წმინდა იოანე მრავალვნებული, მღვიმელი (+1160) - 18 ივლისი (31 ივლისი)
წმინდა იოანე მრავალვნებული, მღვიმელი (+1160) - 18 ივლისი (31 ივლისი)
წმინდა იოანე მოღვაწეობდა XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში, წმინდა ანტონის მღვიმეში. ერთხელ მასთან ბერი მივიდა, რომელსაც მონასტრის დატოვება სურდა სიძვის ფიქრების გამო. ღირსმა იოანემ მას სანუგეშოდ თავისი ცხოვრება მოუთხრო: "ამ წმინდა მონასტერში მოსულს სიძვის ბრძოლები გამიჩნდა. ხან ორ-სამ დღეს, ხანაც მთელი კვირა საჭმელზე უარს ვამბობდი და ღამეებს ლოცვაში ვათენებდი, მაგრამ არაფერი მშველოდა. სამი წელი ვიტანჯებოდი და ბოლოს, მამა ანტონის მღვიმეში მოვედი, რომ განმარტოებით მელოცა. ამ დროს თითქოს წმინდანის ხმა გავიგონე, რომელმაც მიბრძანა, აქ დავყუდებულიყავი, რათა მტრის მახისაგან გავთავისუფლებულიყავი. და მეც დავრჩი.

გავიდა ოცდაათი წელი და მხოლოდ ბოლო დროს ვპოვე სიმშვიდე. მთელი ეს წლები არ ვწყვეტდი მარხვითა და ღამისთევის ლოცვებით არაწმინდა გულისთქმების წინააღმდეგ ბრძოლას. ჯაჭვებით დაფარული ჩემი შიშველი სხეული მოვაუძლურე სიცივითა და წვიმით, მაგრამ ეს ასკეზაც არ იყო საკმარისი.

ერთხელაც, როცა დიდმარხვა მოახლოვდა, წმინდა ანტონის საფლავის სიახლოვეს, ქვიშიან ნიადაგში, ორმო ამოვთხარე და შიგ საკუთარი თავი დავიმარხე ისე, რომ ხელები და თავი მიჩანდა მხოლოდ. შეუძვრელად ვიდექი მთელი მარხვა და დავითმენდი დემონის საშინელ თავდასხმებს. ფეხები დამიმძიმდა, მეგონა ძვლები მტყდებოდა. საშინლად დავიწვი, მაგრამ სულში სიმსუბუქე იყო და ის არაწმინდებისგან თავდახსნილი ხარობდა. და მე სიკვდილი მიჯობდა, ამ ორმოდან ამოსვლასა და ეშმაკის საკბილოდ გახდომას.

ვნების კვირეულის დადგომისთანავე ჩემთან საშინელი ცეცხლისმფრქვეველი გველი მოვიდა და ჯვრის ნიშით განვიოტე. მაგრამ მისი თავდასხმები მთელი კვირა გრძელდებოდა. ქრისტეს აღდგომის ღამეს ჩემკენ წამოვიდა, გააღო ხახა და ცეცხლით წვერი და თმა მომიწვა - მას მერე ასე გამოვიყურები. და საცაა, გადამყლაპავდა, რომ მთელი ხმით უფალს მოვუხმე. იმ წამსვე კაშკაშა ნათელმა მღვიმე გაანათა და გველი გაქრა. ღვთის წყალობით მე ის აღარ მინახავს. ამ დროს გავიგონე ხმა: "იოანე, შენ ღმერთი შეგეწია, გაფრთხილდი, რომ უფრო მეტად არ გაიტანჯო მომავალ საუკუნეში". მე უფალს ვკითხე, ამდენ ხანს რატომ შემატოვა ეშმაკს სატანველად და მან მიპასუხა: "შენი მოთმინებისამებრ გამოგეგზავნა ეს განსაცდელი, შენ კი განსაცდელების ცეცხლის გამოვლით ჩემ წინაშე განწმენდილი წარდექი, ვითარცა ოქრო ცეცხლისგან განწმენდილი". უფალმა მიბრძანა მოსე შავისთვის მიმემართა ლოცვით, რათა ყოველგვარი ხორციელი საცთურისგან გავთავისუფლებულიყავი. როგორც კი ამ წმინდანს მოვუხმე, იმწამსვე ენით აუწერელი კაშკაშა სინათლე გარს შემომერტყა და ის ჩემთან დარჩა, ამიტომაც კელიის გასანათებლად სანთელი არა მჭირდება". საუბრის დასასრულს ბერი მან კვლავ გაამხნევა და ღირსი მოსე შავის წმინდა ნაწილი გადასცა, ძმა ეამბორა თუ არა სიწმინდეს, უმალ გათავისუფლდა ხორციელი მხურვალებისგან.

ცოტათი მოგვიანებით, 1160 წლის 18 ივლისს, წმინდა იოანე მშვიდობით აღესრულა. ის იმავე ორმოში დაკრძალეს, სადაც ადრე არაწმინდა გულისთქმებს ერკინებოდა. ღირსი მამის საფლავი კი კურნებათა წყაროდ იქცა.

ბეჭდვა
1კ1