ღირსი დიოკლე - 19 ივლისი (1 აგვისტო)
ღირსი დიოკლე - 19 ივლისი (1 აგვისტო)
პალადიოსის "ლავსაიკონის" მიხედვით ღირსი დიოკლე თავდაპირველად ვაჭარი იყო, შემდეგ ვაჭრობა მიატოვა და ფილოსოფოსი გახდა. შეისწავლა ფილოსოფია და რიტორიკა. სიბრძნისმოყვარეობამ იგი ზეცისკენ მისდრიკა. როცა ოცდარვა წელი შეუსრულდა, საერო სიბრძნეს განეშორა და საღვთო სიბრძნეს ეზიარა. დატოვა ყველაფერი და თებაიდის ერთ მღვიმეში დაეყუდა, სადაც ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრა და გონებით ქრისტესთან იყო შეერთებული.

ის ამბობდა: "გონება, რომელიც საღვთო ხედვას მოშორდება, ან ეშმაკი გახდება, ან პირუტყვი". და იქვე განმარტავდა: "ღვთის ხედვისაგან განშორებული კაცის გონებას ან გულისთქმის ეშმაკი დაეპატრონება და სიძვის ვნებაში ჩააგდებს, ან მრისხანების სული, რომელიც ადამიანს უგუნურებით ეშმაკს მიამსგავსებს". პირველ ვნებას ღირსმა დიოკლემ პირუტყვული უწოდა, მეორეს კი ეშმაკეული.

როცა მას ჰკითხეს:

- როგორ შეუძლია ადამიანს, რომ გონებით მუდმივად ღმერთთან იყოს?

მან უპასუხა:

- თუკი ადამიანი ფიქრითა და საქმით კეთილმსახურია და საღვთო ფიქრებითაა ავსებული, იგი მუდამ უფალთან არის.

ბეჭდვა
1კ1