წმინდა სტეფანე ლაზარეს ძე, დესპოტი სერბეთისა (+1427) - 19 ივლისი (1 აგვისტო)
წმინდა სტეფანე ლაზარეს ძე, დესპოტი სერბეთისა (+1427) - 19 ივლისი (1 აგვისტო)
წმინდა სტეფანე უფროსი ვაჟი იყო სერბეთის მთავრის, წმინდა დიდმოწამე ლაზარესი და წმინდა მილიცასი. მას მერე, რაც მამამისი კოსოვოს ველზე ბრძოლაში დაეცა, სტეფანე 1389 წელს სერბეთის მთავარი გახდა. ამ დროს ის იძულებული იყო, თურქეთის სულთნის ვასალად ეღიარებინა თავი, მაგრამ ცდილობდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებასა და სერბული მიწების გაერთიანებას.

ცდილობდა რა თურქეთის უღლისგან გათავისუფლებას, მან კავშირი შეკრა უნგრეთის მეფესთან, და მიაღწია იმას, რომ სერბეთზე უნგრეთის ფაქტიური პროტექტორატის აღიარების ფასად, ქალაქი ბელგრადი დაათმობინა, რომელიც თავისი სახელმწიფოს დედაქალაქად აქცია.

1402 წელს მან თურქთაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და დესპოტის ტიტული მიიღო. 1426 წელს სტეფანეს ხელისუფლება მუკაჩევის დომინიონამდე გაფართოვდა, სადაც ის ქრისტიანობას მფარველობდა. მან შეძლო ხელსაყრელი ურთიერთობა ჰქონოდა, როგორც თურქებთან, ისე უნგრელებთან, მან თავი გამოიჩინა, როგორც გამოცდილმა დიპლომატმა და მეომარმა. მან შეძლო და ქვეყანა დანგრევას გადაარჩინა და თავისი სამეფოს საზღვრები საგრძნობლად გააფართოვა. ასევე განავითარა ეკონომიკა, განსაკუთრებით მადნის მოპოვება; მის დროს განვითარდა მწიგნობრობა. იგი გულმოდგინედ აშენებდა ტაძრებს - მისი აშენებულია მანასიას, რუდენიციას, კოპორინის, ვალუჯეს მონასტრები, ბელგრადის ეკლესია. სამეფო სალაროდან ეხმარებოდა გაჭირვებულ დამონებულ თანატომელებს.

წმინდა სტეფანე მშვიდობით აღესრულა 1427 წლის 19 ივლისს. წმინდა სტეფანეს ცხოვრება აღწერა მისმა თანამედროვემ კონსტანტინე ფილოსოფოსმა, მას მერე, რაც მას თვითონ წმინდანი გამოეცხადა და თავისი ცხოვრების აღწერა უბრძანა. სერბები ძველთაგანვე პატივს მიაგებდნენ თავიანთ წმინდა მეფეს, ხოლო მისი კანონიზაცია 1927 წელს მოხდა პატრიარქ დიმიტრის მიერ.

ბეჭდვა
1კ1