ღირსი მამა დიო (+დაახლ. 430) - 19 ივლისი (1 აგვისტო)
ღირსი მამა დიო (+დაახლ. 430) - 19 ივლისი (1 აგვისტო)
ღირსი მამა დიო სირიის ანტიოქიაში დაიბადა ქრისტიანთა ოჯახში. მშობლებმა ის ღვთისმოშიშებით გაზარდეს. სიჭაბუკეშივე იტვირთა მმარხველობის ღვაწლი და მონაზვნურ ცხოვრებაში ღვთივსულიერი მამებისაგან დამოძღვრილი ბევრს ებრძოდა უხილავ მტერს, ეშმაკს და სძლია მოუკლებელი ლოცვით. ხოლო საკუთარი სხეული კი მარხვით, მღვიძარებით, და სხვადასხვანაირი ღვაწლით დაიმორჩილა. ძალზე ცოტას ჭამდა, ხან დღეგამოშვებით, ხან ორი დღის მერე, ხანაც კვირაში ერთხელ. ამგვარად მან უვნებო ცხოვრების უმაღლეს საფეხურს მიაღწია და სულიწმიდის წმინდა ჭურჭელი შეიქმნა. მასზე ღვთის მადლმა დაივანა და, სიტყვით და საქმით ძლიერი კაცი სასწაულებს ახდენდა, მრავალს ცხონების გზას ასწავლიდა და მისით იდიდებოდა ზეციური მამა. მან დიდხანს იცხოვრა ანტიოქიაში, შემდეგ კი ღმერთმა უბრძანა კონსტანტინოპოლში წასულიყო და იქ მეტი სიკეთე მოეტანა ადამიანებისთვის. ხილვა თავიდან არ დაიჯერა, ეშინოდა, ვაითუ ეშმაკის მახეში გავებაო. მაგრამ, როცა ხილვა გამეორდა და მას აჩვენეს კონსტანტინოპოლი, რომელიც მანამდე არ ენახა. მაშინ დამორჩილდა ღვთის ნებას, დატოვა ანტიოქია და კონსტანტინოპოლში ჩავიდა. მან ქალაქგარეთ ერთი უდაბნო იპოვა, სადაც ადრე წარმართული სასაფლაო იყო და ბევრი ეშმაკი ბინადრობდა, ხალხს მის გვერდით ჩავლისაც კი ეშინოდა. ღირს დიოს იქაურობა მოეწონა, შეიჭურვა პატიოსანი ჯვრის ნიშითა და ლოცვით, დასახლდა და იქ თავისთვის ერთი პატარა ქოხი აიშენა. შეუძლებელია აღწერა იმ განსაცდელებისა, რაც მას ეშმაკებმა შეამთხვიეს, მაგრამ ზეციური მეუფის მხნე მეომარი იესოს სახელის მოხმობით მხნედ ეწინააღმდეგებოდა მათ. მაგრამ არ იცოდა იმ ადგილას ცხოვრება ღვთის ნება იყო თუ არა. ამისთვის ღმერთს სამჯერ შეევედრა და შემდეგ აიღო თავისი გამხმარი კვერთხი, მიწაში ჩაარჭო და თქვა:

- სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა! თუ ეს კვერთხი აქ ფესვებს გაიდგამს, მაშინ მეც აქ დავრჩები

ღმერთმა შეისმინა ნეტარის ვედრება: კვერთხმა ფესვები გაიდგა, აღორძინდა და თანდათან იქცა უზარმაზარ მუხად, რომელიც ღირსი დიოს მიცვალების შემდეგაც დიდხანს იდგა და უფლის ყოვლისშემძლეობასა და წმინდანის ღვთივრჩეულობას მოწმობდა. მიხვდა რა წმინდანი, რომ ღვთის ნება იყო მას ამ ადგილას ეღვაწა, უფრო დიდი ბრძოლა გაუმართა ეშმაკებს, საბოლოოდ სძლია მათ და განდევნა. თავისი ლოცვით განწმინდა იქაურობა და ანგელოზივით დღე და ღამ ადიდებდა ღმერთს. შემდეგ მის შესახებ შეიტყვეს გარშემო მცხოვრებმა მოსახლეობამ. ჯერ გაოცებულები შორიდან უცქერდნენ, ასეთ ადგილას როგორ დასახლდაო. შემდეგ უკვე იწყეს მასთან მისვლა. როცა ნახეს, რომ ბერს კელიაში არაფერი ჰქონდა, მაშინ ყოველივე აუცილებელს, რაც ცხოვრებისთვის საჭირო იყო, მიართმევდნენ. წმინდა დიო მათ ღვთის სიტყვით დააპურებდა, შემდეგ კი მათ ხორცზეც იზრუნებდა, სხვების მორთმეულ საკვებს შესთავაზებდა. მრავალ გლახაკსა და მწირს დააპურებდა. მაგრამ, მომსვლელები მას მერე გამრავლდა, რაც წმინდანის ლოცვით ადამიანები განიკურნენ, როგორც ხორციელი, ისე სულიერი სნეულებებისგან. ხალხის ხორციელ სნეულებებს სამკურნალო მალამოდ ლოცვას დაადებდა, ხოლო მათ სულიერ წყლულებს სასარგებლო სწავლებით გადაუხვევდა, და ისინი სინანულში მოჰყავდა.

წმინდა დიოს შესახებ ხმამ იმპერატორ თეოდოსი - უმცროსამდე (408-450) მიაღწია და იგი კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ატიკესთან (406-425) ერთად ჩავიდა წმინდანთან ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. იმპერატორი გააოცა ღირსი მამის ცხოვრების წესმა, მისმა უპოვრებამ, სულისმარგებელმა საუბარმა, და გამხმარმა კვერთხმა, რომელიც გაიფურჩქნა, და დიდ ხედ გადაიქცა და მან მოისურვა, რომ ნეტარი მამის მოღვაწეობის ადგილას მონასტერი მოეწყოთ და მის ასაგებად სახსრებიც გაიღო. პატრიარქმა ღირსი დიო ძლივს დაითანხმა, მღვდლად აკურთხა და იღუმენად დაადგინა. მალე წმინდანის ირგვლივ მრავალრიცხოვანი საძმო შეიკრიბა. მაგრამ მონასტერს წყალი არ ჰყოფნიდა და შორიდან მოჰქონდა. ამიტომაც ძმებმა ღირს მამას სთხოვეს და ჭის თხრას შეუდგნენ, დიდხანს თხარეს, მაგრამ წყალი ვერ ნახეს. უკვე სასოწარკვეთილებმა მუშაობა შეწყვიტეს. მოვიდა ღირსი დიო, აიღო ბარი, ჩაჯდა კალათაში და ძმებს უბრძანა, ჭაში ჩაეშვათ. ნახევრამდე რომ ჩავიდნენ. ღირსმა დიომ შეჩერება ანიშნა. შემდეგ კი ბარით ჭის კედელს სამჯერ დაჰკრა და წმინდა სამების სახელით წყლის გამოცემა უბრძანა. მართლაც, იმდენი წყალი წამოვიდა, რომ ძლივს მოასწრეს ჭის ფსკერზე მომუშავე ხალხის ამოყვანა. ერთმა მუშამ, რომელიც ზემოთ იყო დარჩენილი, ღვთის სასწაული წმინდანის ჯადოქრობას მიაწერა და დაისაჯა კიდეც უფლისგან, ჭაში ჩავარდა და დაიხრჩო. ამ დროს ცოლი მოვარდა და ღირს დიოს ჩხუბი დაუწყო. წმინდანმა მხოლოდ ის უთხრა: მოიცადე, დედაკაცო, წაიყვან შენ ქმარს. წმინდანის ბრძანებით, მოძებნეს ჭაში დამხრჩვალი კაცი. ღირსი დიო მივიდა გარდაცვლილთან, გულმხურვალედ ევედრა უფალს მისთვის, მერე კი ხელი მოჰკიდა კაცს, ცოცხალი წამოაყენა და ცოლს გააყოლა. შინ შევიდნენ თუ არა, კაცი დაეცა მიწაზე და ისევ მოკვდა. ქალს შეეშინდა, რომ ღმერთს ისიც არ დაესაჯა ღვთის წმინდანის შეურაცხყოფისთვის, ტირილით მივიდა მონასტერში, ჩაუვარდა ღირს დიოს მუხლებში და უთხრა:

- პატიოსანო მამაო, ჩემი ქმარი, რომელიც შენი ლოცვებით ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა, ჩემი ცოდვების გამო კვლავ მოკვდა.

ღირსმა მამამ დაარწმუნა დარჩენილი ცხოვრება სინანულში და ცოდვებზე ტირილში გაეტარებინა, ხოლო ძმებს უბრძანა, იმ ქალის ქმარი ჩველებრივად გაეპატიოსნებინათ და დაეკრძალათ.

ბევრ სხვა სასწაულსაც აღასრულებდა უფალი თავისი რჩეულის, ღირსი დიოს ხელით.

ღირსმა მამამ დიდხანს იცოცხლა. ღრმა მოხუცებულობაში ნეტარი მძიმედ დაავადდა. როცა ძალები სრულიად გამოეცალა, ის გამოემშვიდობა საძმოს, ეზიარა ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე, სულის ამოხდომასღა ელოდა. უწმინდესი პატრიარქი ატიკე და კონსტანტინოპოლში სტუმრად მყოფი ანტიოქიელი მღვდელმთავარი ალექსანდრე, და კონსტანტინოპოლის დიდებული საერო და სასულიერო პირები, მონასტერში მივიდნენ ღირსი მამის დასაკრძალავად, მაგრამ უეცრად სულთმობრძავი მხნედ წამოდგა და განაცხადა, რომ უფალმა კიდევ თხუთმეტი წლის სიცოცხლე უბოძა. მართლაც, სრულიად გამოჯანმრთელდა და ყველა გაახარა, რამეთუ მისი ლოცვა და ბრძნული სიტყვა ყველას სჭირდებოდა. თხუთმეტი წელი დიდ მარხვასა და ღვაწლში გაატარა. ერთხელაც საკურთხეველში შესულმა ნათლით მოსილი კაცი იხილა, რომელმაც მას უთხრა:

- დასრულდა შენი ცხოვრების ჟამი და დადგა დრო, როცა დაუსრულებელ სიცოცხლეში უნდა გადახვიდე; მოემზადე ხორცის განსაშორებლად და უფალთან შესახვედრად.

ღირმა მამამ მადლობა შესწირა უფალს გაფრთხილებისთვის, შემდეგ კი მოუხმო ძმებს, უკანასკნელად დამოძღვრა, აკურთხა, დაემშვიდობა ყველას, ამ დროს მან უფლის ანგელოზი იხილა, რომელსაც სიხარულით ჩააბარა სული თვისი და წარვიდა უფალთან. წმინდა დიო დაახლოებით 430 წელს გარდაიცვალა. თუმცა ბევრს სურდა წმინდანის ცხედრის კონსტანტინოპოლში გადასვენება, მაგრამ ვერ გაბედეს წმინდანის ანდერძის დარღვევა და მისსავე აშენებულ მონასტერში დაკრძალეს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1