ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და იოანე, თანამმარხველი მისი (VI-VII) - 21 ივლისი (3 აგვისტო)
ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და იოანე, თანამმარხველი მისი (VI-VII) - 21 ივლისი (3 აგვისტო)
სვიმეონ სალოსი, რომლის ხსენებასაც ეკლესია ძველი სტილით 21 ივლისს (3 აგვისტოს) აღასრულებს, VI საუკუნეში ქალაქ ედესაში დაიბადა. "სალოსი" ბერძნული სიტყვაა და ქართულად სულელს ნიშნავს. სწორედ ამ სახელს ირქმევენ ადამიანები ღვთის სიყვარულით, უფალს დაფარულად ემსახურებიან და თავიანთ ღვაწლს უფლისა და მოყვა¬სის წინაშე ასე მალავენ. სალოსი უარს ამბობს ყოველგვარ მიწიერ ღირსებასა და პატივზე, რათა სიწმინდეში დაიცვას მთავარი - ღვთის ხატება. სწორედ სალოსობის ეს ჯვარი იტვირთა ღირსმა სვიმეონმა, თუმცა მანამდე გრძელი და რთული ცხოვრების გზა განვლო. სვიმეონი უცოლო იყო და ცხოვრობდა მოხუცებულ დედასთან ერთად. ჰყავდა ბავშვობის მეგობარი იოანე, რომელიც მეუღლესა და მამასთან ერთად ცხოვრობდა. როცა სვიმეონი ოცდაათი წლის გახდა, იოანეს კი ოცდაოთხი წელი შეუსრულდა, გადაწყვიტეს იერუსალიმი მოელოცათ. სიწმინდეთაგან მადლით აღვსილნი მონასტრული ცხოვრების ცეცხლით აღიგზნნენ და აბბა გერასიმეს მონასტერს მიაშურეს. მეგობრები ბერად აღიკვეცნენ. მონასტრის ცხოვრების წესმა მათი სურვილი კიდევ უფრო განამტკიცა და სწორედ ქრისტეს სიყვარულით და ქრისტესთვის თავგანწირვით განმტკიცებულები გაეშურნენ სირიის უდაბნოსკენ და იქ განმარტოვდნენ, მკვდარ ზღვასთან ახლოს. სვიმეონსა და იოანეს მტკიცედ ახსოვდათ აღკვეცისას დადებული აღთქმა. ისინი გამუდმებით ლოცულობდნენ, მკაცრად მარხულობდნენ, შრომობდნენ და ერთმანეთს განამტკიცებდნენ. გარკვეული ხნის შემდეგ მამებს სულიწმიდისგან ეუწყათ, რომ სვიმეონის დედა და იოანეს მეუღლე გარდაიცვალნენ და სასუფევლის ნეტარებას ეზიარნენ. მოსაგრეებმა კიდევ ოცდაცხრა წელი დაყვეს უდაბნოში.

უფლისთვის შევედრებულებს მეგობრობა და თანაცხოვრებაც არაფრად მიაჩნდათ, თუკი უფლის ნებას არ აღასრულებდნენ. სვიმეონს, სულიწმიდის მადლით ეუწყა, რომ წმინდა მოღვაწენი ადამიანების სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ, მაგრამ წმინდა იოანემ ჩათვალა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ამაღლებული უვნებლობის ამ ხარისხამდე და ამიტომ უდაბნოში დარჩენა გადაწყვიტა. სვიმეონი იოანეს გადაწყვეტილებას დათანხმდა და მარტო გაეშურა ქალაქ ემესაში. საოცარი თავმდაბლობის გამო იგი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, ღირსი გაეხადა მოყვასის იმგვარი მსახურებისა, რომ მათგან განდიდება არ დაემსახურებინა. ამის მისაღწევად წმინდა მამამ ქრისტესთვის სალოსობის ღვაწლი ირჩია. ქალაქ ემესაში ჩასული ნეტარი სვიმეონი შეშლილივით იქცეოდა. ასეთი ცხოვრების წესის გამო მრავალთაგან ითმენდა დაცინვას, ლანძღვა-გინებას, გვემას... მაგრამ თავის შეურაცხმყოფელთათვის უამრავ სიკეთეს აკეთებდა: ეშმაკებს განაგდებდა, სნეულებს კურნავდა, ურწმუნოებს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცევდა, უეცარი სიკვდილისაგან იცავდა განსაცდელში ჩავარდნილთ, ცოდვილებს სინანულისკენ მოუწოდებდა, წმინდა წერილს ქადაგებდა... გამოგონილი სისულელის საფარით აღსრულებული ამ სასწაულებისა და სიკეთეების სანაცვლოდ არც ქებას ღებუ¬ლობდა და არც მადლიერ სიტყვას. ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც წმინდა სვიმეონი არ თამაშობდა სულელის როლს, იყო მისი ბავშვობის მეგობარი იოანე. თუ უდაბნოში, მამა იოანესთან ემესის მკვიდრთაგან ჩავიდოდა ვინმე რჩევა-დარიგების სათხოვნელად, იგი სალოს სვიმეონთან გზავნიდა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე სვიმეონი ქალაქიდან გაუჩინარდა. ემესელმა მდაბიოებმა, რომლებიც მეგობრობდნენ წმინდანთან, ქოხში მიაკითხეს - სვიმეონი გარდაცვლილიყო. ამავე მდაბიოებმა მიაგეს უკანასკნელი პატივი უფლის სათნომყოფელს: საეკლესიო გალობის გარეშე წაასვენეს. იგი მწირთა და უსახლკაროთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ეს მოხდა დაახლოებით 570 წელს. სვიმეონის გარდაცვალებიდან სულ მალე, უდაბნოში, ღირსმა იოანემაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
.............................

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა სვიმონმა კაცთა დაფარული ცოდვები იცოდა
ბეჭდვა
1კ1