წმინდა იულიანე კენომანიელი (I) - 13 (26) ივლისი
წმინდა იულიანე კენომანიელი (I) - 13 (26) ივლისი
წმინდა იულიანე (მას ზოგიერთები აიგივებენ მათეს სახარებაში მოხსენიებულ სვიმონ კეთროვანთან (მათე 26,6), რომელსაც ნათლისღების შემდეგ იულიანე ეწოდა) წმინდა პეტრე მოციქულმა ეპისკოპოსად აკურთხა და ღვთის სიტყვის საქადაგებლად გალიაში გააგზავნა. კენომანიის (დღევანდელი იტალიის ჩრდილოეთით მდებარეობდა, მდინარე პოს აუზში) რომელიღაც ქალაქში (სავარაუდოდ ქალაქ კრემონაში) ჩავიდა და იქ ერთ პატარა ქოხში დასახლდა. წმინდანი დიდი გულმოდგინებით შეუდგა ქადაგებას. წარმართები თავიდან უნდობლობით შეხვდნენ, მაგრამ მერე წმინდანის მოხდენილმა დიდებულმა სასწაულებმა მათ გულებში რწმენა გააჩინა და მრავალი მოინათლა კიდეც. იმ ადგილას, სადაც წმინდანი ცხოვრობდა, წყალი უჭირდათ. წმინდანმა კვერთხი მიწაში ჩაარჭო და იქიდან წმინდა იულიანეს ლოცვით წყარო ამოჩუხჩუხდა და მრავალი ადამიანი დაარწყულა. ამ წყაროს წყალს კურნების მადლი მიეცა.

ეს ამბები რომ შეიტყო, ერთხელ ადგილობრივმა წარმართმა მთავარმა ეპისკოპოსი თავისთან მიიპატიჟა. ნეტარ მამას შეებრალა სასახლის კარიბჭესთან მჯდომი ბრმა, ილოცა მისთვის და თვალები აუხილა. როცა წმინდანთან შესაგებებლად გამოსულმა დიდებულმა მასპინძელმა ამის შესახებ შეიტყო, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდა იულიანეს და მონათვლა სთხოვა. მღვდელმთავარმა კათაკმევლებად დაადგინა ის და მთელი მისი სახლეულობა, სამდღიანი მარხვა დაუწესა, შემდეგ კი ნათლობის საიდუმლოც აღასრულა. მთავრის მაგალითს მისი ქვეშევრდომების უმეტესობამაც მიბაძა და ქრისტეს შეუდგა. ახალმოქცეულმა ხელისუფალმა ეკლესიის მოსაწყობად საკუთარი სასახლე შესწირა და საჭირო სახსრებითაც უზრუნველყო. წმინდა იულიანე ბევრს ზრუნავდა თავის სამწყსოზე, მის სულიერ განათლებაზე და ასევე მათ სნეულებებისგანაც კურნავდა. წმინდანი დიდად თანაუგრძნობდა იმ მშობლებს, რომელთაც შვილები გარდაეცვალნენ და ღმერთს მხურვალედ შესთხოვდნენ მათთვის სიცოცხლის დაბრუნებას. წმინდა იულიანეს ლოცვით რამდენიმე ადამიანი გაცოცხლდა კიდეც. მრავალი ადამიანი წმინდანმა სულიერადაც გააცოცხლა. კენომანიის მხარეში მან წარმართობა მოსპო. წმინდა იულიანე ღრმადმოხუცებული გარდაიცვალა.


ხატის წყარო



ბეჭდვა
1კ1