) - 22 ივლისი (4 აგვისტო)
ღირსი კორნილიოს პერეიასლაველი (+1693) - 22 ივლისი (4 აგვისტო)
ღირსი კორნილიოს პერეიასლაველი, რომლის ხსენებაც აღესრულება ძველი სტილით 22 ივლისს (4 აგვისტოს), დაიბადა რიაზანელი ვაჭრის ოჯახში. ხუთი წელი მორჩილად იყო ლუკიანის უდაბნოში, პერეიასლავთან. შემდეგ გადავიდა პერეიასლავის წმინდა ბორისისა და გლების ტაძარში. ის ბეჯითად და უსიტყვოდ ასრულებდა ყველაფერს, რასაც ავალებდნენ. ტრაპეზობისას არ ჯდებოდა სუფრაზე ძმებთან ერთად - კმაყოფილდებოდა მათი ნასუფრალით, იკვებებოდა კვირაში სამჯერ. ბერობის პერიოდიდან მას საწოლში არ დაუძინია. ძმათაგან ზოგნი დასცინოდნენ წმინდანს, როგორც სალოსს, მაგრამ ის უხმოდ იტანდა დაცინვას და წარემატებოდა ბერულ ღვაწლში. მიიღო იღუმენისაგან კურთხევა და განმარტოვდა სენაკში - დღემუდამ ლოცვასა და მარხვაში მყოფი. მოგვიანებით წმინდანი მედავითნეობდა ტაძარში, შრომობდა სატრაპეზოში, მუშაობდა ბაღში. მისი შრომით მონასტრის ბაღში ხარობდა შესანიშნავი ვაშლის ხე და ის სიყვარულით ურიგებდა ვაშლებს მომსვლელთ; თავისი ხელით ამოთხარა ჭა მონასტრის ძმებისათვის. ღირსი კორნილიოსი 30 წელი ცხოვრობდა სრულ მდუმარებაში და ამ დროს ძმათაგან ყრუ-მუნჯად იყო მიჩნეული. სიკვდილის წინ, 1693 წლის 22 ივლისს აღსარება ჩააბარა სულიერ მოძღვარს, ეზიარა და მიიღო სქემა. დაკრძალეს ეკვდერში. ახალი ტაძრის აგების დროს მისი წმინდა ნაწილები პოვეს უხრწნელად. 1705 წელს წმინდა დიმიტრი როსტოველმა წმინდა ბერის უხრწნელი ნაწილები გადააბრძანა ახალ ტაძარში.

ბეჭდვა
1კ1