ღირსი არსენი ნოვგოროდელი, სალოსი (+1570) ) - 12 (25) ივლისი
ღირსი არსენი ნოვგოროდელი, სალოსი (+1570) ) - 12 (25) ივლისი
წმინდა არსენი (ერისკაცობაში - ამბროსი) დაიბადა ტვერის მიწაზე, ქალაქ რჟევ-ვლადიმიროვში. ის კარგად, ქრისტიანულად აღზარდეს, ღვთის შიში ჩაუდეს გულში. მამამ შვილს ტყავის დამუშავება და შეკერვა ასწავლა. ფიზიკური შრომის გარდა, ვაჟი ყოველდღიურად ესწრებოდა ღვთისმსახურებას. მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ დაქორწინება აიძულა. თუმცა, ამბროსის მანამდეც მონაზვნობა სურდა და ქორწინებიდან ექვსი თვის შემდეგ დაუტევა, ცოლი, დედა, ოჯახი, ბოდიშის წერილი დაუტოვა და ქალაქ ნოვგოროდში გადასახლდა.

ამბროსიმ ნოვგოროდშიც განაგრძო მეტყავეობა, ამასთან დაფარულად მარხულობდა და ლოცულობდა. მისი მოსაგრე ცხოვრების შესახებ შეიტყო, ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა, თეოდორე სირკოვმა, რომელიც ტაძრებს და მონასტრებს აშენებდა და მას ეკლესიისა და სავანის აშენება შესთავაზა. მართლაც 1562 წელს ამბროსი არსენის სახელით მონაზვნად აღიკვეცა და ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი დააარსა.

წმინდა არსენი ასკეტურად ცხოვრობდა, ტანზე ჯაჭვები ჰქონდა შემოხვეული, რომელსაც, გლახაკიც რომ უარს იტყოდა, ისეთი სამოსით იფარავდა. ამის გამო მას ქალაქში ზოგი სულელად, ზოგიც ქრისტესთვის სულელად თვლიდა. მაგრამ წმინდა არსენს ეს არ ანაღვლებდა, გონებით ღვთისკენ მიქცეული, განუწყვეტლივ ლოცულობდა და თვალთაგან მუდმივად ცრემლი სდიოდა. სიცოცხლის ბოლოს თავის მონასტერში დაეყუდა. მან არ მიიღო იოანე მრისხანეს ძღვენი, რომელმაც მანამდე ათასობით ნოვგოროდელი სიკვდილით დასაჯა. რაღაც დროის შემდეგ ვიდრე ფსკოვში წავიდოდა, ივანე მრისხანემ წმინდა არსენი მოინახულა. "ხვალე, მეფეო მეც მზად ვიქნები გასამგზავრებლად". ნათქვამმა გაახარა მეფე, იფიქრა, წმინდანი ფსკოვში გამომყვებაო. თუმცა წმინდა არსენი მეორე დღეს წმინდა ზიარების მიღების შემდეგ ღვთის სასუფეველში გადასახლდა. ეს მოხდა 1570 წლის 12 ივლისს. შემდგომში წმინდა არსენის საფლავის გახსნისას მისი წმინდა სხეული უხრწნელი აღმოაჩინეს.

ბეჭდვა
1კ1